პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დროებით ლეგალურად დასაქმდებიან – შეთანხმება დღეს ფორმდება

30.09.20 16:20


საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში დამხმარე პერსონალად დროებით დასაქმება ლეგალურად შეეძლებათ.

საქართველოში ისრაელის საელჩოს ცნობით, დღეს, 30 სექტემბერს, იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ, გაბი აშკენაზსა და საქართველოს ელჩს ისრაელში, ლაშა ჟვანიას მიერ ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების შესახებ.

 

ხოლო ხვალ, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი ხელს მოაწერენ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის პროტოკოლს თბილისში.

 

„ორივე დოკუმენტი შექმნილია საქართველოდან ასობით დამხმარე მუშაკის შერჩევისა და დროებითი დასაქმების ხელშესაწყობად ისრაელის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებებისა და/ან შეზღუდული (ფიზიკურად ან კოგნიტურად) შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან.

 

დიპლომატების, საჯარო მოხელეების, იურისტებისა და ექსპერტების გუნდი ორივე ქვეყნის სამთავრობო უწყებებიდან დაუღალავად მუშაობდნენ ბოლო თვეების განმავლობაში, რათა შერჩევის, ტრენინგისა და დასაქმების სისტემა ყოფილიყო სამართლიანი, ეფექტური და ქმედითი. მთლიანი პროცესის განხორციელება, მონიტორინგი და ზედამხედველობა იწარმოებს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ, ორივე მხარის იურისდიქციასთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად,“ –  ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში .

საელჩოს ცნობით საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით.

„ეს ფაქტი ასახავს როგორც ღრმა მეგობრულ კავშირს ორ ერს, ასევე შესანიშნავ საქმიან ურთიერთობას ჩვენი ქვეყნების მთავრობებსა და საელჩოებს შორის,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები