ЭКОНОМИКА

სომხეთი – იძულებითი არჩევანი

20.11.15 15:50




1 იანვრიდან, საბაჟო კავშირის საფუძველზე, რომელშიც რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი შედიან, ახალი გაერთიანება - ევრაზიული კავშირი შეიქმნა. 2 იანვარს მას ოფიციალურად საქართველოს მეზობელი სომხეთი შეუერთდა. ევრაზიული კავშირის წევრებს საერთო ეკონომიკური საზღვრები და საბაჟო ტარიფები აერთიანებთ. თუმცა, ერევანში ამ კავშირს ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკურ გაერთიანებად აღიქვამენ და სომხეთის მასთან შეერთების მიზეზებიც უმეტესად პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი სომხეთში ამბობენ, რომ ევროინტეგრაციაზე უარი და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება იძულებითი ნაბიჯი და მოსკოვის მხრიდან ზეწოლის შედეგი იყო.



1 დეკემბერს, პარლამენტში ხელშეკრულების რატიფიცირების პირველი მოსმენით განხილვას საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან სულ 10-15 ახალგაზრდა აპროტესტებდა, რომლებიც ამ ხელშეკრულების გაფორმებას სომხეთის დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასად განიხილავდნენ.

დიდი აჟიოტაჟი არც პარლამენტის სხდომათა დარბაზში იგრძნობოდა - დებატებს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების თემაზე 131-დან სულ 50-მდე დეპუტატი თუ ესწრებოდა.

ოპოზიციურ პარტიებს საერთო ჯამში პარლამენტში 60 ადგილი უკავია. ყველაზე დიდი ფრაქცია აყვავებული სომხეთია, რომლის ლიდერი ცნობილი ბიზნესმენი და ხელისუფლების ყოფილი ახლო მოკავშირე გაგიკ წარუკიანია. პარლამენტში ასევე წარმოდგენილია ოპოზიციური ეროვნული კონგრესი, დაშნაკცუტუნი, ორინაც ერქირი („კანონის ქცვეყანა") და მემკვიდრეობა. ფაქტობრივად, საგარეო პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიების შეხედულებები ხელისუფლების შეხედულებებისგან დიდად არ განსხვავდება, ერთადერთ პროდასავლურ ძალად საკანონდებლო ორგანოში მემკვიდრეობა ითვლება, რომლის ლიდერი სომხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, 2013 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი რაფი ოვანესიანია. მემკვიდრეობა პარლამენტში სულ ხუთი დეპუტატით არის წარმოდგენილი.

სომხეთში პროდასავლური ფლანგის სისუსტის მიზეზი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრადიციულად რუსეთზე დამოკიდებულებაა, რომელიც ასახვას შიდა პოლიტიკაშიც ჰპოვებს - პოლიტიკური ძალები გარე ლეგიტიმაციას პირველ რიგში რუსეთში ეძებენ და ერთმანეთს კრემლის მხარდაჭერას ეცილებიან. ასე იყო 2008 წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროსაც, როდესაც ოპოზიციის ლიდერი, სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ პეტროსიანი საკუთარ მომხრეებს არწმუნებდა, რომ რუსეთში მხარდაჭერა მოიპოვა.

ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბრამდე სომხეთი ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოსაწერად ემზადებოდა. თუმცა, 3 სექტემბერს, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა საბაჟო და ევრაზიულ კავშირს შეუერთდება. რაც არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, ხელსუფლების წარმომადგენლებისთვისაც სრული მოულოდნელობა გახდა.

ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე, 13 აგვისტოს, ვლადიმირ პუტინი ბაქოს ეწვია. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მოლაპარაკებამ ხაზგასმით კეთილგანწყობილ ატმოსფეროში ჩაიარა. ეს ვიზიტი ერევნისთვის თავისთავად შემაშფოთებელი უნდა გამხდარიყო. თუმცა, გარდა ამისა, 2013 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა აზერბაიჯანის მიერ რუსეთისგან შეიარაღების, მათ შორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების С-300 და მძიმე საბრძოლო ტექნიკის შესყიდვის შესახებ. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გარიგების მოცულობა მილიარდ აშშ დოლარს აღწევდა. მართალია, რუსეთი შეიარაღებას სომხეთსაც აწვდის, თან საკმაოდ შეღავათიან ფასებში, ასევე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მიხედვით მისი გარე აგრესიისგან დაცვის ვალდებულებას იღებს, მაგრამ მოსკოვის სამხედრო თანამშრომლობა ბაქოსთან იმის აშკარა დემონსტრირება გახდა, რომ ძალთა ბალანსი სამხრეთ კავკასიის ორ დაპირისპირებულ სახელწიფოს შორის სწორედ მოსკოვზეა დამოკიდებული.

მას შემდეგ სომხეთის მთავრობა, რომელიც ასოცირების შეთანხმების მომზადებაზე მუშაობდა, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომზადებაზე გადაერთო, ხელსუფლებამ კი პრორუსული გაერთიანების წევრობის მოგებიანობაზე დაიწყო საუბარი.

სარგებელს გაერთიანებაში წევრობისგან სომხეთის ხელისუფლებაში რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირებით ხსნიან. სომხეთის საგარეო ვაჭრობის 23 პროცენტი რუსეთზე მოდის (ევროკავშირზე - 27 პროცენტი). უცხოურ ინვესტიციებში რუსული ინვესტიციების წილი 40 პროცენტია. უცხოეთიდან ფულადი გზავნილების 80 პროცენტი (2 მილიარდ დოლარამდე წელიწადში) ისევ რუსეთზე მოდის.

„სომხეთს რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობა აქვს საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში. რუსეთის და სომხეთის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა", - ასე ახასიათებს ორი ქვეყნის ურთიერთობას სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე არტაკ ზაქარიანი.

ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს შეფასებთ, საბოლოო ჯამში, სომხური საექსპორტო საქონელი ევრაზიულ კავშირში ქვეყნის გაწევრიანების შედეგად 7-8 პროცენტით უნდა გაიაფდეს. საბაჟო კავშირში მოქმედ ტარიფებთან იმ საბაჟო ტარიფების შესაბამისობაში მოყვანა, რომელთა ცვლილება სომხეთისთვის დღეს მოგებიანი არ იქნებოდა - მაგალითად, ავტომანქანების განბაჟების გაზრდა, შეთანხმების მიხედვით, 2-5 წლით გადავადდა.

ევრაზიულ კავშირში მის პარტნიორებთან შედარებით რიგი პარამეტრებით სომხეთი საკმაოდ წინაა. Doing business 2013 წლის რეიტინგში სომხეთს, საქართველოს (მე-8 ადგილი), ესტონეთისა და ლიტვის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მაღალი - 37-ე ადგილი უკავია (ყაზახეთი - 50, ბელარუსი - 63, რუსეთი - 92).

საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ შედგენილი კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, სომხეთში კორუფციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ის მაინც რუსეთზე, ბელარუსსა და ყახაზეთზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა - სომხეთი მსოფლიოში 94-ე ადგილზეა. მაშინ როცა ბელარუსი 199-ზე, ყაზახეთი 126-ე და რუსეთი 136-ე ადგილზე.

Freedom House-ის 2014 წლის რეიტინგის მიხედვით, სომხეთი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ რუსეთზე, ბელარუსსა და ყაზახეთზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია. სომხეთი „ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, თავისუფლების რეიტინგით 4.5, ხოლო რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი - არათავისუფალ ქვეყნებს (შესაბამისად, 5.5, 6.5 და 5.5 ქულით).

Freedom House-ის შეფასებით, სომხეთი, ევრაზიულ კავშირში მისი პარტნიორების მსგავსად, არათავისუფალი ქვეყნების სიაშია პრესის თავისუფლების მხრივ, თუმცა მედიის მდგომარეობა სომხეთში მის ევრაზიელ პარტნიორებთან შედარებით მაინც უკეთესია (პრესის თავისუფლების ინდექსი სომხეთში - 62-ია, რუსეთში - 81, ბელარუსში - 93, ყაზახეთში - 85).

ეს ფაქტორი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების საკითხზე დებატების დროს სომხეთში არაერთხელ წამოწეულა. თუმცა, არტაკ ზაქარიანი არ მიიჩნევს, რომ რუსეთთან, ყაზახეთთან და ბელარუსთან ერთობლივ გაერთიანებაში შესვლის შემდეგ სომხეთში ამ მიმართულებით რეგრესი არის მოსალოდნელი. "ევრაზიული კავშირი ეკონომიკური გაერთიანებაა და არ ვფიქრობ, მასში გაწევრიანებას უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს", - ამბობს ზაქარიანი. იგი ამტკიცებს, რომ სომხეთი დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას ცდილობს, რომელიც ევროპულ გზას არ გამორიცხავს, რადგან, დეპუტატის თქმით, სომხეთი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია.

„ევრაზიული კავშირი მხოლოდ ეკონომიკური კავშირია და არ ზღუდავს პოლიტიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან. ხელშეკრულება ეხება მხოლოდ საბაჟო ურთიერთობებს და ტარიფებს. ეს (ევრაზიული კავშირი) დიდი ბაზარია, ევროპულ ბაზარზე კი ჩვენი საქონელი ჯერჯერობით არ არის კონკურენტუნარიანი", - განმარტავს სახელისუფლებო ფრაქციის წარმომადგენელი.

ზაქარიანი ამტკიცებს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ბევრი რეფორმა ჩატარდა, ერევანი განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირთან და „არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ რაღაც შემობრუნება მოხდა". ზაქარიანის თქმით, სომხეთს იმედი აქვს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხების პოლიტიკურ ნაწილს და შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მომავალში მოაწერს ხელს.

სომხეთის პარლამენტმა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას კენჭი 4 დეკემბერს უყარა და 103 ხმით დაამტკიცა, წინააღმდეგი მხოლოდ 7 დეპუტატი იყო. მმართველი რესპუბლიკური პარტიის ფრაქციასთან ერთად ხელშეკრულების რატიფიცირებას ხმა ოპოზიციონერ დეპუტატთა უმრავლესობამაც მისცა.

ფრაქცია დაშნაკცუტუნის თავმჯდომარე აღვან ვარდანიანი აცხადებს, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან, უსაფრთხოების მოტივებიდან გამომდინარე, ქვეყანას სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

„სომხეთს არც ეკონომიკური, არც სამხედრო შესაძლებლობა ჰქონდა, რომ რუსეთისთვის უარი ეთქვა", - აღნიშნავს დეპუტატი. მისი თქმით, მოსკოვს ერევანზე ზეწოლის რამდენიმე ბერკეტი აქვს - ქვეყნის უსაფრთხოება, რომელიც დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული, ასევე ფასები რუსულ გაზზე (რომელსაც გაზპრომი ქვეყანას დღეს შეღავათიან ფასად - ათას კუბურ მეტრში 189 დოლარად აწვდის) და რუსეთში მყოფი მილონამდე სომეხი შრომითი მიგრანტი. ვარდანიანის აზრით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შედეგი ამ სტატუსკვოს შენარჩუნება გახდება, ეკონომიკაში კი არაფერი შეიცვლება, „მაგრამ ის, რომ რუსეთი დომინანტია, უკვე საფრთხეა".

ასევე ქვეყნის იძულებით არჩევანზე საუბრობს სომხეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების, ეროვნული კონგრესის სპიკერი არმან მუსინიანი.

მისი თქმით, სომხეთში არ არის და ალბათ არც იქნება ანტირუსული განწყობა და მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა თავის მომავალს ეკონომიკის და უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთს უკავშირებს.

„კარგი იქნებოდა, რიმ არ ვმდგარიყავით არჩევანის წინაშე, მაგრამ ვდგავართ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მომზადების პროცესი არ მოგვწონდა, რადგან ვიცოდით, რომ რუსეთი ამაზე რეაგირებას მოახდენდა. ევროპა უსაფრთხოების გარანტიებს არ მოგვცემდა. ამის მაგალითია ის, რაც უკრაინაში ხდება", - აცხადებს არმან მუსინიანი.

მისი აზრით, რეგიონში უსაფრთხოების ორი მოქმედი ფორმატი არსებობს - რუსეთი და NATO. მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ არის მზად მისცეს სომხეთს უსაფრთხოების გარანტიები, შესაბამისად, ერევანმა არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.

ფრაქცია მემკვიდრეობის წევრი ზარუჰი პოსტანჯიანი კი იმ მცირერიცხოვან დეპუტატთაგანია, რომლებიც სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ღიად გამოვიდნენ. „ბატონ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს. მაგრამ ჩვენ დამოუკიდებელ სომხეთში გვსურს ცხოვრება", - განაცხადა პოსტანჯიანმა. დეპუტატის თქმით, იგი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ერევნისთვის პრორუსული გაერთიანების წევრობა ეკონომიკურად და უსაფრთხოების თვალსაზრისით მოგებიანი იქნება.

„დარწმუნებული ვარ, ამ კავშირს მომავალი არ გააჩნია... როდესაც ერთ კავშირში შედიხარ ქვეყანასთან, რომლის ეკონომიკა ინგრევა, ამას უზარმაზარი ზარალი მოჰყვება და ეს შენს უსაფრთხოებაზეც იმოქმედებს", - მიიჩნევს პოსტანჯიანი. მისი აზრით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება სომხეთისთვის ბევრად პერსპექტიულია.

მოგება, რაც სომხეთს შეეძლო მიეღო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისგან, მან ხელშეკრულების ძალაში შევლამდე უკვე მიიღო - ეს სტატუსკვოს შენარჩუნებაა. ამის შესახებ კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ისკანდარიანი საუბრობს.

მისი თქმით, პირველ რიგში ეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ) შენარჩუნებას ეხება, რაც ერევნისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ქმნის. მეორე ფაქტორი კი რუსული გაზის ფასებია.

„საეჭვოა, სომხეთმა რაიმე ფინანსური მოგება მიიღოს ევრაზიული კავშირისგან, რადგან თავად რუსეთი რთულ მდგომარეობაშია და არ ვიცით, იარსებებს თუ არა ევრაზიული კავშირი 10 წელიწადში. რადგან ის შეიქმნა უკრაინისთვის და მის გარეშე აზრს კარგავს", - მიჩნევს ისკანდარიანი. მისი აზრით, რუსეთისთვის სომხეთი ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენს.

თუმცა, ექსპერტის აზრით, ერევნის გადაწყვეტილებას ევრაზიული კავშირში გაწევრიანების შესახებ წინ უძღოდა რუსეთის მიერ შეიარაღების მიყიდვა აზერბაიჯანისთვის, ასევე „სიგნალები" იმის შესახებ, რომ ზამთარში სომხეთისთვის გაზის ფასი 500 დოლარი გახდებოდა.

სომხეთისთვის წითელი ხაზი უსაფრთხოების საკითზე გადის, სადაც რუსეთი შეუცვლელია, - ამბობს ისკანდარიანი. მისი თქმით, „ჩვენ გვაქვს მაგალითი, რომელიც საქართველოს უკავშირდება. 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე ბატონმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. შედეგად ის მივიღეთ, რომ რუსული ტანკები თბილისიდან 25 კილომეტრში გაჩერდნენ. გმადლობთ, სხვა დროს - ამბობს სომხეთის პოლიტიკურ ელიტა".

მისი თქმით, მეორე წითელი ხაზი სომხეთისთვის განვითარებაა. „რუსებთან იარაღისთვის უნდა მიხვიდე, განვითარებისთვის რუსებთან, ყაზახებთან და ბელარუსებთან ვერ მიხვალ. ისევე როგორ ევროკავშირს ვერ მოსთხოვ უსაფრთხოებას. მაგრამ განვითარებისთვის, მენეჯმენტისთვის, სტრუქტურების სრულყოფისთვის უნდა მიმართო ევროპელებს. სომხეთი ცდილობს ორივეს, არსებული შესაძლებლობების დერეფნის ფარგლებში, ეს საერთოდ სომხური პოლიტიკის არსია", - ამბობს ისკანდარიანი.

ცხადი იყო, რომ სომხეთი რუსეთს უარს ვერ ეტყოდა, რადგან ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ იქნება, - მიიჩნევს პოლიტიკური მიმომხილველი ტატულ აკოპიანი.

თუმცა, მისი აზრით, ევრაზიულ კავშირს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია, რადგან მასში შემავალი ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.

„ეს პუტინის ქმნილებაა და მას ისეთივე დასასრული ელოდება, როგორიც სხვა პოსტსაბჭოთა ინტეგრაციულ გაერთიანებებს, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გამო სომხეთი წლებს დაკარგავს", - მიიჩნევს ექსპერტი.

მისი აზრით, ევრაზიულ კავშირში შესვლით სომხეთი სუვერენიტეტის ნაწილს დაკარგავს და „დე ფაქტო დე იურედ იქცევა". ამავე დროს, იგი არ ეთანხმება აზრს, რომ მოსკოვის მოთხოვნების შესრულება ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს.

„ძალიან არასწორია იმის მტკიცება, რომ უსაფრთხოების გარანტია მივიღეთ. იგულისხმება, რომ რუსეთს შეუძლია ყარაბაღი გადასცეს აზერბაიჯანს, მაგრამ არსებობს გარანტია, რომ მოსკოვი იმავეს არ გააკეთებს მას შემდეგ, რაც სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრი გახდება?", - კითხულობს ტატულ აკოპიანი.

მისი აზრით, „რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია სომხეთი აიძულოს დათმოს რაღაც ტერიტორიები ყარაბაღის გარშემო. ყარაბაღი შეიძლება კვლავაც გახდეს გარიგების საგანი მოსკოვისთვის, რომ გააუმჯობესოს აზერბაიჯანთან ურთიერთობა".

აკოპიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა არა უსაფრთხოების მოტივით, არამედ იმის გამო, რომ საკუთარი ლეგიტიმურობის პრობლემა აქვს.

დამოუკიდებლობის დაკარგვის დასაწყისად მიიჩნევს სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი სტეფან საფარიანი. მისი აზრით, ეს კავშირი არა ეკონიმიკური, არამედ პოლიტიკური პროექტია.

„სომხეთს არ აქვს ბევრი რესურსი, ქვეყანა ბლოკადაშია, ამ მხრივ გვაქვს ერთი არჩევანი - გავხდეთ ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო. ევროკავშირის წევრი თუ არა, ევროპული ტიპის სახელმწიფო მაინც", - ამბობს საფარიანი.

ევრაზიული კავშირი კი, მისი აზრით, ავტორიტარული სახელმწიფოების კლუბია. შესაბამისად, სომხეთშიც მოსალოდნელია მხოლოდ რეგრესი დემოკრატიული მმართველობისა და ტრანსპარანტულობის კუთხით.

„არ მჯერა, რომ სომხეთში შეიძლება იყოს მოაზროვნე და ინფორმირებულ ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ სომხეთს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება სჭირდება", - აცხადებს ერევნის პრესკლუბის პრეზიდენტი ბორის ნავასარდიანი.

მისი აზრით, ევრაზიული კავშირის მხარდაჭერა ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის კონიუნქტურა და კარიერის გაკეთების შესაძლებლობაა, ზოგიერთისთვის კი კრიზისის მაქსიმალურად მშვიდად გადატანის საშუალება.

ნავასარდიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის ხელისუფლებას უნდა გაეგრძელებინა მოლაპარაკება ევროკავშირთან, მით უმეტეს, რომ იგივე უკრაინისგან და თუნდაც საქართველოსგან განსხვავებით, ასოცირების შეთანხმება რუსეთს ხელს არანაირად არ უშლიდა. „რუსეთთან დიპლომატიური გზებით უნდა გვემუშავა და დაგვერწმუნებინა, რომ რუსეთს ეს არ ავნებდა, მისი ზარალი წმინდა სიმბოლური იყო - ის, რომ სომხეთი რუსეთს და ევროკავშირს ერთ დონეზე აყენებს", - განმარტავს ნავასარდიანი. სომხეთი რჩებოდა ОДКБ-ს წევრად და ევროკავშირის წევრობის სურვილს არ გამოთქვამდა. შესაბამისად, ექსპერტის აზრით, მოსკოვისთვის არაფერი იცვლებოდა.

ნავასარდიანის აზრით, სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ აქამდე სომხეთმა ვერ იპოვა ვერც შეიარაღების და ვერც ბუნებრივი აირის ალტერნატული მომწოდებელი. ახლა კი, მისი თქმით, ქვეყანას წინააღმდეგობის რესურსი აღარ გააჩნია. კერძოდ, თუ რუსეთი მოისურვებს, სომხეთს რუბლის ზონაში შეიყვანს, ან გამოიყენებს სომხურ შეიარაღებულ ძალებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ. „რუსეთის პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე და კონკრეტულად სომხეთის მიმართ ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება", - მიიჩნევს ნავასარდიანი.

ექსპერტის თქმით, 2012 წლის ბოლომდე სერჟ სარგსიანი აცხადებდა, რომ ევროინტეგრაციის მომხრეა, იმავე პოზიციაზე იყვნენ ოპოზიციური ძალებიც. თუმცა, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, პარტია მემკვიდრეობის წევრთა ნაწილის გარდა, შეხედულებები ხელისუფლებასთან ერთად უცებ შეიცვალა.

ნავასარდიანის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ სომხეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლა რუსეთზეა დამოკიდებული. „თუ მთავრობამ გადაუხვია რუსეთის ინტერესებს, ოპოზიცია მიიღებს მხარდაჭერას რუსეთიდან - ფინანსებს, მედიამხარდაჭერას და ა. შ. და ხელისუფლების შეცვლას რამდენიმე კვირა დასჭირდება", - აცხადებს ნავასარდიანი.

ნავასარდიანი, ისევე როგორც სომეხი ექსპერტების დიდი ნაწილი, ასევე მიიჩნევს, რომ „ევრაზიული პროექტი" მალე დასრულდება, რადგან მოსკოვს მისთვის რესურსები აღარ აქვს. მისი აზრით, ევრაზიული კავშირის დასასრული მისი შექმნის თარიღიდანვე დაიწყო.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента