პოლიტიკა

პრეზიდენტი: ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გზა გაუხსნა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს

28.01.20 17:40


საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, არის გამოწვევები.

"მე, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტი, ამ მიდგომის საილუსტრაციოდ გამონაკლისს არ წარმოვადგენ. საქართველოს ქალები მრავალი საუკუნის წინ მართავდნენ.

1921 წლის კონსტიტუცია კი უკვე უზრუნველყოფდა ქალისა და მამაკაცის თანაბარ აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებას. დამფუძნებელ კრებაში 5 ქალი მონაწილეობდა, მათ შორის იყო პირველი მუსლიმი ქალი.

მე მაინც ვალდებული ვარ, არ დავკმაყოფილდე დღევანდელი მდგომარეობით - როდესაც მთავრობის ნახევარი და ორი ვიცე-პრემიერი ქალია - და მიმაჩნია, რომ მეტი გვაქვს გასაკეთებელი. ჩემი პირადი ვალდებულებაა, ხელი შევუწყო ქალისა და კაცის თანაბარ მოპყრობასა და შესაძლებლობებს საზოგადოების ყველა დონეზე, საქართველოს ყველა კუთხეში. სამწუხაროდ, ოჯახში თუ სხვაგან ქალების ძალადობისგან დაცვის საჭიროება ახალ გამოწვევად ჩამოყალიბდა. დიდმა სოციალურმა ცვლილებებმა, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გზა გაუხსნა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს. სტამბოლის კონვენცია ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და, რაც მნიშვნელოვანია, მოძალადის პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს აწესებს. მის უპირობო განხორციელებას ჩემს პასუხისმგებლობად მივიჩნევ.

2019 წელს საქართველომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო.

ვამაყობ, რომ საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც თანასწორობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და შემოიღეს სექსუალური შევიწროების განსაზღვრება და ამ ქმედების აკრძალვა. მართალია, საზოგადოებას ერთგვარად უჭირს ამ პირობების აღიარება, მაგრამ უფრო მეტმა ადამიანმა გაიაზრა თავისი უფლებები, განსაკუთრებით - სამსახურში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები