ЭКОНОМИКА

აფხაზები და აფხაზეთი ( ნაწილი I)

20.11.15 19:16




ნარკვევი მიზნად არ ისახავს აფხაზეთისა და აფხაზების ისტორიის გადმოცემას. მისი ამოცანა უფრო ვიწრო და კონკრეტულია, სახელდობრ: ცნებების «აფხაზეთი» და «აფხაზები»-ს მნიშვნელობის წარმოჩენა სხვადასხვა ეპოქისა და სხვადასხვაენოვან წერილობით წყაროებში.

აფხაზეთის ასსრ მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ისტორიულ და თანამედროვე დასავლეთ საქართველოში.



დასავლეთ საქართველოს და, კერძოდ, მისი შავი ზღვის სანაპიროს უძველესი ეთნიკური რუკის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მაგრამ ეს თვალსაზრისები იმდენად შორეულ ეპოქას ეხება (ძვ. წ. VI-V ათასწლეულები), რომ კონკრეტულ ეთნოსზე მსჯელობის შესაძლებლობა გამორიცხულია, ხოლო ძვ. წ. II ათასწლეულიდან, როდესაც ვითარება შედარებით უფრო ნათელი ხდებოდა, დასავლეთ ამიერკავკასიაში უმთავრესად ქართველური მოსახლეობა ივარაუდება.

ამ დროიდან მოყოლებული ვიდრე ანტიკურ ხანამდე ამ ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ამ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, რომ აქ არსებობს საერთო კოლხური, ე.ი. ქართველური კულტურა. ამ დიდი კულტურის შიგნით, სპეციალისტთა დასკვნით, გამოიყოფა ცალკეული რეგიონალურ-ლოკალური ვარიანტები, მაგრამ მთლიანობაში ის კოლხური კულტურაა1 . ძვ.წ. II და I ათასწლეულებში ქართველური (საკუთრივ სვანური) ეთნიკური ელემენტი ფართოდაა გავრცელეული დასავლეთ საქართველოს როგორც მთიან, ისე დაბლობ ზონაში. რისი ერთ-ერთი საბუთია ქ. ცხუმის (სოხუმის) სახელწოდების ქართველური (სვანური) რცხილადან წარმომავლობა2
 .

ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა ძველი ბერძნული მითოლოგიის მონაცემები არგონავტოთა კოლხეთში მოგზაურობის შესახებ და ლინგვისტურ კვლევაზე დამყარებული მოსაზრება არგონავტთა აქ მოსვლის დროისათვის (ძვ. წ. II ათასწლეული), ე.ი. ბერძენ-კოლხთა უძველესი კონტაქტების ხანაში, აქ ქართველური ენის არსებობის შესახებ3.

აღნიშნულ დებულებას მთლიანად უჭერს მხარს ანტიკური წერილობითი წაყაროების (ჰეკატე მილეტელი, ძვ. წ. VI ს., ჰეროდოტე ძვ. წ. V ს., სკილაქს კარიანდელი, ძვ. წ. IV ს., სტრაბონი, ძვ. და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნა და სხვა) მონაცემები, რომელთა საფუძველზე საკითხის სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში კოლხეთის სამეფო მოიცავდა მთლიანად დასავლეთ საქართველოს დაბლობს. ამასთანავე, კოლხებით ძირითადად დასახლებული ჩანს მიწა-წყალი დიოსკურიამდე (სოხუმი), რომლის შემდეგ იწყება ეთნიკურად შედარებით უფრო ჭრელი სამყარო, სადაც კოლხებთან ერთად იხსენიებიან კერკეტები, კორაქსები და სხვა ტომები, რომელთაც მკვლევართა ნაწილი ჩრდილოკავკასიური წაროშობის ტომებად თვლის. დასავლეთ საქართველოს უძველესი ეთნიკური რუკის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტსაც, რომ II საუკუნის ავტორები ფლავიუს არიანე და კლავდიუს პტოლემაიოსი ნიკოფსიასთან (თანემედროვე ტუაფსე) ასახელებენ გეოგრაფიულ პუნქტს ლაზიკას. ანგარიშგასაწევია ისიც. რომ არიანე ამ პუნქტს «ძველ ლაზიკას» უწოდებს, რაც აქ უძველესი დროიდან კოლხურ-ლაზური მოსახლოების არსებობის უტყუარი მოწმობაა4

ანტიკური წყაროების მონაცემების საფუძველზე სრულიად აშკარაა, რომ ძვ. წ. VI - I სს. თანამედროვე აფხაზეთის ასსრ მიწა-წყალი მთლიანად მოქცეულია კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში. ამასთანავე, აფსარიდან დიოსკურიამდე (სოხუმი), როგორც უკვე ითქვა, ცხოვრობდნენ საკუთრივ კოლხები, რომლის შემდეგ იწყებოდა შედარებით ჭრელი ეთნიკური სამყარო, სადაც კოლხებთან ერთად და სხვა ტომებიც მოსახლეობდნენ (ქართველურთან ერთად შეიძლება არაქართველურნიც, ჩრდილოკავკასიურნი). კოლხების ჩრდილოეთით - მთებში მოსახლეობდნენ სვანები, რომელნიც დიოსკურიამდეც ვრცელდებოდნენ5 .

ახ. წ. I – II საუკუნეებიდან დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე იხსენიებიან აფსილები და აბაზგები6 . საკითხი იმის შესახებ, თუ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე I - II სს. მოხსენიებული აბაზგები და აფსილები რა დროიდან მოსახლეობენ აქ, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგი მკვლევარის აზრით, ისინი უძველესი დროიდან მოსახლეობდნენ აქ, მაგრამ, რადგან კოლხურ ისტორიულ-ეთნიკურ-კულტურულ სამყაროში შედიოდნენ, უფრო ადრიანდელ წყაროებში მათ ვერ პოვეს ასახვა. მკვლევართა ნაწილის აზრით, აქ ისინი სწორედ ამ დროიდან ჩნდებიან, როდესაც ივარაუდება ჩრდილო კავკასიიდან ადიღური ტომების ჩამოსახლება7 . აზრთა სხვადასხვაობაა ამ აფსილ-აბაზგთა ეთნიკური კუთვნილების შესახებაც. მკვლევართა ნაწილი მათ ქართველურ ტომებად, ხოლო ნაწილი ჩრდილოკავკასიური მოდგმის ადიღურ ტომებად მიიჩნევს. ამასთანავე გამოთქმულია ვარაუდი, რომ აფხაზ-აფშილები, ისეთივე ქართველური მოდგმის ტომები არიან, როგორც მათ ირგვლივ მოსახელე ეგრები (ლაზები), სვანები და სხვანი, ხოლო თანამედროვე აფხაზები XVII საუკუნიდან ჩრდილო კავკასიიდან გადმოსახლებული აფსუები არიან.

ზოგიერთი მკვლევარი მიგრაციულ-ავტოქთონობის, ნაწილობრივ ადგილობრიობისა და ნაწილობრივ მოსულების თვალსაზრისზე დგას. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ძვ. XI საუკუნის ასურულ წარწერებში ჩრდილო-აღმოსავლეთ მცირე აზიის მთიელთა ზოგად სახელად მოხსენიებული «აბეშლა» შეიძლება (სახელის მსგავსების გამო) იყვნენ ანტიკურ წყაროებში შავი ზღვის სანაპიროზე მოხსენიებული აფსილების წინაპრები, რომელთაც შემდეგ სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ გადმოინაცვლეს.

ბერძნული წყაროების «აფსილიას» ქართული შუასაუკუნოვანი წყაროების (ჯუანშერი, ქართლის ცხოვრება) «აფშილეთი» შეესატყვისება. აფშილეთი ჯუანშერთან მოხსენიებულია VIII ს-ის 30-იან წლებში მურვან ყრუს დასავლეთ საქართველოში ლაშქრობასთან დაკავშირებით.8

აფშილეთი და მისი მთავარი მარინი მოხსენიებულია VIII საუკუნის დასაწყისის მოვლენებთან დაკავშირებით თეოფანე ჟამთაღმწერელთან9 . ამის შემდეგ წყაროებში აფშილეთი აღარ იხსენიება, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ აფშილეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, წყვეტს არსებობას, ის აფხაზეთის ნაწილად იქცევა და მასზე ვრცელდება სახელწოდება «აფხაზეთი» («აბაზგია»)10 , ისევე როგორც სანიგები, რომელნიც VI საუკუნიდან ჩამოდიან ისტორიული სარბიელიდან და რომელთა მიწა-წყალი აგრეთვე შეიერთეს აბაზგებმა 11 . ამ დროს იწყება ცნება «აფხაზეთის» მნიშვნელობის გაფართოება.

ერთიანი კოლხეთის სამეფოს დაშლის შემდეგ საქართველოში რამდენიმე, პოლიტიკურად რომის იმპერიაზე დამოკიდებული, სამთავრო შეიქმნა, რომელთა შორის ფლავიურს არიანე აფსილებისა და აბაზგების სამთავროებსაც ასახელებს.

II ს-ის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველო ეგრისის (ლაზიკის) სამეფოშია გაერთიანებული. საკუთრივ აფშილეთი მდ. ეგრისწყლიდან (ღალიძგა) კოდორამდე უშუალოდ შედიოდა ეგრისის სამეფოს შემადგენლობაში, ხოლო კოდორს ჩრდილოეთი აფშილეთი აფხაზეთთან იყო გაერთიანებული, რომელიც ლაზთა სამეფოს დაქვემდებარებული ქვეყანა, მისი ვასალი იყო 12 .

ბერძნული წერილობითი წყაროების ეს ლაზიკის (ქართული წყაროების ეგრისის) სამეფო კოლხეთის უშუალო მემკვიდრეა. V საუკუნის ბიზანტიელი ანონიმი, VI საუკუნის ისტორიკოსები: პროკოპი კესარიელი, იოანე ლიდე, აგათია სქოლასტიკოსი, როდესაც ლაზიკისა და ლაზების შესახებ მოგვითხრობენ, როგორც წესი, აღნიშნავენ, რომ ლაზები ძველი კოლხების მემკვიდრენი არიან, რომ მათ ძველად კოლხებს უწოდებდნენ, რომ კოლხები ლაზების წინაპრები არიან. ისინი ამ ორ ცნებას სინონიმური მნიშვნელობით ხმარობენ. მაგ. VI ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი წერს: «კოლხიდა, რომელსაც ახლა ლაზიკა ეწოდება» 13 .

VI ს. ეგრისის სამეფო თანდათან დასუსტდა (ბიზანტია-ირანის ომების შედეგად), საუკუნის დასასრულისათვის მას გამოეყო აბაზგია, რომელიც უშუალოდ ბიზანტიის იმპერიას დაუქვემდებარდა. აბაზგიის მთავრები (არქონტები) იმპერატორის ვასალები იყვნენ. ეგრისის შემდგომი დასუსტება არაბთა თავდასხმებმაც განაპირობა. თანდათან გაძლიერება დაიწყო აბაზგიამ, რომელმაც, როგორც უკვე ითქვა, საკუთრივ აბაზგიასთან ერთად, მოიცვა სანიგეთის, მისიმიანეთის, აფსილიის (აფშილეთის) მიწა-წყალიც. ზოგი მკვლევარი ეჭვის ქვეშ აყენებს სანიგთა და მისიმიანთა ქართველურ წარმომავლობას (ინალ-იფა, ანჩაბაძე), მაგრამ, ვფიქრობთ, მეცნიერულად დასაბუთებულია იმ მეცნიერთა თვალსაზრისი, რომელნიც მათ ქართველურ მოდგმას მიაკუთვნებენ (ჯანაშია, ინგოროყვა, ყაუხჩიშვილი, ინაძე...). შეწყდა მათი პოლიტიკური არსებობა და გაფართოვდა ცნება აბაზგიას (აფხაზეთის) მნიშვნელობა. დაიწყო ცნება «აფხაზეთის» მნიშვნელობის გაფართოება. ალბათ, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ჯუანშერი («ქართლის ცხოვრება»), როდესაც VIII ს-ის 30-იან წლებში არაბი სარდლის მურვან ყრუს დასავლეთ საქართველოში ლაშქრობაზე მოგვითხრობს, წერს, რომ მან დაანგრია ქალაქი «აფშილეთისა და აფხაზეთისა ცხუმი» 14 . ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ტექსტის ასეთი წაკითხვა, რომ ცხუმი აფშილეთის და აფხაზეთის ქალაქია, «ქართლის ცხოვრების» ჩვენამდე მოღწეულმა უძველესმა ანასეულმა ნუსხამ შემოგვინახა, ხოლო შემდგომდროინდელ ნუსხებში აფშილეთი უკვე აღარ არის. ჩანს, ადრე იცოდნენ, რომ ცხუმი აფშილეთის ქალაქი იყო, მაგრამ მურვან ყრუს დროს ის უკვე პოლიტიკურად აფხაზეთი იყო, შემდეგ ეს ცოდნა დაიკარგა და კონტექსტიდან ამოვარდა «აფშილეთი».

VIII ს-ის 80-იანი წლებიდან, როდესაც განხორციელდა აფხაზეთისა და ეგრისის გაერთიანება და შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც მოიცავდა მთლიანად დასავლეთ საქართველოს, ცნება «აფხაზეთის» მნიშვნელობა კიდევ უფრო გაფართოვდა და ის ამიერიდან აღნიშნავდა მთელ დასავლეთ საქართველოს, ხოლო აფხაზად წერილობით წყაროებში იწოდებოდა, როგორც საკუთრივ აფხაზი (აბაზგი, აფსილი), ისე ყველა დასავლელქართველი.

VIII ს-ის 80-იან წლებში, დასავლეთ საქართველო რომ გაერთიანდა, ამ სახელმწიფოს მეთაური გახდა ლეონ აფხაზთა მთავარი. ეს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან ჭოროხის ხეობამდე 15 და შავი ზღვიდან ლიხის ქედამდე 16 და აღიარებდა ბიზანტიის სიუზერენიტეტს. იოანე საბანისძე ამ სახელმწიფოს მეთაურს «მთავარს» უწოდებს 17 .

ქართული წერილობითი წყაროების ცნობით (სხვა წყაროები კი არ არსებობს) ქართლის ერისმთავართა (სამეფო) სახლის უკანასკნელმა მამაკაცმა წარმომადგენელმა არჩილმა თავისი გარდაცვლილი ძმის მირის ასული ცოლად შერთო ლეონ აფხაზთა მთავარს, რომელსაც გადასცა ეგრისის გვირგვინი 18 , რითაც ლეონმა სიძობით, ე.ი. მემკვიდრეობით, მიიღო ეგრისი და ეგრისის სამეფო გვირგვინი, რაც სიმბოლურად და რეალურად ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებას ნიშნავდა. აღნიშნული გარემოება იძლევა საფუძველს თვალსაზრისისათვის, რომ ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანება დინასტიური, ნებაყოფლობითი აქტი იყო 19 . შემდეგ ლეონ აფახაზთა მთავარმა (VIII ს-ის დასასრულს) გაინთავისუფლა თავი ბიზანტიის ვასალობისაგან და თავი მეფედ გამოაცხადა. «მატიანე ქართლისას» ცნობით «და იპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე 20 ».

აფხაზეთი ლეონის სამკვიდრო ქვეყანა იყო, ეგრისი ასევე სამკვიდრო, სიძობით მოპოვებული და ეს ორივე ქვეყანა ლეონმა ერთნაირად «იპყრა», დაუმორჩილა თავის ხელისუფლებას იმპერიისაგან დამოუკიდებლად და "სახელ-იდვა მეფე აფხაზთა» 21 . აფხაზთა მეფედ იმიტომ იწოდა, რომ დინასტია აფხაზთა სამთავროდან იყო გამოსული.

აფხაზთა მეფეების ეთნიკური კუთვნილება ცნობილი არ არის, ამაზე არ არსებობს არავითარი მითითება წერილობით წყაროებში. ზოგი მკვლევარი მათ საკუთრივ აფხაზებად თვლის, ზოგი ბერძნებად, რადგან ისინი ბიზანტიის იმპერიის ვასალები იყვნენ, ზოგი ქართველებად. სამივე თვალსაზრისი მოსაზრებათა სფეროში რჩება და სამივეს ერთნაირად აქვს არსებობის უფლება. მაგრამ ეს არ არის არსებითი, არსებითია ის, რომ აფხაზთა სამეფო ენით, დამწერლობით, კულტურით, სარწმუნოებით, პოლიტიკით ქართული სახელმწიფო იყო, ხოლო მისი მეფეები, ამავე ნიშნებით - ქართველები იყვნენ. ალბათ, ისიც სათქმელია, რომ X - XIსს. ზოგი სომეხი ისტორიკოსი, მაგ. იოანე დრასხანაკერტელი, ამ სახელმწიფოს «ეგრისს» უწოდებს, მათ მეფეს - «ეგრისის მეფეს», ხოლო მცხოვრებთ - «ეგრისელებს» 22 .

აფხაზთა სამეფო ქართული (დასავლურქართული) სახელმწიფო იყო. მისი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შეადგენდნენ ქართველები: ქართები, ეგრები, სვანები, ნაწილს - საკუთრივ აფხაზები. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით აფხაზთა სამეფო რვა ადმინისტრაციული ერთეულის, საერისთავოსაგან შედგებოდა 23 . საკუთრივ აფხაზეთი დასახლებული იყო ძირითადად აფხაზეთის საერისთავო და ნაწილობრივ ცხუმის საერისთავო, ხოლო დანარჩენი ექვსი - ეგრისის (ცენტრი ბედია), გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, არგვეთის (ცენტრი შორაპანი), ვაკე იმერეთის (ცენტი ქუთაისი) - ქართველებით იყო დასახლებული.

სწორედ აფხაზთა სამეფოს არსებობის დროს, IX-X საუკუნეებში, აფხაზთა მეფეების აქტიური მონაწილეობით, აფხაზთა სამეფო საბოლოოდ გამოეყო ეკლესიურად კონსტანტინეპოლს და მცხეთის ტახტს დაუქვემდებარდა.

დასავლეთ საქართველოს ეკლესიის კონსტანტინეპოლის სამწყსოსაგან გამოყოფის საკითხის გარკვევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში შემავალი კათედრების ნუსხებს. სახელდობრ, ჩვენთვის საინტერესო საკითხისათვის მნიშვნელობა აქვს ამ ნუსხათა ჯგუფს, რომელთაგანაც ერთი იმპერატორ ლეონ VI-ის (886-911) მეფობამდეა შედგენილი, ხოლო მერე - X ს-ში. პირველი რიგის ნუსხებში დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კათედრები კონსტანტინეპოლის სამწყსოში შედიან, ხოლო X საუკუნიდან დასავლეთ საქართველოს კათედრები ან ნუსხებში აღარ ისხენიებიან. აღნიშნული გარემოება იძლევა საფუძველს თვალსაზრისისათვის, რომ ამ დროს დასავლეთ საქართველო ეკლესიურად გამოყოფილია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან. ხოლო რიგი ქართული წყაროების მონაცემთა ანალიზი აშკარას ხდის, რომ დასავლეთქართული ეკლესია მცხეთის ტახტს დაექვემდებარა და გაერთიანდა ზოგადქართულ ეკლესიასთან. აღნიშნულ საკითხზე ვრცელი ლიტერატურა არსებობს, ეს პრობლემა საგანგებოდა აქვს შესწავლილი ივ. ჯავახიშვილის, ნ. ბერძენიშვილის, პ. ინგოროყვას, კ. კეკელიძეს, ს. ყაუხჩიშვილს, ზ. ანჩაბაძეს 24 .

ძნელი იყო ბიზანტიის პოლიტიკური გავლენისაგან განთავისუფლება, მაგრამ უფრო ძნელი იყო კონსტანტინეპოლის საეკლესიო ბატონობის აღმოფხვრა. ამ მიზნით აფხაზთა მეფეები აუქმებდნენ ბიზანტიის დასაყრდენ ბერძნულ საეპისკოპოსო კათედრებს. გაუქმდა ფოთის, გუდავის და სხვა ბერძნული კათედრები. მათ მაგიერ აფხაზთა მეფეებმა ახალი ქართული საეპისკოპოსოები დააარსეს. მაგ., აფხაზთა მეფე გიორგი II-ის დროს (922 - 957)დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო, ლეონ III-ის (957 - 963) დროს - მოქვის, გუდავის მოშლილი საეპისკოპოსოს მაგიერ ბაგრატ III (975 -1014) ბედიის საეპისკოპოსო დააარსა 25 . ეს საეპისკოპოსოები წარმოადგენდნენ ქართული კულტურის ცენტრებს. ამიერიდან ქართული ეკლესია ქართული ენით დაუპირისპირდა ბერძნულს 26 .

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართელოს საეკლესიო გაერთიანების ცდებს ადრეც ჰქონდა ადგილი. ამ მხრივ გარკვეული წარმატებები იქნა მოპოვებული V ს-ში, VII ს-ში, მაგრამ მთლიანად და საბოლოოდ დასავლეთ საქართელოს ეკლესიის ბიზანტიიდან გამოყოფა და მცხეთასთან შეერთება მეცხრე საუკუნეში განხორციელდა. პ. ინგოროყვა თვლის, რომ ეს «დიდი რეფორმა» დასავლეთ საქართელოს ნაციონალიზაციას და მასში, ბერძნულის ნაცვლად, ქართული ენისა და მწიგნობრობის დამკვიდრებას რომ ისახავდა მიზნად მეცხრე საუკუნის 30 – 40 წლებში გატარდა. ეხება რა აფხაზთა მეფეების მიერ ბერძნული კათედრების გაუქმებისა და ახალი ქართული საეპისკოპოსოების დაარსებას პ. ინგოროყვა ასკვნის: «ასეთი იყო ის ღონისძიებანი, რომელნიც ჩაუტარებია დასავლეთ საქართელოს - აფხაზეთის სამეფოს ხელისუფლებას დასავლეთ საქართველოს ეკლესიის რეფორმაციასთან, მის გაქართულებასთან დაკავშირებით» 27 .

დასავლეთ საქართელოს ეკლესიის ეს «დიდი რეფორმა», რომელსაც პავლე ინგოროყვა «აფხაზეთის ეკლესიის გაქართულება, ნაციონალიზაციას» უწოდებს და დასავლეთ საქართველოს ეკლესიაში «ბერძნულის ნაცვლად - ქართული ენისა და მწიგნობრობის დამკვიდრებას» უკავშირებს28 გარკვეულწილად დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე იმ შიდამიგრაციულ პროცესებთან, რაც აღმოსავლეთ საქართველოდან საკუთრივ ქართლის ტომის დასავლეთ საქართველოში გავრცელებას სდევს თან.

ივანე ჯავახიშვილის თვალსაზრისით, «პლინიუსის, პტოლემაიოსისა და პროკოპი კესარიელის ცნობებით მტკიცდება, რომ კოლხეთის სამხრეთსა და აღმოსავლეთის ნაწილში მხოლოდ მეგრელ-ლაზების ტომები ცხოვრობდნენ" 29 , მაგრამ შემდეგ იმ რთული ისტორიული პროცესების შედეგად, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოში და რამაც განაპირობა აღმოსავლეთ საქართველოდან მოსახლეობის მიგრაცია დასავლეთ საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, «გურულები და იმერლები გაქართებულ მეგრელ-ლაზებად უნდა ჩავთვალოთ». ამ პროცესს ივ. ჯავახიშვილი მეშვიდე-მერვე საუკუნეებით ათარიღებს 30 .

ამგვარად, «აფხაზეთის ეკლესიის გაქართულება» (პ. ინგოროყვა) ან მეგრელ - ლაზების გაგურულებ-გაიმერლება «გაქართება» (ივ. ჯავახიშვილი) არ შეიძლება ჩაითვალოს დასავლეთ საქართველოს «გაქართულებად» იმ გაგებით, რომ თითქოს აქ დასავლეთ საქართელოს არაქართული მოსახლეობის გაქართველება იგულისხმებოდეს.

ქართიზაციის პროცესზე შემდგომში ყურადღება გაამახვილა ნიკო ბერძენიშვილმა, რომელმაც შექმნა კონცეფცია საკუთრივ ქართის ტომის ეთნიკურ-კულტურული ექსპანსიისა და ისტორიული საქართველოს დასავლური (და ზოგი აღმოსავლური) ქართული ტომების გაქართების შესახებ (იხ. ნიკო ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VIII. ამ კონცეფციის დასავლურ-ქართული, საკუთრივ აფხაზური ნაწილის გამო იყო თავის დროზე ეს წიგნი რომ დაიჭრა). ეს მეცნიერული კონცეფცია შეიძლება არ გავიზიართო, მაგრამ დასავლეთ საქართველოს «ქართიზაცია» (ივ. ჯავახიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი) ამ ავტორთა აზრით არ ნიშნავს დასავლეთ საქართველოს თითქოს არაქართული მოსახლეობის «გაქართველებას» და, ამდენად, ამ კონცეფციის ამ თვალსაზრისით კრიტიკა არ მიგვაჩნია გასაზიარებლად 31 .

აქვე უნდა შევნიშნოთ ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება, რომ იმერელ-გურულები გაქართებული მეგრელ-ლაზები არიან ძირითადად ლინგვისტურ მონაცემებს ემყარება. ხოლო პავლე ინგოროყვას თვალსაზრისი აფხაზეთის ეკლესიის «გაქართულების», ნ. ბერძენიშვილისა დასავლეთ საქართველოს «გაქართების» შესახებ გიორგი მერჩულეს თხზულების რიგ ცნობებს და კონკრეტულად მერჩულეს ფორმულირებას «ქართლის» ცნების მნიშვნელობის შესახებ.

მერჩულე სწერს: «პირველად აღმოსავლისა კათალიკოსთა მიჰრონი იერუსაჱ მით მოჰყვანდა. ხოლო ეფრემ ქრისტჱ სმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაჲ ქართლს განაწესა იერუსალჱ მისა პატრიარქისა განწესებითა და წამებითა სიხარულით. არამედ ქართლად ფრიადი ქვეყანაჲ აღირიცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების, ხოლო კვრიელეჱ სონი ბერძნულად ითქუმის» 32 .

ბ-ნ ანანია ჯაფარიძე შენიშნავს, რომ «გ. მერჩულის» «გრიგოლ ხანცთელის ცხოვრებაში» არსებული ერთი ქარაგმის არასწორი გახსნის წყალობით მიღებულია ისეთი კარდინალური დასკვნები, როგორისაა, «პირველად მეცხრე-მეათე საუკუნეებში ეწოდა დასავლეთ საქართველოს «ქართლი». აღნიშნულ თხზულებაში - განაგრძობს ბ-ნი ანანია ჯაფარიძე - არსებული ქარაგმა «ა-სა» გადამწერს თუ პირველ რედაქტორს ნ. მარს გაუხსნია არასწორად, კერძოდ უნდა გახსნილიყო როგორც «აფხაზეთისა» და გახსნილიყო ასე - «აღმოსავლისა», აღმოსავლეთისა» 33 . ავტორის აზრით ქარაგმის « სწორად» გახსნის შემთხვევაში მერჩულეს თხზულების ეს ადგილი სხვაგვარად იქნებოდა გაგებული 34 .

აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა შევნიშნოთ: ჯერჯერობით გირგი მერჩულეს «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების» მხოლოდ ერთადერთი ხელნაწერია ცნობილი, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ინახება და საიდანაც გადმოიწერა და გამოსცა ნიკო მარმა «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება». მართალია, ამ ხელნაწერზე ხელი არ მიგვიწვდება, მაგრამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხენაწერთა ინსტიტუტში არის ამ უძველესი ხელნაწერის მიკროფირი (იხ. ξ- 2 ), რომელშიც ეს ადგილი ყოველგვარი ქარაგმების გარეშე არის წამოდგენილ და გარკვევით წერია: «პირველად აღმოსავლისა კათალიკოსთა», ასე რომ, ქარაგმის გახსნის საჭიროება არ არსებობდა.

მითითებულ სტატიაში არაერთი საგულისხმო მოსაზრებაა გამოთქმული, რომელთა გათვალისწინება, ალბათ, სასურველია, მაგრამ, რადგან ეს საკითხები ჩვენი ნარკვევის ფარგლებს სცილდება, ამჯერად მათზე მსჯელობა არ მიგვაჩნია შესაძლებლად. ამ ისედაც ვრცელი ექსკურსის ბოლოს მხოლოდ მიას ავღნიშნავთ, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი მკვლავარის მიერ გაზიარებული კონცეფცია ჩვენში მიმდინარე «ქართიზაციის» ისტორიული პროცესის შესახებ თავისთავად შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ ის ნამდვილად არ ნიშნავს დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოს რომელიმე რეგიონის «გაქართულებას», ის მხოლოდ საკუთრივ ქართის ეთნო-კულტურულ ექსეპანსიას გულისხმობს და გიორგი მერჩულეს თხზულება ამის ერთ-ერთი დასტურია.

აფხაზთა სამეფოში დაიწერა ქართული ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული თხზულებები, იქ, აფხაზთა მეფეების კარზე, ქართულად დაიწერა «მეფეთა დივანი» - აფხაზეთის მეფეთა სიტორია, აიგო ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები, აფხაზთა სამეფო აქტიურად მონაწილეობდა იმ დიდ ეროვნულ ბრძოლაში, რომლის შედეგად შეიქმნა ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფო.

აფხაზთა სამეფო ქართული სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, მისი დედაქალაქი იქნებოდა არა ძველი ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ცენტრი ქუთაისი, არამედ ანაკოფია (აფხაზეთის საერისთავო ცენტრი), ეკლესია ან არ გამოეყოფოდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და თუ გემოეყოფოდა, ჩამოყალიბდებოდა საკუთრივ აფხაზეთის ეკლესიად, არ შეუერთდებოდა მცხეთის საკათალიკოსოს და არ დამკვიდრდებოდა წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე.

IX საუკუნის დასაწყისიდან, თუ უფრ ადრე არა, ქართულმა ენამ აფხაზთა სამეფოში გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა, მან საბოლოოდ გამოდევნა დასავლეთ საქართველოს ეკლესიიდან ბერძნული ენა და ქართული ხდება აქ კულტურის, სამეფო კანცელარიის და ეკლესიის ენად 35 .

IX საუკუნიდან აფხაზთა სამეფოში ქართული ეპინრაფიკა დასტურდება 36 .

ამ დროიდან მოყოლებული აფხაზეთში ეკლესიებზე, ხიდებსა და სხვა სახის ნაგებობებზე, როგორც წესი, ქართული წარწერებია 37 .

დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ შუასაუკუნოვან ქართულ არქიტექტურაში არსებულ სკოლებს: დასავლურქართულს (აფხაზურს), კახურს, ქართლურს, ტაო-კლარჯულს, ჰერულს განმასხვავებელ, ლოკალურ თავისებურებებთან ერთად ზოგადქართული ხასიათი აქვთ, ყველა ესენი საერთო ქართული ნიშნებით ხასიათდებიან 38 . ხაზგასმულია ის გარემოება, რომ ეს თვისებები საქართველოს ერთიანი შუასაუკუნოვანი სახელმწიფოს შექმნამდე ვლინდება პოლიტიკურად ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ აფხაზთა (დასავლურ ქართულ), ქართველთა (ტაო-კლარჯეთი), კახეთის და სხვა სახელმწიფოებში, რაც სწორედ უძველეს ისტორიულ ძირებზე, მათ საერთო ზოგადქართულ კულტურაზე მიუთითებს.

ამგვარად, როგორც უკვე აღინიშნა, აფხაზთა სამეფოს შემქნით ფართოვდება ცნება «აფხაზეთსი» და «აფხაზების» მნიშვნელობა და ის ახლა უკვე ნიშნავს დასავლეთ საქართველოს დასავლელ - ქართველს და საკუთრივ აფხაზსაც და საკუთრივ აფხაზეთსაც 39 .

კიდევ უფრო ფართოვდება ცნებების «აფხაზის» და «აფხაზეთის» მნიშვნელობა მეათე საუკუნის დასასრულიდან.

Прочитано :


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента