რეგიონი

ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა  

13.12.23 13:05


შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა.

 

ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, მართლწესრიგის 20 ოფიცერი მუშაობას უკვე შეუდგა. მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად მიულოცა. ვახტანგ გომელაური მართლწესრიგის ოფიცრებს გაესაუბრა და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

 

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

 

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში არაერთი მიმართულება შედის და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

 

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან.

 

მართლწესრიგის ოფიცრების შერჩევა საკონკურსო წესით ხდება, რის შემდეგაც კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეკვირიან ინტენსიურ პროფესიულ სწავლებას გადიან.

 

საქართველოს მასშტაბით მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი უკვე მოქმედებსთბილისში, რუსთავსა და ბათუმში. ოფიცერთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება და ინსტიტუტი ყველა მსხვილ ქალაქში ამოქმედდება.

 

 

pia.ge

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები