პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - ჩვენი ტერიტორიებითა და სიწმინდეებით პოლიტიკური თამაშის უფლება არავის აქვს

30.09.20 16:00


წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცამ საკუთარი სამშობლოს ინტერესები გაყიდა? დამბრალებელსაც უნდა ვაგებინოთ პასუხი, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, – ასე ეხმაურება დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის გუშინდელ განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

 

მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, უნდა შეიქმნას დიდი საზოგადოებრივი საბჭო, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა.

 

„ნულოვანი ნდობა მაქვს რუსეთის მოქალაქე გახარიასთან მიმართებაში, არ ვიცი, რა დავალება მიიღო მან მოსკოვიდან საკუთარი პრემიერობის ბოლო თვის მანძილზე, არ ვენდობი არც ერთ განცხადებას, რომელსაც აკეთებს ის და უსუსური ზალკალიანი.

ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. თემა ეხება ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენს სიწმინდეებს, რითაც პოლიტიკური თამაშის უფლება არავის აქვს. თავიდანვე, როცა ეს თემა წამოვიდა ვთქვი, რომ შეიქმნას დიდი საზოგადოებრივი საბჭო, სადაც ჩვენც უნდა შევიდეთ, ოპოზიციის წარმომადგენლები და ყველაფერს გავეცნოთ. ფარსი და აბსურდია, რასაც ისინი საუბრობენ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცამ საკუთარი სამშობლოს ინტერესები გაყიდა? ამაზე მეტი დანაშაული არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსშიც კი, ამიტომ დამბრალებელსაც უნდა ვაგებინოთ პასუხი.

პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

 

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

 

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სქტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები