ЭКОНОМИКА

აფხაზეთში მიგრაციული პროცესები პიკს აღწევს

20.11.15 15:49




„დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" აღიარებულ აფხაზეთს, აფხაზები ტოვებენ და საცხოვრებლად დსთ-ს ქვეყნებში მიდიან. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას განმარტებით, თუ ქართული მოსახლეობის შემცირება ეთნიკური წმენდისა და იძულებით დეპორტირების შედეგად მოხდა, აფხაზი მოსახლეობის შემცირება განპირობებულია იმ ბუნებრივ-მიგრაციული პროცესებით, რომლის საფუძველია ეკონომიკური და პოლიტიკური ქაოსი.



ასევე იმ გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობებითა და კრიმინოგენური ვითარებით, რაც, მისივე თქმით, ამჟამად აფხაზეთში სუფევს. როგორც ბარამია ამბობს, სავალალო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგანან აფხაზები.

–„თვითონ აფხაზებმა მითხრეს, რომ დაახლოებით 45 ათასამდე აფხაზი ცხოვრობს დღეს აფხაზეთში და ორჯერ მეტია სხვა ეროვნების ადამიანები. ძალიან ბევრი აფხაზის განცხადებაა შემოსული ჩემთან, ისინი ითხოვენ სამედიცინო დახმარებას. აგრეთვე არიან აფხაზები, რომლებმაც ჩვენ მოგვმართეს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის თხოვნის შესახებ.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში 200-ზე მეტი აფხაზია ჩემთან მოსული მიღებაზე. თითქმის ყველა კატეგორიის ადამიანია წარმოდგენილი, რომელთაც სურთ, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა," – აღნიშნა გიორგი ბარამიამ.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი აფხაზეთის მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა უცნობია. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბოლო აღწერა 2003 წელს ჩაატარა. ამ აღწერაში ცალკე გრაფადაა აღნიშული მეგრული გვარის მატარებელი მოსახლეობის რაოდენობაც. აღწერის თანახმად, აფხაზური ეთნოსი დომინირებს გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონში. რაც შეეხება სომხებს, ისინი გაგრაში, სოხუმში, გულირიფშის რაიონში და აფხაზურ ზონაში დომინირებენ და საკმაოდ დიდი მაჩვენებლით უსწრებენ აფხაზებს.

2003 წლის აღწერის შედეგები ასე გამოიყურება:

(ალბათ აღარავის უკვირს, რომ სოხუმის დე–ფაქტო რეჟიმის სტატისტიკოსები ქართველსა და მეგრელს ერთმანეთისაგან მიჯნავენ)

აფხაზეთის ტერიტორიაზე სულ 43,8% აფხაზი ცხოვრობს; 20,8% სომეხი; 19,6% ქართველი; 1,7% მეგრელი; 10,8% რუსი; 0,7 ბერძენი; 0,2% ესტონელი და 0,8% უკრაინელი.

ამ მონაცემებით ირკვევა, რომ სოხუმში 56,3% აფხაზი ცხოვრობს, 12,7% სომეხი; 4,0% ქართველი; 0,2% მეგრელი; 16,9% რუსი; 1,5% ბერძენი; 0,1% ესტონელი და 1,6% უკრაინელი.

რაც შეეხება გაგრის რაიონს, აქ 27,7% აფხაზი ცხოვრობს, 44,1% სომეხი; 3,2% ქართველი; 0,1% მეგრელი; 20,0% რუსი; 0,7% ბერძენი, 0,8% ესტონელი და 1,6% უკრაინელი.

ამ აღწერით ირკვევა, რომ გუდაუთის რაიონში 78,8% აფხაზი ცხოვრობს, 11,9% სომეხი; 1,7% ქართველი, 0,1% მეგრელი; 5,9% რუსი; 0,4% ბერძენი; 0,1 ესტონელი და 0,4% უკრაინელი. სოხუმის რაიონში 24,8% აფხაზია რეგისტრირებული; 61,4% სომეხი; 1,9% ქართველი; 0,2% მეგრელი; 7,3% რუსი; 1,6% ბერძენი; 0,1% ესტონელი და 0,5% უკრაინელი. გულირიფშის რაიონი: 24,5% აფახი; 47,5% სომეხი; 13,4% ქართველი; 0,3% მეგრელი; 12,1% რუსი; 0,6% ბერძენი; 0,3% ესტონელი და 0,6% უკრაინელი.

ოჩამჩირის რაიონი: 76,1% აფხაზი; 8,8% სომეხი; 7,9% ქართველი; 1,3% მეგრელი; 3,8% რუსი; 0,3% ბერძენი; 0,1% ესტონელი და 0,4% უკრაინელი. ტკვარჩელის რაიონი: 37,8% აფხაზი; 0,5% სომეხი; 46,4% ქართველი; 8,8% მეგრელი; 4,9% რუსი; 0,2% ბერძენი; 0,1% ესტონელი და 0,4% უკრაინელი. გალის რაიონი: 0,4% აფხაზი; 0,1% სომეხი; 92,6% ქართველი; 6,1% მეგრელი; 0,5% რუსი; 0,1% ბერძენი და 0,1% უკრაინელი.

ცალკე ზონადაა გამოყოფილი კოდრის ხეობა, რომელშიც დღეს ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება. კოდორის ხეობაში 0,5% აფხაზი ცხოვრობდა, 0,1% სომეხი; 97,8% ქართველი; 1,2% რუსი და 0,1% უკრაინელი.

ამ აღწერის მონაცემები დღემდე საეჭვოდ ითვლება რიგი ორგანიზაციებისთვის. კერძოდ, სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს მონაცემებით, დღეისათვის აფხაზეთში მცხოვრები სომხების რაოდენობა 67 ათას აღწევს, ხოლო აფხაზების რაოდენობა 80 ათასს არ აღემატებოდა. მათ შორის 30 ათასი აფხაზი არ ცხოვრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი სამუშაოდ არიან წასული რუსეთში ან თურქეთში.

დამოუკიდებელი წყაროების მონაცემებით, ამჟამინდელი აფხაზეთის მოსახლეობის სრული შემადგენლობა ასეთი: 240-250 ათასი კაცი, მათ შორის 80 ათასი აფხაზი, მათგან 30 ათასი არ ცხოვრობს აფხაზეთში, 65 ათასი სომეხი, 55 ათასი ქართველი (გალის რ-ში), 25 ათასი რუსი და 1 500-მდე სხვა და სხვა ეროვნების მოქალაქე.

ოფიციალური მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე, 1992 წლის 1 იანვრისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 535 061 კაცს შეადგენდა, ხოლო 1997 წლის შესაბამისი პერიოდისთვის – 145 586 კაცს. როგორც ირკვევა, ომის შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობა 388 075 ადამიანით შემცირდა.

მოსახლეობის შემცირებას მეტ-ნაკლებად დაექვემდებარა აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი, მაგრამ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით დაზარალდა აფხაზეთის ქართული მოსახლეობა.

1992 წლის 1 იანვრისთვის აფხაზეთში ქართველთა რაოდენობა 244, 872 ადამიანს შეადგენდა, ხოლო აფხაზების 94.767 ადამიანს. 1997 წლის შესაბამისი პერიოდისათვის აფხაზეთის მოსახლეობა 53,993 კაცს შეადგენდა. ქართველი ექსპერტების მონაცემებით, აფხაზთა დიდმა ნაწილმა, კონფლიქტის დაწყებისთანავე დატოვა აფხაზეთის ტერიტორია, ვინაიდან არ ისურვა ძმათამკვლელ ომში მონაწილეობის მიღება, ამჟამად მათ დაბრუნების საშუალება არა აქვთ იმ მიზეზით, რომ სეპარატისტების მიერ მოღალატეებად არიან შერაცხულნი.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ 1990-იანი წლების მეორე ნახევარი აფხაზებისთვის უფრო სტაბილური იყო გასვლის თვალსაზრისით. მიზეზი კი არასტაბილური ვითარება და სოციალური პროლემები იყო.

– „აფხაზებისა და რუსების მიგრაცია მაინც დაკავშირებულია სოციალურ საკითხებთან. რუსების ჩამოსვლას მასიური სახე არ ჰქონდა. მაგრამ, როდესაც დაიწყო ლაპარაკი სოჭის ოლიმპიადაზე და როდესაც დაიწყო გარკვეული მშენებლობები აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამას უკვე მოჰყვა რუსი მუშების შემოსვლა.

რაც შეეხება საერთო სურათს, არც ერთ მონაცემებში არ წერია, რომ დაახლოებით 200-მდე ქართველი ცხოვრობს გაგრაში. გვარად არაბიძე არის გამწვანების უფროსი. მისი შვილი არის ძალიან ცნობილი რენდგენოლოგი, ერთადერთია მთელს აფხაზეთში. ის ქართველია და მამა თუ აფხაზია, არ ვიცი. რაღაცა რაოდენობა ქართველებისა არის სოხუმშიც და ტყვარჩელშიც. ციფრებით მანიპულირება ხდება," – ამბობს მამუკა არეშიძე.

დინამიკა რომ აფხაზების სასარგებლო არაა, ამას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ აფხაზები ჯერ-ჯერობით იბრძვიან იმისათვის, რომ მინიმუმზე იყოს დასული აფხაზების საწინააღმდეგოდ მიმართული პროცესი.

„აშკარაა, რომ აფხაზები დღეს უმცირესობაში არიან დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფთან შედარებით. თუ მთელი მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, ვნახავთ, რომ აფხაზები ორჯერ ნაკლები არიან დანარჩენ მოსახლეობაზე, რაც მათთვის შემაშფოთებელი და კატასტროფულია. რესურსები არ ყოფნით იმისთვის, რომ სახელმწიფო მართონ. დღეს აფხაზური ენის პრობლემა იმდენად სერიოზული არ დგას, როგორც დემოგრაფიული პრობლემა," – ამბობს კონფლიქტოლოგი.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთში დემოგრაფიული პრობლემა დღეს და ხვალ თავისი შედეგებით თავს არ იჩენს, მაგრამ 10 წლის თავზე უკვე სერიოზული პრობლემა იქნება.

„ყველა დასახლებაში ახლა აფხაზი იმაზე ნაკლებია, ვიდრე იყო ომამდე.

აშკარად ჩანს, რომ 2008 წლის აგვისტომდე აფხაზები გადიოდნენ აფხაზეთიდან. 95% მიდიოდა რუსეთში, უფრო უკრაინისკენ, მოსკოვისა

და ბელორუსიისკენ აქვთ აფხაზებს ყურადღება გამახვილებული. ამის მიზეზი არის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა.

კრიმინოგენური ფონიც ძალიან ცუდია, მაგრა ეს აფხაზებისთვის არაა გადამწყვეტი. უფრო გადამწყვეტია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში, ალბათ, ბევრი აფხაზი დაბრუნდება უკან,"

– მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება რუს ოკუპანტთა საერთო რაოდენობას, კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ სტატისტიკურ მონაცემებს არ ემთხვევა რუსების შემოსვლა.

– „უფრო გასული არიან, ვიდრე შემოსული. 2008 წლის აგვისტომდე იქ 16 ათასი რუსი იყო, შეიძლება, მათი რიცხვი გაიზარდა, მაგრამ არა მგონია, რომ 20 ათას აღემატებოდეს მათი რაოდენობა. ვერ ვიტყვი, რომ რუსები ხშირად შემოდიან.

მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსებმა გამალებით დაიწყეს სამხედრო ბაზების მშენებლობა, მათ მოჰყვებიან ოფიცრები და მათი ოჯახები, რომლებიც აუცილებლად დარჩებიან აფხაზეთში საცხოვრებლად.

ასეთი ხელშეკრულება აქვს დადებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას რუსეთის ხელისუფლებასთან, რაც შეშფოთებას იწვევს თვით აფხაზებში. ამიტომ, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, შეცვალოს საქართველოს ხელისუფლება და ახალი პოლიტიკა აწარმოოს აფხაზეთის მიმართულებით. დრო კიდევ გვაქვს, რათა აფხაზებს ღირსეული სახელმწიფო შევთავაზოთ, ღირსეული ცხოვრების პირობებში", – აღნიშნა ჩვენთან საუბრსას პაატა ზაქარეიშვილმა. (ანი გოდერძიშვილი)

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента