პოლიტიკა

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარებმა ხმების დაცვაზე მემორანდუმს ხელი მოაწერეს

01.10.20 13:00


დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ხმების დაცვისა და დარღვევების შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

 

შეთანხმებას უერთდებიან დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე, “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი” – გედევან ფოფხაძის შტაბის უფროსი მირიან ნიკოლაძე, გაერთიანებული ოპოზიცია – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, “თავისუფალი საქართველო” – თენგიზ ომანიძე, “გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია” – თამარ ჭიჭინაძე, პატრიოტთა ალიანსი – არჩილ ბენიძე, “რეფორმერი” – დავით შალუტაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი ქაჯაია:

 

“ჩვენი ქვეყნის მომავალის ფორმირება და გადაწყვეტილების მიღება მოხდება საარჩევნო უბნებზე. შესაბამისად, დღეს, სხვადასხვა პარტიისა და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ერთ ოლქში, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მსოფლმხედველობებისა და ფასეულობებისა, ვერთიანდებით ერთი ამოცანის ირგვლივ. ეს არის ის, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის ნება აღსრულდეს. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ფაქტი ამომრჩეველთა ცენზურის და დაშინების.

 

ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ იქნება არაერთი მცდელობა, რომ ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს ვერ გამოხატოს თავისი თავისუფალი ნება. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ფასეულობების და შეხედულებების პოლიტიკოსები პირველად საქართველოს ისტორიაში, ერთ ოლქში შევიკრიბეთ და ვერთიანდებით, რომ გავცვლით ინფორმაციას და ინფორმაციის გაცვლის შედეგად მოვახდენთ ქმედებების კოორდინირებას, რათა დავიცვათ ამომრჩევლის ნება”,- აღნიშნა ანა დოლიძემ.

 

მემორანდუმის ხელმომწერები აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში სიძულვილზე, დაშინებაზე, შანტაჟზე, პროვოკაციაზე, სახელმწიფო რესურსის უკანონოდ გამოყენების და სხვა მავნე პოლიტიკური ბრძოლის წესებზე დანერგილი საარჩევნო კამპანია ანგრგრევს საზოგადოებას და ქვეყანას უკარგავს დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობას.

 

მათი თქმით, ხალხის დაკვეთა ახალი პოლიტიკური დღის წესრიგია და მთავარი გამოწვევა თითოეული ხმის დაცვაა:

 

“ამიტომ, ჩვენ, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატები, ვთანხმდებით: 2020 საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში უკანონობის გამოვლენის შემთხვევაში დავიცავთ როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი კონკურენტი მაჟორიტარი კანდიდატების უფლებებს; დარღვევების შესახებ მოვახდენ ინფორმაციის გაცვლას; შევიმუშავებთ თანამშრომლობის კონკრეტულ მექანიზმებს  ჩვენი  და სხვა კანდიდატების ამომრჩევლების ხმების დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად.

 

ამ პრინციპების აღსასრულებლად, ერთობლივი ძალით ვიმუშავებთ და გამოვიყენებთ, როგორც ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ შესაძლებლობებს, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციებს და სადამკვირვებლო მისიებს, რომელთა ერთ-ერთი რჩევა და რეკომენდაცია ქვეყნის განვითარებისთვის, არჩევნების დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარებაა” – აცხადებენ ხელმომწერები.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები