ЭКОНОМИКА

სომეხ-ქართველთა სარწმუნოებრივი განხეთქილება VII საუკუნეში (ნაწილი 2)

20.11.15 15:35




უთანხმოებაში ეროვნული ელემენტის შეჭრა

რაც უფრო დრო მიდიოდა, უფრო და უფრო რთულდებოდა დამოკიდებულება, მწვავდებოდა მიწერ-მოწერა და პირველად წამოყენებულ ბრალდებებსაც სულ ახალ-ახალი ემატებოდა, რომელთა შესახებ დამშვიდებული მსჯელობის მაგიერ უკვე ვნებათაღელვით აღსავსე საყვედური და გულისწყრომა ისმოდა ხოლმე.



ზემომოყვანილ ორ ბრალდებათა გარდა მოულოდნელად წამოიჭრა მღვდელთმსახურების ენის საკითხიც წმ. შუშანიკის სახელობის ეკლესიაში. სომხეთის კათალიკოსად ახლად არჩეული აბრაამის პირველსავე ეპისტოლეში ეს საკითხი უკვე წამოყმნებულ იქმნა. აბრაამი კჳრიონსა სწერდა: „ცურტაველი ეპისკოპოზის განდევნის შემდგომ მართლმადიდებლობის (ე. ი. მონოფიზიტობის) აღსარებას რატომ უბრძანებო, ეხლა გავიგე, რომ წმ. შუშანიკისათვის დაწესებული სომხურ წირვა-ლოცვაც მოგისპიათ. ეს თქვენი საქციელი სიკვდილისოდენად და უფრო უბოროტესადაც კი მეჩვენა"-ო47. აქედან ჩანს, რომ სომეხთა კათალიკოსს იმდენად ცურტაველი ეპისკოპოზის „გადაყენება" არ აწუხებდა, რამდენადაც სომხური მღვდელმსახურების მოსპობა. ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელის წინააღმდეგ წამოყენებულ ამ ორ ბრალდებათა შორის აბრაამი ამას უფრო მძიმე დანაშაულად სთვლიდა. ეს საკითხი სომეხთა მოწინავე პირებსაც აღელვებდა თურმე და სმბატ გურგანელი მარზპანი და სხვა წარჩინებული სომხები იწერებოდნენ: „თუმცა კი ხმა გავრცელდა, რომელიც მდაბიოთაგან მქონდა გაგონილი, მაგრამ ნაკლებად მჯეროდა. ხოლო აქ მყოფ ცურტაველ ეპისკოპოზისაგან დავრწმუნდი და გავიგე და ძალიანაც აღვშფოთდი, რადგან, თუმცა ჩვენი და თქვენი ქვეყნის წარჩინებულთა შორის მოყვრობა-ნათესაობა იყო, მაგრამ სწორედ ეგ წმიდა სამარტვილო, რომელიც ცურტავის თქვენ პატივცემულ ეკლესიაში დაფუძნდა, და სომხური მღვდმლმსახურება და წესიც, რომელიც (იქ) თქვენში იქმნა შემოღებული, ჩვენთვის ფიცის მსგავსად სიმტკიცესა და რწმენას შეადგენდა, ეხლა კი ამის ამოკვეთით მტრობას სთესავთ"-ო48. ასე გამოუდვიათ თავი სომეხთა დიდებულებს ერთ სამარტვილოში არსებული სომხური წირვა-ლოცვისათვისაც კი.

საკმარისი იყო ატეხილ უთანხმოებაში ეს საკითხი წამოჭრილიყო, რომ ისედაც გართულებული დამოკიდებულება უფრო გამწვავებულიყო. თავისდათავად დოგმატური პაექრობა ისედაც ძნელი შესათანხმებელი იყო, ეხლა კი ისეთი მტკივნეული საკითხიც ზედ დაერთო, როგორიც ეროვნულია.

კჳრიონ კათალიკოსი ამ ახალი ბრალდების სისწორესაც გადაჭრით უარყოფდა. „ჩვენ წირვა (სომხურად) არ მოგვისპია, არამედ ვინც ეპისკოპოსად არის, ქართულიც იცის და სომხურიც და მღვდელმსახურებაც ორსავე ენაზე სრულდება"-ო49.

მაგრამ მოსე ცურტაველი, რომელსაც ეს ბრალდებაც პირველად წამოუყენებია, თავისას მაინც არ იშლიდა და ამტკიცებდა: სომხური „წირვა რომ მოსპობილია, —ცხადი არის, — ხოლო რომ ეპისკოპოზმა ნესტორიანმა, როელიც დანიშნეს, ქართული მწიგნობაც სათანადოდ არ იცის, არამცთუ სომხური, ესეც ცხადი არის"-ო50.

მოსე ცურტაველის უკანასკნელი სიტყვებიდან საფიქრებელი ხდება, რომის ახლად-დანიშნულ ცურტაველ ეპისკოპოზს ქართული და სომხური წირვა-ლოცვის უცოდინარად სთვლიდა. მაგრამ, ეს რომ გაზვიადებული არ იყოს,ისე გამოდის, რომ კჳრიონს სომხურიც მოუსპია და ვერც ქართული შემოუღია. ეს კი ძნელი დასაჯერებელია, ამიტომ მოსე ცურტაველის ცნობა კჳრიონისაგან მოთხრობილი ამბის გაზვიადება-გადასხვაფერებას უნდა წარმოადგენდეს.

კჳრიონს, როგორც ირკვევა, შუშანიკის სამარტვილოში, სადაც წინათ წირვა სომხურად ყოფილა დაწესებული (შუშანიკი სომეხი იყო შთამომავლობით), სომხურის გარდა ქართული წირვის შემოღებაც აუცილებლად საჭიროდ უცვნია და ქართული მღვდელმსახურება დაუწესებია კიდეც: ამგვარად, ქართული და სომხური ენები გაუთანასწორებია და მლოცველთა შემადგენლობისდა მიხედვით სრულებით სამართლიანად ორენოვანი წირვა-ლოცვა შემოუღია.

კჳრიონ კათალიკოსი რომ ამ საკითხს დიდი წინდახედულობითა და სიფრთხილით მოპყრობია, ამას ის გარემოებაც ამტკიცებს, რომ გაქცეული მოსეცურტაველის მაგიერ, რომელიც სომეხი იყო შთამომავლობით, ეპისკოპოზადქართველი არ დაუნიშნავს, არამედ ასურელი, თუ სპარსელი, ყოფილი ნესტორიანი, რომელსაც ავად თუ კარგად ქართულიცა და სომხურიც სცოდნია. უეჭველია, კჳრიონი შეგნებულად და განზრახ მოქცეულა ასე, რომ არავის საფუძველი არ ჰქონოდა ამ მის განკარგულებაში ყოველივე სომხურის დევნა და ქართველთა დაწინაურების წადილი დაენახა. მაგრამ ასეთი ბრალდება მაინც თავიდან ვერ ასცდენია.

§ 33. განხეთქილება

ორივე მხრით მიწერ-მოწერას ისეთი კატეგორიული კილოთი აწარმოებდნენ, საკითხები ისე მწვავედ იყო წამოყენებული, რომ ატეხილი უთანხმოების დაცხრობა და მშვიდობიანობის დამყარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო მოსალოდნელი, თუ რომ ერთ-ერთი მათგანი თავის რწმენას დასთმობდა. მიწერ-მოწერის დასაწყისშივე ეტყობოდა, რომ სომეხთა ეკლესიის მესვეურთ განხეთქილების ჩამოგდება გადაწყვეტილი ჰქონიათ, თუ რომ საქმე მათისურვილისამებრ არ მოგვარდებოდა. უკვე ვრთანესი, სომეხთა კათალიკოსის მოადგილე, მოსე ცურტაველს სწერდა, რომ თუ ქართველები თავისას არ დაიშლიან და წინააღმდეგობას გაგვიწევენ, „ფეხთა მტვერს მივაყრით"-ო51.

კჳრიონ ქართლისა კათალიკოსი და აღმ. საქართველოს მმართველი წრეები კი თავიანთ თავს მართლად სთვლიდნენ და თავიანთ მხრივ დასათმობი არაფერი ეგულებოდაო. პირიქით, კჳრიონმა თავის მეორე წერილში აბრაამ კათალიკოსს გადაჭრით და მკაცრად შეუთვალა „თუ ერთობისა და სიყვარულის დაცვა და ჩვენთან მშვიდობიანი განწყობილება გინდათ ისევე, როგორც ჩვენი და თქვენი მამები ცხოვრობდნენ, ჩვენ მშვიდობიანობისათვის მზადა ვართ. ხოლო თუ სხვანაირს რამეს ფიქრობთ, მეტად თავს ნუ-ღა შეიწუხებთ და ამისთანა კვლავ აღარ მოგეწეროთ. თუ არა და, მხოლოდ თუ ოდესმე ღმერთი იერუსალემში წმიდა ადგილების თაყვანისსაცემად მაღირსებს და გზად მომიხდეს გავლა, თორემ სხვა არაფერი საქმე სომხებთან არა მაქვს"-ო52.

კჳრიონმა თავის უკანასკნელ წერილშიაც აბრაამს სიტყვა მოკლვდ და კატეგორიულად მოუჭრა: „თუ რომ ჩვენი სარწმუნოების გამოძიება და ცოდნა გნებავთ, მე გადმოვათარგმნინე და გაახელით ოთხთა კრებათა წიგნები, რომლითაც ჰრომნი ხელმძღვანელობენ და ანასტას წმიდასა და წმიდა სიონში იქადაგების. გინდათ, თუ არა, ჩვენი სარწმუნოება ეს არის"-ო53.

ასეთი გადაჭრილი პასუხის შემდგომ მიწერ-მოწერას უკვე აღარავითარი აზრი არა ჰქონდა. ასევე გაიგო სომეხთა კათალიკოსმაც, მაგრამ პაექრობისშეწყვეტის მაგიერ მან სრული და საბოლოო განხეთქილების ჩამოგდება ირჩიადა 607-8 წელს54 რგვლივმოსავლელი ეპისტოლე გამოსცა, რომლის ბოლოშიაც ნათქვამი იყო: „ჩვენ ბერძნების შესახებ პირველ მოძღვართა გამოტანილიდადგენილების ქართველებზეც გავრცელებას ვბრძანებთ, — რომ მათთან სრულებით არავითარი დამოკიდებულება არ ჰქონდეთ არც ლოცვაში, არც ჭამა-სმაში, არც მეგობრობაში, არც შვილების აღზრდაში, რომ მცხეთისა და მანგლისის ჯვრების კარზე სალოცავად აღარ გაემგზავრნენ ხოლმე და ჩვენ ეკლესიებში არ შემოუშვან, ერთმანეთშორის ჯვარის წერასაც სრულებით თავი დაანებონ. ნებადართულია მათგან მხოლოდ ყიდვა-გაყიდვა, ვითარცა ებრაელთაგან. ამ განკარგულებას ძალა ალბანელების შესახებაც ჰქონდეს"-ო55. გასცეს თუ არა ქართველებმა და ალბანელებმა თავის მხრივ პასუხი და თითონაც შეაჩვენეს სომხები, „ეპისტოლეთა წიგნი"-დან არა ჩანს. რასაკვირველია, ამ სახით ეს განკარგულება არასდროს არ განხორციელებულა, მაგრამ ამიერიდან ქართველთა და სომეხთა შორის ის სარწმუნოებრივი კავშირიც გაქრა, რომელიც წინათ მათ აერთებდათ და ასეთუისე აძლიერებდათ: პოლიტიკურ-კულტურული გეზისა და სიმპათიების გაყრასთან ერთად მათი სარწმუნოებრივ სარბიელი გზებიც ერთმანეთს დაშორდნენ.




ივანე ჯავახიშვილი

ნაწყვეტი "ქრთველი ერის ისტორიიდან", ტ. 1

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента