ЭКОНОМИКА

აფხაზეთის ისტორიული ფესვების წრმომავლობა ნაწილი (მეხუთე)

20.11.15 16:16


მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე არსებულმა უთანხმოებამ 1918წ. მაისში ამიერკავკასიის სახელმწიფო დაშლამდე მიიყვანა. 1918წ. 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს მთავრობასა და აფხაზთა სახალხო საბჭოს შორის მოლაპარაკების შედეგად 1918 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის წიაღში აფხაზეთის დაბრუნების საფუძველი.

შოვინისტებსა და სეპარატისტებს არ აწყობდათ მშვიდობა და თანხმობა აფხაზეთში. 1918წ. ივნისის შუახანებში რუსმა ბოლშევიკებმა სოჭიდან მორიგი შეტევა განახორციელეს და ახლ ათონამდე მოვიდნენ. აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრების თხოვნით, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთში გამოგზავნა სამხედრო რაზმი გენ. გ. მაზნიაშვილის სარდლობით. 19 ივნისს გენერალი სოხუმში ჩამოვიდა და 27 ივნისს მისმა აფხაზთა 300 კაციანი ესკადრონით გაძლიერებულმა რაზმმა შეტევა განახორციელა, რომლის შედეგადაც არა მხოლოდ აფხაზეთი განთავისუფლდა, არამედ ერთ თვეში (1918წ. 26 ივლისს) ტუაფსეს აღებაც მოხერხდა. 1918წ. აგვისტოში ქართულმა ჯარებმა სოჭისკენ დაიხიეს.
სეპარატისტებმა გამოიყენეს შექმნილი ვითარება და 1918წ. 27 ივნისს, როდესაც აფხაზეთში შემოჭრილი ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლები მიმდინარეობდა, კოდორის (ოჩამჩირის) უბანში თურქული დესანტი გადმოსხეს. ქართულმა ჯარებმა ბოლშევიკურ ტერორს გამოქცეული რუსი კაზაკების დახმარებით დესანტი გაანადგურეს. დაკარგეს რა წარმატების ყოველგვარი იმედი, შოვინისტებმა და სეპარატისტებმა ატეხეს ხმაური გენ. გ. მაზნიაშვილის მიერ აფხაზეთის "ოკუპაციის" შესახებ, მოითხოვეს რეგიონიდან ქართული ჯარების გაყვანა. თეზისი "ოკუპაციის" შესახებ თანამედროვე სეპარატისტულმა ისტორიოგრაფიამაც აიტაცა, რათა 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის ყოფნის "უკანონობა" დაამტკიცონ. ეს საკითხი არაერთხელ განიხილა აფხაზთა სახალხო საბჭომაც. 1918წ. 17 ივლისს განიხილებოდა გ. მაზნიაშვილის შტაბისადმი ნდობის საკითხი. სახალხო საბჭომ თითქმის ერთხმად გადაწყვიტა, "ხელახლა დადასტურდეს არაერთი ჩვენი გადაწყვეტილება და ითქვას საქართველოს ნაწილების აქ ყოფნის აუცილებოლობის შესახებ." 1918წ. 18-19 ივლისს სახალხო საბჭომ მხარი არ დაუჭირა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის ი. რამიშვილის წინადადებას ქართული ჯარების აფხაზეთიდან გაყვანის შესახებაც კი. მოტანილი ფაქტები უარყოფენ მტკიცებას "ოკუპაციის" შესახებ, რადგანაც ქართული ჯარები აფხაზეთში 1918წ. 11 ივნისს ხელშეკრულებისა და აფხაზთა სახალხო საბჭოს დაჟინებული თხოვნით იმყოფებოდნენ.
ბოლშევიკური ავანტიურის ჩაშლის შემდეგ სეპარატისტებმა გეზი გენერლების მ. ალექსეევისა და ა. დენიკინის ხელმძღვანელობით მოქმედ თეთრგვარდიელებზე აიღეს. 1918 წ. 25-26 სექტემბრის უშედეგო მოლაპარაკებებმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა (საგარეო საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი, გენ. გ. მაზნიაშვილი) და ზემოხსენებულ თეთრგვარდიელ გენერლებს შორის, რომელიც ძირითადად სოჭის კუთვნილების საკითხს შეეხებოდა, აჩვენა, რომ მოწინააღმდეგე უპრინციპო სეპარატისტებზე სერიოზულ იმედებს ამყარებდა.
შიში გამართლდა. თეთრგვარდიელთა მიერ წაქეზებულმა სეპარატისტებმა 1918 წ. 9 ოქტომბერს ძალადობის გზით სცადეს პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა, სახალხო საბჭოს ხელმძღვანელობის, მათ შორის თავმჯდომარის ვ. შარვაშიძის გადაყენება. მცდელობა ჩაიშალა. სახალხო საბჭოს თავმჯდომარისა და ცალკეული წევრების წინადადებით, საქართველოს მთავრობამ სახალხო საბჭო დაითხოვა, შეთქმულები დააპატიმრა და ამის შემდეგ ახალი არჩევნები დანიშნა. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საქართველოს მოუხდა სოჭიდან შემოჭრილი თეთრგვარდიელების მოგერიება. მოწინააღმდეგემ გაგრა დაიკავა და მდ. ბზიფზე გამაგრდა. მიუხედავად ამისა, 1919წ. 13 თებერვალს აფხაზეთის ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები ორგანიზებულად ჩატარდა. 1919წ. 20 მარტს სახალხო საბჭომ მიიღო "აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ", რომლის პირველი პუნქტით გაცხადდა: "აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული." 1919წ. მაისში სახალხო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კომისარიატის (მთავრობის) შექმნის შესახებ, რომელსაც სათავეში არზაყან (დიმიტრი) ემხვარი ჩაუდგა. მაშინვე სოხუმის ოკრუგს აფხაზეთი, ხოლო აფხაზთა სახალხო საბჭოს აფხაზეთის სახალხო საბჭო ეწოდა და მისი თავმჯდომარე ვ. შარვაშიძე გახდა.
1919-1921 წლები იყო აფხაზეთის ავტონომიის რეალურად ცხოვრებაში გატარების, სახელისუფლებო სტრუქტურების განმტკიცების, გაგრიდან თეთრგვარდიელთა განდევნის (1919წ. აპრილი), აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტის შემუშავების პერიოდი. ამასთანავე, ხელისუფლებას მკვეთრად უპირისპირდებოდნენ სახალხო საბჭოში მოკალათებული ბოლშევიკები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობდნენ. 1920წ. იანვარში საქართველოს საერთაშორისო აღიარებამ, აგრეთვე იმავე წლის 7 მაისს რუსეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმებამ და საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამ რამდენადმე გააუმჯობესეს ქვეყნის მდგომარეობა, შექმნეს სამართლებრივი გარანტიები ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. კერძოდ, 1920წ. 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების III მუხლის I პუნქტი მკაფიოდ განსაზღვრავდა ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარს "შავი ზღვიდან მდ. ფსოუს გაყოლებით ახახჩას მთამდე..." რუსეთი ვალდებულებას კისრულობდა, "აღიაროს როგორც საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში უდავოდ შემავალი, გარდა ამ ხელშეკრულების III მუხლის I პუნქტის ძალით საქართველოსთვის მუკითვნებული შავი ზღვის გუბერნიის ნაწილებისა (გაგრის ზონა – ავტ.), ყოფილი რუსეთის იმპერიის ქვემოჩამოთვლილი გუბერნიები და ოლქები - თბილისის, ქუთაისის და ბათუმის თავიანთი მაზრებითა და ოკრუგებით, რომლებიც აღნიშნულ გუბერნიებს და ოლქებს შეადგენენ, აგრეთვე ზაქათალისა და სოხუმის ოკრუგები".
უხეშად დაარღვია რა 1920წ. 7 მაისის ხელშეკრულება, საბჭოთა რუსეთმა 1921წ. თებერვალ-მარტში მოახდინა საქართველოს ოკუპაცია მისი შემდგომი ანექსიით. იმავე წლის 28 მარტს საოკუპაციო სტრუქტურების – რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის და აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის წარმომადგენლებმა ბათუმში გამართულ თათბირზე გადაწყვიტეს დროებით, წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევამდე და მოწვევამდე (საბჭოების ყრილობის) აფხაზეთი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდეს. ამ შუალედში აფხაზეთის მთელი ~დამოუკიდებლობა~ იმაში გამოიხატებოდა, რომ მას მართავდნენ არა საქართველოს საბჭოთა მთავრობის, არამედ ს. ორჯონიკიძის თავმჯდომარეობით თბილისში მოქმედი რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს (კავბიუროს) მიერ დანიშნული პირები. რუსეთის ცენტრალური სახელისუფლებო ორგანოების არც ერთ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დოკუმენტში, მისი უმაღლესი ხელმძღვანელების, მათ შორის ვ. ლენინის გამოსვლებში კავკასიის დამოუკიდებელ~ რესპუბლიკებს შორის აფხაზეთი არ მოიხსენიება; მისი დაფინანსება ხდებოდა არა მოსკოვიდან, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ; საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო სოხუმში აგზავნიდნენ თავიანთ განკარგულებებს "ცნობად და სახელმძღვანელოდ", "სისწორით შესასრულებლად" და ა.შ. 1921წ. 5 ივლისს კავბიურომ მიიღო გადაწყვეტილება გაწეულ იქნას პარტიული მუშაობა "იმ მიმართულებით, რომ აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სახით შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში". 1921წ. 23 ივლისს აფხაზეთის პასუხისმგებელ მუშაკთა თათბირმა ნ. ლაკობას მოხსენების საფუძველზე მიიღო დადგენილება საბჭოთა აფხაზეთის საბჭოთა საქართველოსთან ფედერირების შესახებ მისი ეთნოგრაფიული, ისტორიული და ყოფითი პირობების გამო.~ ამიერკავკასიის ფორმალურად დამოუკიდებელი რესპუბლიკებისგან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) განსხვავებით, აფხაზეთს არ ჰყავდა წარმომადგენლობა მოსკოვში. ეროვნებათა საქმის სახალხო კომისარი (მინისტრი) ი. სტალინი 1921 წლის 1 სექტემბერს სრულიად რუსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს (საბჭოების ყრილობებს შორის პერიოდში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო) აცნობებდა, რომ "აფხაზეთი არის დამოუკიდებელი საქართველოს ავტონომიური ნაწილი, ამის გამო დამოუკიდებელი წარმომადგენლობები რუსეთში არ ჰყავს და არც უნდა ჰყავდეს. ამიტომ კრედიტის მიღება რსფსრ-დან მას არ შეუძლია". ასეთ კრედიტებს 1921წ. აფხაზეთი საქართველოს მთავრობისგან და რევოპლუციური კომიტეტისგან იღებდა, ვინაიდან მოსკოვში მას საქართველოს ნაწილად თვლიდნენ. 1921წ. 14 ნოემბერს აფხაზეთის ხელმძღვანელმა ე. ეშბამ დასვა საკითხი მაშინ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობაში აფაზეთის უშუალოდ შესვლის შესახებ. ამის პასუხად კავბიურომ ორ დღეში – 16 ნოემბერს დაადგინა: "წინადადება მიეცეს ამხანაგ ეშბას, წარმოადგინოს თავისი საბოლოო დასკვნა სახელშეკრულებო საწყისებზე აფხაზეთის საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში ან ავტონომიური ოლქის საწყისებზე რსფსრ-ში შესვლის შესახებ". ამრიგად, საბჭოთა სტანდარტების მიხედვით, აფხაზეთს შეეძლო პრეტენზია ჰქონოდა არა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ან თუნდაც ავტონომიური რესპუბლიკის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ავტონომიური ოლქის სტატუსზე. მაგრამ საქართველოს შემადგენლობაში მას უნდა მიეღო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსი, რათა თავისუფლებისმოყვარე საქართველოზე ზეწოლის მძლავრი ბერკეტი გამხდარიყო.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента