პოლიტიკა

გახარია სომხეთ-აზერბაიჯანის წარმომადგენლებს საქართველოში დიალოგის გამართვას სთავაზობს

30.09.20 15:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირებას ეხმაურება.

 

როგორც პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო მოუწოდებს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს, მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

 

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის დამყარებას და დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

 

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

 

კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

 

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

 

ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

 

ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში.

საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში“,- აღნიშნულია გიორგი გახარიას განცხადებაში.

 

ინფორმაციისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო. სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

2016 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიაში ეს ყველაზე მწვავე ესკალაციაა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები