პოლიტიკა

ისრაელში დროებით ლეგალურად დასაქმების მემორანდუმს ხელი მოეწერა

01.10.20 16:00


ჯანდაცვის მინისტრმა და ისრაელის ელჩმა საქართველოში მემორანდუმი გააფორმეს, რომლითაც სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში დროებით დასაქმება ლეგალურად შეეძლებათ.

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განმარტებით, როგორ და რა პირობებით შეეძლებათ მოქალაქეები ისრაელში ლეგალურ დასაქმება, ეს საკითხები მემორანდუმის ფარგლებში შექმნილი პროტოკოლით დაზუსტდება.

 

“მემორანდუმი საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობას ითავლისწინებს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ისრაელში უსაფრთხოდ და ლეგალურად იმუშაონ.ეს ის დეტალებია,რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისათვის ცნობილი მას შემდეგ გახდება, როცა კონკრეტულად განხორციელების პროტოკოლზე და მექანიზმებზე შევთანხმდებით. ამის შემდეგ კი მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ“- აცხადებს ბარკალაია.

 

გუშინ, 30 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე პერსონალად დროებით დასაქმება ლეგალურად შეეძლებათ. საქართველოში ისრაელის საელჩოს ცნობით, შესაბამის დოკუმეტს იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზმა და საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ ხელი მოაწერეს. ხოლო უკვე დღეს, პირველ ოქტომბერს ეკატერინე ტიკარაძე და რან გიდორი ხელს მოაწერდნენ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის პროტოკოლს თბილისში.

 

„ორივე დოკუმენტი შექმნილია საქართველოდან ასობით დამხმარე მუშაკის შერჩევისა და დროებითი დასაქმების ხელშესაწყობად ისრაელის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებებისა და/ან შეზღუდული (ფიზიკურად ან კოგნიტურად) შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან.

 

დიპლომატების, საჯარო მოხელეების, იურისტებისა და ექსპერტების გუნდი ორივე ქვეყნის სამთავრობო უწყებებიდან დაუღალავად მუშაობდნენ ბოლო თვეების განმავლობაში, რათა შერჩევის, ტრენინგისა და დასაქმების სისტემა ყოფილიყო სამართლიანი, ეფექტური და ქმედითი. მთლიანი პროცესის განხორციელება, მონიტორინგი და ზედამხედველობა იწარმოებს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ, ორივე მხარის იურისდიქციასთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, –  ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.

 

საელჩოს ცნობით, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები