ЭКОНОМИКА

აფხაზეთის ისტორიული ფესვების წრმომავლობა ნაწილი (პირველი)

20.11.15 15:59



ქართული სახელმწიფოებრიობა, სულ ცოტა, 35 საუკუნოვან ისტორიას ითვლის. ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან არსებული ლეგენდარული კოლხეთის სამეფო მოიცავდა საქართველოს თანამედროვე ტერიტორიის მეტ ნაწილს, მათ შორის აფხაზეთს. იმ პერიოდიდან ქართველებით დასახლებული აფხაზეთის ამჟამინდელი ტერიტორია უწყვეტად შედიოდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ან ცელკეული ქართული პოლიტიკური ერთეულების (ეგრისი, ლაზიკა და სხვ.) შემადგენლობაში.



ძველქართული მატიანე - "ქართლის ცხოვრება" იწყება ცნობით კავკასიელ ხალხთა ეპონიმების შესახებ. ამ მატიანის მიხედვით, ტერიტორია ლიხის (სურამის) მთებიდან შავ ზღვამდე და მდ. მცირე ხაზარეთამდე (ყუბანი) წილად ხვდა ეგროსს - დასავლელი ქართველების (ეგრების) ეპონიმს.ძველი მწერლებისთვის კარგად ცნობილი აფხაზები "ქართლის ცხოვრებაში" წარმოდგენილი არიან არა უცხო ხალხად, არამედ დასავლელ ქართველთა ორგანულ ნაწილად. ზუსტად იგივე შეხედულება ჰქონდა ანტიკური ხანის თუ შუასაუკუნეების უკლებლივ ყველა რომაულ-ბიზანტიურ ავტორს, ვინც მსოფლიოს ხალხთა გენეოლოგიაზე წერდა. ისინი იცნობდნენ I-II საუკუნეებიდან წყაროებში მოხსენიებულ აფსილებს და აბაზგებს (რომლებსაც ზოგიერთი ავტორი შეცდომით თანამედროვე აფხაზთა წინაპრებად მიიჩნევს), მაგრამ მსოფლიოს ხალხთა ჩამონათვალში მათ ნაცვლად კოლხებს//ლაზებს//ეგრებს ანუ დასავლელ ქართველებს უთითებდნენ. დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის ჩათვლით, არქეოლოგები ერთიან ქართულ (კოლხურ) კულტურას აფიქსირებენ. აფხაზეთში ავტოქტონური ქართული მოსახლეობის მკვიდრობის შესახებ მეტყველებენ ანტროპოლოგიის, ლინგვისტიკისა და ეთნოლოგიის მონაცემები.

სწორედ დასავლელმა ქართველებმა შექმნეს აფხაზეთის სამეფო დედაქალაქით ქუთაისში (VIIIს. დასასრული – Xს.). ამ სამეფოს მთელი პოლიტიკური და, რაც განსაკუთრებით ნიშანდობლივია, ჩვენამდე მოღწეული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა არის მხოლოდ ქართული. არაქართული ეთნოსის მოღვაწეობის არანაირი კვალი არ ჩანს აფხაზეთის სამეფოს იმ ნაწილშიც კი, რომელსაც აფხაზეთის საერისთავო ეწოდებოდა და ანაკოფიის (თან. ახალი ათონი) ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. ამ საერისთავოს ფარგლებში, კერძოდ, ბიჭვინთაში იმყოფებოდა VIII-X და XV-XVIII საუკუნეებში ავტოკეფალური (სხვა დროს კი მცხეთას დაქვემდებარებული) დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) საკათოლიკოსო კათედრა. ისტორიაში კარგად არის ცნობილი აფხაზეთის კათოლიკოსების ვინაობა – ყველა ქართველი იყო. უფრო მეტიც, ცნობილია აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიის ფარგლებში მცხოვრები აფხაზეთის საკათოლიკოსო გლეხების (XVI-XVIIსს.) ასობით გვარი და სახელი, რომელიც ასევე მთლიანად ქართულია.

აფხაზეთის სამეფო წარმოადგენდა იმ ძირითად ბირთვს, რომელმაც გააერთიანა საქართველო. ერთიანი სახელმწიფოს სათავეში იდგნენ აფხაზური (დასავლურ ქართული) სამეფო დინასტიის წარმომადგენლები. XI ს. დასაწყისში ქართულ ენაზე შედგენილი უნიკალური ისტორიული წყაროს "აფხაზ მეფეთა დივანის" მონაცემები ადასტურებენ ამ მეფეთა ეროვნულ კუთვნილებას, მათ ქართველობას. იგივეს ამტკიცებენ აფხაზეთის მეფეთა ან მათი სახელით შესრულებული მრავალრიცხოვანი ქართული წარწერები (არ არსებობს აფსუურ-აფხაზურ ენაზე შესრულებული რაიმე წარწერა). გაერთიანებული საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი XIV ს. შუახანებამდე მაინც აღწევდა ნიკოფსიამდე (V საუკუნემდე ძველი ლაზიკა ერქვა). რომელიც ქ. ტუაფსეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე განვითარების მაღალ დონეს მიაღწია მხოლოდ ქართულმა კულტურამ. ამავე დროს, აღნიშნულ რეგიონში არაქართული მოსახლეობის, მათ შორის აფსუების (დღევანდელ აფხაზთა თვითსახელწოდება) პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეობის კვალი არ შემორჩენილა. შიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ XIIს. მეორე ნახევრიდან მონღოლთა მოწოლის შედეგად აფსუები (I საუკუნეში პლინიუს უფროსი ამ ხალხს ასტრახანის ჩრდილოეთით აფიქსირებს აბზოას სახელით), დაიძრნენ რა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, შემოვიდნენ საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწიეს აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიამდე.

მონღოლთა ასწლოვანი ბატონობის პერიოდში (XIIIს. შუახანებიდან XIV ს. შუახანებამდე) იწყება ერთიანი ქართული სახელმწიფოს დეზინტეგრაციის პროცესი. ჯერ წარმოიშვა იმერეთის სამეფო (აფხაზეთის სამეფოს სამართალმემკვიდრე), რომლის შიგნით დაიწყეს გამოცალკევება სამეგრელოსა და გურიის სამთავროებმა. სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა აფხაზეთის საერისთავო, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას ანაკოფიიდან მდ. ბზიფამდე (დაახლოებით, თანამედროვე გუდაუთის რაიონის ტერიტორიას). სახელგანთქმულმა მეფემ გიორგი V ბრწყინვალემ (1313-1346წწ.) ქვეყანა მონღოლთა უღლისგან გაანთავისუფლა და კვლავ გააერთიანა სრულიად საქართველო ნიკოფსიამდე. აფხაზეთის საერისთავო, როგორც სამეგრელოს სამთავროს ნაწილი, ამჯერადაც ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. გიორგი V ბრწყინვალეს მემკვიდრეებმა, განსაკუთრებით ალექსანდრე I-მა (1412-1443წწ), შეინარჩუნეს და განამტკიცეს ქვეყნის ერთიანობა. მის ფარგლებში იყო მოქცეული აფხაზეთის საერისთავო-დღევანდელი გუდაუთის რაიონი. ანაკოფია, ქ. ცხუმი და მათი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდ. ენგურამდე მდებარე მიწები სამეგრელოს სამთავროს ორგანულ ნაწილს წარმოადგენდნენ, რასაც მოწმობენ მრავალრიცხოვანი ქართული და უცხოური, მათ შორის რუსული წერილობითი თუ კარტოგრაფიული წყაროები. მათგან შიძლება გამოვყოთ მასალები ცხუმში//სოხუმში გენუელთა სავაჭრო ფაქტორიის მოღვაწეობის შესახებ (1354-1475წწ.). ისინი ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებენ, რომ გენუელებს ცხუმში ურთიერთობა ჰქონდათ მხოლოდ სამეგრელოს ("ქვემო ივერიის") მთავრებთან და ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან.

XV ს. ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო რამდენიმე სამეფოდ და სამთავროდ დაიშალა. აფხაზეთის საერისთავო, რჩებოდა რა სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში, სხვა საერისთავოების მსგავსად, მეტი თავისუფლებისთვის იბრძოდა. XVI ს. შუახანებისთვის აფხაზეთის მფლობელებმა თურქეთისა და მისი გავლენის ქვეშ მყოფი წარმართი (ნაწილობრივ მაჰმადიანი) მთიელების დახმარებით თავიანთი მდგომარეობა განიმტკიცეს. იმ პერიოდში მთიელთა მასობრივმა ჩამოსახლებამ მთლიანად შეცვალა აფხაზეთის საერისთავოს – ანაკოფიიდან მდ. ბზიფამდე მდებარე ტერიტორიის – მოსახლეობის ეთნიკური სურათი. შექმნილ ვითარებაში აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი იძულებული გახდა აფხაზეთის საერისთავო დაეტოვებინა და საკათოლიკოსო რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადაეტანა. ფუნქციონირება შეწყვიტეს საერისთავოს ტერიტორიაზე მოქმედმა საკმაოდ მრავალრიცხოვანმა ეკლესიებმა და მონასტრებმა. აფხაზეთის საერისთავოზე სრული კონტროლის აღდგენა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657წწ.) მოახერხა. მანვე ქრისტიანობის აღდგენის მიზნით საერისთავოს ახალი მოსახლეობა (40 ათას კაცამდე) მონათლა და მათ ეპისკოპოსიც დაუნიშნა.

XVI-XVII საუკუნეებში ქართული სამეფო-სამთავროები, რომლებიც 1555 წლიდან ირანმა (ერგო აღმოსავლეთ საქართველო) და თურქეთმა (ერგო დასავლეთ საქართველო) გადაინაწილეს, ამაოდ ცდილობდნენ ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრული, სამფარველო ურთიერთობების დამყარებას. 1638წ. 12 დეკემბერს რუსეთის მეფემ მიხეილ თევდორესძეს ძემ მოსკოვში სამეგრელოს ელჩი მიიღო, 1639 წ. ნოემბრიდან 1640 წ. მაისამდე კი სამეგრელოში რუსი ელჩები სტუმრობდნენ. ამ უკანასკნელთა მიერ შედგენილი ანგარიშები (გამოიცა 1888 და 2005 წლებში) აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე არსებული ეთნოპოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათს გვიხატავენ. ისინი დამაჯერებლად ამტკიცებენ, რომ XVIIს. შუახანებისთვის სამეგრელოს სამთავროს ეთნიკური საზღვარი, სულ ცოტა, კელასურამდე მაინც აღწევდა (სამეგრელოში მოგზაურობისას, რუსმა ელჩებმა დრანდის მონასტერიც დაათვალიერეს), დადიანების პოლიტიკური ძალაუფლება კი თანამედროვე აფხაზეთის მთელს დანარჩენ ტერიტორიაზეც ვრცელდებოდა (მოსკოვში მყოფი სამეგრელოს ელჩის ინფორმაციით, სამეგრელოსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, რომელსაც ლევან II დადიანი ნიშნავდა, ბიჭვინთაში იჯდა). ელჩობის მასალებში არაფერია ნათქვამი აფსუა-აფხაზებზე, თუმცა რუსმა ელჩებმა მოიარეს მთელი სამეგრელო, მათ შორის ამჟამად უკვე აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი გალის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონები. რუსეთის ხელმწიფე მიხეილ თევდორეს ძე 1639წ. 30 მაისის სიგელში ლევან II დადიანისადმი სამეგრელოს, რომელიც მაშინ აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიასაც მოიცავდა, ივერიის ქვეყანას უწოდებს. საპასუხო სიგელში (1640წ. 15 მაისი) ლევან II დადიანი რუსეთის ხელმწიფეს აცნობებდა, რომ ის იმყოფება "ივერიის ქვეყნის სამეგრელოს მხარეში". ამრიგად, აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორია რუსეთმა პირველად ოფიციალურად გაიცნო როგორც ივერიის ქვეყნის ნაწილი.

XVII ს. 70-იანი წლების დასაწყისამდე ცხუმთან ახლოს ფუნქციონირებდა სამეგრელოს Mმთავრების საფორტიფიკაციო ნაგებობა – ე.წ. კელასურის კედელი. ის აღნიშნულია XVII ს. პირველ ნახევარში სამეგრელოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერების არქ. ლამბერტისა და ქრისტ. კასტელის მიერ შედგენილ რუკებზე შემდეგი წარწერით: 60 ათასი ნაბიჯის კედელი აბაზთა თავდასხმების შესაჩერებლად~. XVI-XVII საუკუნეებში აფხაზეთში დამკვირვებელი აფსუა-აბაზები (როგორც აფხაზეთში მცხოვრებთ, ქართველები მათ აფხაზებს უწოდებდნენ) შერვაშიძეების ხელმძღვანელობით ნამდვილად ესხმოდნენ თავს სამეგრელოს, ცდილობდნენ რა საერისთავოს საზღვრების გაფართოებას და მთავრის ძალაუფლებისგან განთავისუფლებას. იმავდროულად, აფხაზეთის მფლობელები საკუთარ თავს საქართველოს სახელმწიფოს მიაკუთვნებდნენ და ქართველ მეფეებს უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. მაგალითად, 1661 წელს, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს მეფემ ვახტანგ V (შახნავაზი) დროებით ქვეყნის დასავლეთი ნაწილიც დაიქვემდებარა, აფხაზეთის მფლობელებმა სრული მორჩილება გამოუცხადეს მეფეს, ამ უკანასკნელის ბრძანებით, ასევე – სამეგრელოს მთავარს.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента