ЭКОНОМИКА

აფხაზური სეპარატიზმი სუკ-ის ლაბირინთებში იშვა. ნაწილი III

20.11.15 18:28




ზუსტად 20 წლის წინ 1989 წლის 21 ივლისს გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" დაიბეჭდა ინგლისელი ქართველოლოგის ჯორჯ ჰიუიტის ვრცელი პუბლიკაცია სათაურით "უცხოელის დაკვირვებანი აფხაზებისა და ქართველების დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებაზე, ღია წერილი ქართველებს". ავტორი ხაზგასმულად მიუთითებს, რომ წერილი დაწერილია ინგლისში 1989 წლის 12 მაისს.

ამ წერილმა ცეცხლზე ნავთის დასხმის როლი შეასრულა უკვე დაწყებულ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე. მასში ზუსტად იყო გათვლილი დრო, ვითარება, ავტორის ეროვნული წარმომავლობა, მისი "მეცნიერული კომპეტენტურობა", ქართული ინტელიგენციის მისდამი მაშინდელი ლოიალური დამოკიდებულობა და საერთო ემოციური ფონი.
"ლიტერატურული საქართველოს" რედაქციამ და ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებმა იმავე ნომერში სწორად შეაფასეს წერილის მიზანიც, მიმართულებაც და ის მოსალოდნელი შედეგებიც, რისთვისაც შედგენილი იყო ჯ.ჰიუიტის ხელმოწერით გამოქვეყნებული ეს კოლექტიური ნაშრომი. იგი სასწრაფოდ ითარგმნა რუსულად (თუმცა წერილის ყურადღებით წაკითხვა დაგვარწმუნებს, რომ იგი რუსულიდან არის ნათარგმნი), და ნაბეჭდი ფურცლების სახით ვრცელდებოდა მთელს აფხაზეთში. ამ პუბლიკაციის გავრცელებისთვის ყურადღება არც ამერიკელ, დასავლეთევროპელ და მითუმეტეს რუს ჟურნალისტებსაც არ დაუკლიათ.
ქართულ-აფხაზური ძმათამკვლელი ომის მაპროვოცირებელ გარედან "შემოგდებულ" მიზეზთა შორის ჯ.ჰიუიტის ამ ნამოღვაწარს ბოლო ადგილი არ უჭირავს და ამიტომ უპრიანი იქნება დღევანდელი გადასახედიდან მისი ახლებურად გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება. ჩავიხედოთ ცოტა ღრმად.
გასული საუკუნის 70-იან წლებში დასავლეთის ქვეყნებში თვალში საცემად განახლდა კავკასიის ხალხების ისტორიისა და ენების შემსწავლელი მეცნიერების ე.წ. კავკასოლოგებისა და ქართველოლოგების აქტიურობა.
საბჭოთა სპეცსამსახურები მათ განიხილავდნენ, როგორც დასავლეთის იდეოლოგიურ დივერსანტებს, რომლებიც ამ რეგიონის ხალხების ისტორიისა და ენების შესწავლის საფარით აგროვებდნენ მასალებს საბჭოთა ცენზურისაგან ტაბუდადებულ თემებსა და პრობლემატიკაზე. ერთერთი ასეთი ქართველოლოგია ჩვენი სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯორჯ ბრაიან ჰიუიტი. იგი დაბადებულია 1949 წელს ინგლისში, ქ.ლანკასტერში. 1975-76 წლებში იგი, როგორც ასპირანტი სამეცნიერო სტაჟირებას გადიოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი თბილისში ჩამოიყვანა ერთერთმა ინგლისელმა პროფესორმა–ქართველოლოგმა, რომელიც საქართველოში 1960 წლიდან იმყოფებოდა. 1963 წელს ოპერატიულ დამუშავებაში მყოფი ხსენებული მეცნიერი გადმობირებულ იქნა საქართველოს უშიშროების კომიტეტის მიერ არსებული ე.წ. მაკომპრომატირებული მასალების (ჰომოსექსუალიზმის ფაქტები) გამოყენებით და მას მიენიჭა აგენტურული ფსევდონიმი "ჯიმი". დაფიქსირებული იყო "ჯიმის" გასაკუთრებული კეთილგანწყობა ჯ.ჰიუიტის მიმართ, როგორც თბილისში, ისე ლონდონში. საქართველოს სპეცსამსახურებთან ერთად "ჯიმისთან" მუშაობდა საკავშირო სუკ-ის პირველი მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ПГУ).
თბილისში ყოფნის დროს ჯ.ჰიუიტი გულმოდგინედ მეცადინეობს ქართული ენის სრულყოფაზე. ეცნობა ქვეყნის ღირშესანიშნაობებს, ინტელიგენციის ცნობილ სახეებს, აღტაცებას გამოხატავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის მიმართ. ქართველი მეცნიერების დახმარებითა და მხარდაჭერით რიგითი ლონდონელი ქართველოლოგი ევროპაში ცნობილი და ავტორიტეტული მეცნიერი ხდება.
1976 წელს ჯ.ჰიუიტი დაქორწინდა თბილისის უნივერსიტეტის აფხაზი ეროვნების ასპირანტ ზაირა ხიბაზე, რომლის ძმა ანატოლი ხიბა ცნობილი კრიმინალი, რვაჯერ ნასამართლევი რეციდივისტი და ქართველების მოძულეობით ცნობილი ოჯახის შვილი იყო. ამ ქორწინებამ ბევრი საეჭვო აზრები წარმოშვა.
ნიშანდობლივია სუკ-ის დამუშავების საქმეში არსებული ერთერთი აგენტის მინიშნება ამ ქორწინებასთან დაკავშირებით: "Обрашает на себя внимание, что жена старше его на 5 лет и как женшина особой привлекательностью не отличается". "ჯიმის" მეგობარ ჯ.ჰიუიტს ქალები ნაკლებად აინტერესებდა. ზ.ხიბაზე ქორწინება მას უფრო მნიშვნელოვან მიზანთან აახლოებდა. დაიწყო ჯ.ჰიუიტის ინტენსიური ვიზიტები აფხაზეთში, ცოლეულებთან ოჩამჩირეში და აფხაზეთის ენის, ლიტერატურის და ისტორიის სოხუმის კვლევით ინსტიტუტში, რომელიც ანტიქართული იდეოლოგიის ცენტრი იყო და რომელსაც ერთ პერიოდში ასევე ქართველი მეცნიერების ხელშეწყობით თბილისში დოქტორად ხელდასმული, მოგვიანებით კი საქართველოს ხელისუფლებისაგან აფხაზეთის პირველ პირად რეკომენდირებული ვ.არძინბა ხელმძღვანელობდა. ერთი ხელისაგან მართულმა ორმა პიროვნებამ ადვილად გაუგეს ერთმანეთს.
1989 წლის 18 მარტს აფხაზ სეპარატისტთა ლიხნის ცნობილ თავყრილობაზე გაკეთდა განცხადება აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფის შესახებ, რასაც ქართული მოსახლეობის მძაფრი საპროტესტო გამოსვლები მოყვა. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ეროვნული ძალები საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის საკითხს აყენებენ. დაძაბულობა აფხაზეთში, ისე როგორც მთელ საქართველოში კულმინაციას აღწევს და ასეთ დროს ქვეყნდება ჯ.ჰიუტის ცნობილი პოლიტიკური პასკვილი "ღია წერილი ქართველებს".
მეცნიერული კვლევის ყოველგვარ ღირებულებას მოკლებული ეს ვრცელი პუბლიკაცია გაჟღენთილია ქართველი ხალხის და მისი ისტორიის სიძულვილით, არსებული და გამოგონილი უარყოფითი მოვლენების გაზვიადებული ჰიუიტისებური გახმოვანებით. გულშემზარავად არის მოცემული საუკუნეების მანძილზე თითქოს ქართველებისგან აფხაზი ხალხის შევიწროება და დამცირება. ამ ორ ხალხს შორის დაპირისპირების გაღვივებისკენ არის მიმართული თვით ქართული, აფხაზური, მეგრული და სვანური ენების წარმოშობის საკითხი.
გარკვეული ძალები შეეცადნენ ამ წერილისთვის მიეცათ ისეთი ინტერპრეტაცია, რომ თითქოს საქართველოს წინააღმდეგ ამბოხებულ აფხაზებს ჩრდილოეთ კავკასიელებთან, თურქ და არაბ მოხალისეებთან ერთად მხარს უჭერდა დასავლეთ ევროპის საზოგადოებრიობაც.
ამ ვითარებაში ცდილობდა არ გამოჩენილიყო და სირაქლემას როლს თამაშობდა აფხაზი ხალხის დიდი "ქომაგი", ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ხალხების მეხსიერებიდან ამოეგლიჯათ თუ ვინ განდევნა მშობლიური მიწა-წყლიდან ათიათასობით აფხაზი მუჰაჯირი და ვინ მიიყვანა ეს ხალხი გაქრობის პირას. ისტორიის ეს ორასწლიანი მონაკვეთი აფხაზეთის დიდ მკვლევარს ჯ.ჰიუიტსაც "გამორჩა".
უშედეგოდ დამთავრდა ქართული ინტელიგენციის ერთი ნაწილის მცდელობა თბილისის უნივერსიტეტის რექტორის ნოდარ ამაღლობელის თაოსნობით საპროტესტო წერილი გაეგზავნათ მოსკოვში ინგლისის საელჩოში მათი მოქალაქის ჯ.ჰიუიტის არაკეთილსინდისიერი და პროვოკაციული ქმედების შესახებ. საპროტესტო წერილის გაგზავნის ხელის შეშლა მხოლოდ მოსკოვს შეეძლო.
ჯ.ჰიუიტის "მოღვაწეობა" მარტო ქართულ-აფხაზური ურთიერთობებით არ შემოფარგლულა. 1989 წლის ბოლოს მან სამ ინგლისელ კავკასოლოგთან ერთად იმოგზაურა ცხინვალსა და ვლადიკავკაზში, რათა ქართველებისაგან "დაჩაგრულ" ოსებზეც მიეღო მისთვის საჭირო ინფორმაცია და სათანადოდ გაეშუქებინა ეს საკითხი ინგლისურ პრესაში.
ჯ.ჰიუიტმა ლონდონის დავალებაც შეასრულა, მოსკოვისაც, აფხაზი სეპარატისტების გულიც მოიგო და დიდი გასამრჯელოც მიიღო სამივე მხარისაგან ათობით ათასი დაღუპულისა და ასობით ათასი უსახლკაროდ დარჩენილი დევნილის ხარჯზე.
ფაქტი ერთია, მავრმა თავისი საქმე გააკეთა და ... წავიდა. წავიდა და ტკბება მეუღლესთან, ლონდონელ და მოსკოველ მეგობრებთან ერთად თავისი ნამოქმედარის შედეგებით. ტკბება და შეიძლება ფიქრობს, რომ მისით არც ქართველები უნდა იყვნენ უკმაყოფილო, რადგან მან მათ მტრისა და მოყვრის ერთმანეთისგან გარჩევის მორიგი მწარე გაკვეთილი ჩაუტარა.

ექსპერტთა კლუბი

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента