ЭКОНОМИКА

"სომხური პატრიოტიზმი" აფხაზეთში და ზღვისპირა კურორტი კიდევ ერთი საფრთხის მოლოდინში

20.11.15 18:30




ალბათ ყველას ახსოვს, 1990-იან წლებში აფხაზეთის ომის დროს სისასტიკით გამორჩეული "ბაგრამიანის ბატალიონი", რომელზეც დევნილები და აფხაზეთის მეომრები ლამის ლეგენდებს ჰყვებოდნენ... მაშინ ადგილობრივ სომხებს მიაჩნდათ, რომ აფხაზეთის "გათავისუფლებაში" თავადაც უნდა შეეტანათ წვლილი, რათა შემდეგ, როცა მშვიდობა დაისადგურებდა, ადგილობრივების წინაშე პირნათელი ყოფილიყვნენ... მაგრამ აფხაზები "სომხურ პატრიოტიზმს" სხვაგვარად ხსნიან: მათი თქმით, სომხები წინდახედულად მოიქცნენ - მომავალ აფხაზეთში "ადგილები მოიკავეს" და ახლა "ბიზნესკონტროლი" მათ ხელშია.



ტერ მამიკონიანი, გაგრელი სომეხი:
- ჩვენ და აფხაზები იდეით გაერთიანებული არასდროს ვყოფილვართ. ომი იყო და ვიბრძოდით, ჩვენს სახლ-კარს ვიცავდით... სომეხი ვარ, მაგრამ აფხაზეთში დავიბადე და გავიზარდე. გვესროდნენ და ჩვენც ვესროდით. ომს წესები არა აქვს, ამიტომაც, ცოტა ჩვენც მოგვივიდა ზედმეტი და ცოტა იმათაც, თორემ ქართველებთან გასაყოფი რა გვქონდა?!. ერთი სიტყვით, როცა აფხაზებს უჭირდათ, ჩვენ გვერდში დავუდექით, ახლა კი მტრებივით გვიყურებენ. აფხაზური პასპორტის აღება მომთხოვეს, მაგრამ უარი ვუთხარი. მართალია, აფხაზეთის მოქალაქე ვარ, მაგრამ ოჯახი მყავს სარჩენი, ხელი ხომ უნდა გავანძრიო?! ამ პასპორტით რუსეთში ვერ გადავალ-მეთქი, - ამიტომაც, რუსული პასპორტის აღება ვარჩიე. ცოტა ხანში მოვიდნენ და სურსათის მაღაზია დამიწვეს, - ჩვენს ხარჯზე ცხოვრება გეყოფათო...

- თავად აფხაზებიც ხომ იღებენ რუსულ პასპორტებს.
- დიახ, მაგრამ ერთმანეთზეც კი ღიზიანდებიან - ასიმილაცია ხდებაო! დალოცვილო, ამხელა რუსეთს შეეკარი და ასიმილაცია მოხდება, აბა, რა იქნება?!.

- აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს ასიმილაცია არ გემუქრებათ?
- არა, ჩვენ ძლიერი გენი გვაქვს... ცნობისათვის - ისტორიული წყაროების თანახმად, პირველი სომხური დასახლებები აფხაზეთში XIX საუკუნეში გაჩნდა. ამ პერიოდში მეფის რუსეთი აფხაზებს ავიწროებდა, რის გამოც, XIX საუკუნის 60-70-იან წლებში აფხაზებმა სამშობლოს მასობრივი დატოვება დაიწყეს და თურქეთში გადასახლდნენ. ეს პერიოდი აფხაზეთის ისტორიაში მუჰაჯირობის სახელით არის შესული... მათ ნაცვლად კი მეფის რუსეთმა აფხაზეთში რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ერების ჩამოსახლება დაიწყო, მათ შორის იყვნენ სომხებიც. XX საუკუნის შუა პერიოდში აფხაზეთში კიდევ ერთი სომხური ნაკადი ჩამოასახლეს. ისტორიული მონაცემებით, 1926 წლის აღწერით, აქ სულ 25 ათასი სომეხი ცხოვრობდა, 1959 წელს მათმა რიცხვმა 64 ათასს გადააჭარბა, 1989 წელს კი უკვე 76 ათასი ვიყავით. ჩვენზე მეტნი იყვნენ ქართველები, რომლებიც 239 ათასს აღწევდნენ, შემდეგ მოდიოდნენ აფხაზები - 93 ათასი.

- ბოლო მონაცემები თუ იცით?
- 2009 წლის მონაცემებით, აფხაზეთის მოსახლეობის 30%-ზე მეტს შევადგენთ და ეს მათი თქმით, ბალანსს არღვევს... აფხაზეთი ჩემი სამშობლოა, ჩვენმა ხალხმა მის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, უკან არასდროს დაგვიხევია. ჩვენმა ხალხმა იომა და ახლა აფხაზები გვედავებიან, ჩვენს მიწაზე ცხოვრობთო.

- რას ითხოვენ თქვენგან?
- გვთხოვენ, აქ ცხოვრების საფასურად, სომხეთის ხელისუფლებას მივმართოთ პოლიტიკური მოთხოვნით, - აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

ანა, სოხუმელი სომეხი:
- აფხაზებსა და სომხებს შორის არც აქამდე იყო სიამტკბილობა, მაგრამ ბოლო დროს, აფხაზები ჩვენ მიმართ რადიკალურად შეიცვალნენ - აგრესიულები გახდნენ, აქ ცხოვრებას გვაყვედრიან... ბიზნესის დიდი ნაწილი სომხების ხელშია, მათ კი რუსი ჩინოვნიკები ჰყავთ წილში. ამის გამო, სომხური
ბიზნესის უსაფრთხოება რუსების ინტერესებშია და აფხაზებიც აშკარად მათ შევიწროებას ვერ ბედავდნენ, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა, იმიტომ, რომ რუსები დარწმუნდნენ, - ისეთ დაუცველ და კრიმინალურ რეგიონშიც კი, როგორიც აფხაზეთია, სომხებს ბიზნესის კეთებაში ბადალი არ ჰყავთ, ჩვენი ხალხი ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებს ბიზნესის წამოწყებას, განვითარებასა და შენარჩუნებას. ამიტომაც აქვთ ყველა ზღვისპირა ქალაქში საოჯახო და მაღალი დონის სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, ტურისტული სააგენტოები (მაგალითად, "კრეატივ-ტური", რომლის ფილიალები სოხუმში, გაგრაში, გუდაუთაში, ახალ ათონსა და ბიჭვინთაშია). ერთი სიტყვით, მსხვილ ბიზნესს ისინი აკონტროლებენ, ოღონდ - რუსების დახმარებით.

ეს ყველაფერი რუსებმა იციან და ახლა ცდილობენ, ჩვენსა და აფხაზებს შორის წყალი აამღვრიონ: რუსეთის სპეცსამსახურები აფხაზებს ჩვენ წინააღმდეგ აქეზებენ, - მათ აქ ცხოვრება აწყობილი ბიზნესის გამო უნდათ; პოლიტიკური ვითარება რომც შეიცვალოს და აფხაზეთზე კონტროლი ისევ ქართველებმა აიღონ ხელში, სომხური ბიზნესი არსებობას მაინც განაგრძობსო... აფხაზები ყოველნაირად ცდილობენ, რომ აქაურმა სომხებმა სომხეთის ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით მივმართოთ. იციან, რომ ამით რეგიონში არსებული პრობლემები არ მოგვარდება, მაგრამ ჩვენ მიმართ ზიზღი აქვთ და კონფლიქტისკენ გვიბიძგებენ...

- აფხაზები აგრესიას რა ფორმით გამოხატავენ?
- ყველანაირად. ბოლო დროს უკვე უბრალო ადამიანებს შორის ურთიერთობასაც დაეტყო მათი განწყობილება... ასეთი სურათი იქმნება - რუსი ჩაგრავს აფხაზს, მაგრამ ვინაიდან აფხაზს რუსისგან თავის დაცვა არ შეუძლია, ის ამ აგრესიას სომხის მიმართ იჩენს, თან ამით, რუსეთის გულსაც იგებს, როგორც დამჯერი შვილი - მშობლისას, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ რუსეთისთვის გერად დარჩებიან... ბოლო დროს აფხაზეთში შექმნილი ვითარება 1990-იან წლების წინა პერიოდს, აფხაზებსა და ქართველებს შორის დაძაბულობის ზრდას მაგონებს. შეიძლება ვცდები, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურები დიდი მონდომებით მუშაობენ მსგავსი შედეგის მისაღწევად. ჩვენი წინაპრები აქ საუკუნის წინ ჩაასახლეს და აფხაზეთში მომხდარ ყველა კარგ და ცუდ საქმეში მონაწილეობდნენ... სომხები არიან გუდაუთაში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და სოხუმში, თუმცა ყველაზე დიდი რაოდენობით ისინი გაგრაში ცხოვრობენ. ამიტომაც იქ დაძაბულობა დღითი დღე მატულობს.

- კი, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნეთ, სომხებს ბიზნესწილებში რუსი ჩინოვნიკები ჰყავთ...
- დიახ, ასეა, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურები ამ ბიზნესმოწილეებს უკან დახევას აიძულებენ... არადა, იქ მცხოვრები სომხები ის ხალხია, ვისი წინაპრებიც ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს თურქეთიდან გადმოვიდნენ. სწორედ ამ დროისთვის იწყებოდა რეგიონში ადიღელების, ყაბარდო-ბალყარებისა და სხვა ჩრდილოკავკასიელი ტომების ჩამოსახლება, რომლებიც შემდეგ, აფხაზებად ჩაეწერნენ. ობიექტურად თუ შევაფასებთ, ჩემი წინაპარიც ისეთივე აბორიგენია, როგორიც აფხაზი, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მათმა წინაპარმა ეროვნებად "აფხაზი" აირჩია, ჩემი წინაპარი კი სომხად დარჩა.

- აფხაზების თქმით, 1990-იან წლებშიც და შემდგომშიც, ამ რეგიონში ბევრი სომეხი ჩავიდა და იქ დასახლდა, რის გამოც მათ დემოგრაფიული პრობლემებიც შეექმნათ...
- შესაძლოა, მართლაც ასეა, მაგრამ რა არის ამაში ცუდი?!. იქაურობას ძირითადად, სომხური ბიზნესი აცოცხლებს... სომხების გარდა, აფახაზეთში ბევრი ჩეჩენი და რუსიც ჩასახლდა. დემოგრაფიული პრობლემა მართლაც დგას, მაგრამ ამის მიზეზი ჩვენ კი არა, არამედ რუსეთია, რომელიც თვით აფხაზებშიც ხელოვნურად ამწვავებს ვითარებას, - უამრავმა აფხაზმა დატოვა სახლ-კარი და ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად უცხოეთში წავიდა... არის შემთხვევები, როცა რუსეთში წასული აფხაზი იქაურ რუსზე ყიდის თავის სახლ-კარს. მას საკუთარ ქვეყანაში თავის დამკვიდრება უჭირს, რუსს კი ეს პრობლემა არა აქვს. აფხაზეთში ჩამოსული რუსი დამსვენებელი ცდილობს, აქ ფეხი მოიკიდოს და მას ბიზნესის წამოწყებაში ხელს არავინ უშლის, აფხაზს კი ყველანაირად ავიწროებენ. ასეთ შემთხვევებს მასობრივი სახე არა აქვს, მაგრამ მაინც ხდება, რაც დემოგრაფიულ სურათს სერიოზულად ცვლის.

ომარ ციცირბა, სოხუმელი აფხაზი:
- 1990-იან წლებში სომხებს ჩვენზე მეტი და ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ და იმიტომაც იომეს აფხაზეთში: მათ იცოდნენ, რომ რუსეთი პოზიციას არ დათმობდა... დღეს უკვე ვერავის დააჯერებენ იმაში, რომ სომხები აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ... რაც შეეხება იმ წლებში სომხეთიდან ჩამოსულებს, რომლებიც "ბაგრამიანის ბატალიონის" წევრები იყვნენ, მათთვის ისიც ცნობილი იყო, რომ აფხაზეთში ძალზე შეძლებული ხალხი ცხოვრობდა და კარგადაც იხეირეს.

- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ვინც აქ დარჩა, მშვენიერი სახლები აქვთ, ვინც წავიდა, ხელცარიელი არ წასულა...

- ვინც ამ ომს შეეწირა?
- ისინი აფხაზეთის დამოუკიდებლობას კი არა, თავიანთ საქმეს შეეწირნენ, მაგრამ აფხაზი ხალხი მათ მაინც გმირებად მიიჩნევს... ჩვენ მათთვის დახმარება არ გვითხოვია, საკუთარი ინიციატივით ჩაებნენ ამ ომში და ვიცი, რომ აფხაზ მეომრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებსაც ისეთივე სისასტიკით უსწორდებოდნენ, როგორც ქართველებს. უბრალოდ, ომის შემდგომი გაურკვევლობისა და დაძაბულობის პერიოდი აფხაზეთში იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე მოველოდით, იმაზე მეტად გაგვიჭირდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ჩვენმა ხალხმა ბევრ რამეზე დახუჭა თვალი და მტყუან-მართალს აღარ გამოვეკიდეთ.

- ახლა, ამდენი წლის შემდეგ, რატომ გახდა თქვენთვის მიუღებელი სომხების იქ ყოფნა?
- ოდესმე ხომ უნდა გამოვფხიზლდეთ! ბოლო დროს აფხაზები იმდენად წამგებიან ვითარებაში აღმოვჩნდით, ჩვენივე ქვეყანაში თავს ზედმეტად ვგრძნობთ. მხოლოდ მომსახურე პერსონალის ფუნქცია გვაქვს. ყველა აბორიგენობას იჩემებს. სომხებმა, - ჩვენ ძირძველი მოსახლეები ვართო, კაზაკებმა და ადიღელებმა კი - ქართველების განდევნაში დაგეხმარეთ და ჩვენთან ვალში ხართო...

- ბოლო დროს რუსულ პრესაში ხშირად წერენ, - აფხაზ ერს ვერ დაიპყრობ, უნდა იყიდოო... რამდენად ახლოს დგას ეს გამოთქმა რეალობასთან?
- ცუდია, თუ ასე იწერება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ისე გვიყურებს, როგორც მსუყე ლუკმას, რომლის გადაყლაპვასაც ერთბაშად კი არა, თანდათან ცდილობს... დიახ, აფხაზეთში ხალხს ძალიან უჭირს და ხშირ შემთხვევაში, მისთვის არახელსაყრელ შემოთავაზებაზეც კი ვერ ამბობს უარს ანუ ადამიანები მზად არიან, ნებისმიერი სამუშაო შეასრულონ... ეს შეკითხვა 1990-იანი წლების აფხაზეთის ომამდე რომ დაესვა ვინმეს, სხვანაირ პასუხს გავცემდი (მაშინ სხვა იმედი და განწყობილება გვქონდა), მაგრამ ომის შემდგომი წლები იმდენად მძიმე იყო, რომ ბევრი რამის მიმართ, მათ შორის საკუთარი ხალხის მიმართ, აზრი შემეცვალა: ჩვენ არ ვყოფილვართ მზად დამოუკიდებლობისთვის, არც მატერიალურად და არც მორალურად. ამ დღეში ყოფნის მიზეზი კი მხოლოდ აფხაზეთის ხელისუფლების არასწორი ქმედებები არ არის.

- ბოლო დროს სომხების მიმართ უკმაყოფილება გაიზარდა. რა არის ამის მიზეზი?
- ის, რომ სადაც უნდა მოხვდნენ, ყველგან თავს იმკვიდრებენ და საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ... აფხაზეთი მათთვის ბიზნესშემოსავლის წყაროდ იქცა, სადაც შეიძლება, ყველაფერი იყიდო და გაყიდო, ნარკოტიკიც კი... უამრავი ღატაკი სომეხი აფხაზეთში მილიონერად იქცა და აქედან სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა შეაქვს. მათი რიცხვი ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობს, თუმცა სომხეთის ხელისუფლება აფხაზეთისთვის პოლიტიკურ მხარდაჭერას თავს არიდებს, რომ საქართველო არ გააღიზიანოს. თანამშრომლობა და კეთილი დამოკიდებულება ორმხრივი უნდა იყოს. აფხაზეთში ყველანაირ ბიზნესს ისინი აკონტროლებენ და პრივილეგიებით სარგებლობენ, იმიტომ, რომ რისკავენ და აფხაზეთში ინვესტიციის ჩასადებად ჩამოდიან. დღეს უამრავი შეღავათი აქვთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მათი ხელისუფლება აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, მათ აქაურობის დატოვება მოუწევთ...

ლედი ინალიფა, გაგრელი აფხაზი:
- უამრავი სომეხი მეგობარი მყავს და ვერ ვიტყვი, რომ ისინი ბოლო დროს შევიწროებული არიან, პირიქით - 1990-იანი წლებიდან დღემდე, უპირატესობით სარგებლობენ. უამრავ მათგანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და სომხეთსა და რუსეთში უპრობლემოდ დადიან. გაგრაში არის ძალიან დიდი სასტუმრო - "არმენია", სადაც სომხებიც მუშაობენ და აფხაზებიც... არ ვიცი, რაში გამოიხატება მათ მიმართ აგრესია, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს კიდევ ერთი ომისგან! მე პირადად, იმ წლებში ისეთი მწარე გამოცდილება მივიღე, მზად ვარ, რაც მაბადია, ისიც კი დავთმო, ოღონდ ომი არ იყოს...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента