ЭКОНОМИКА

ცხოვრება ენგურს მიღმა

20.11.15 17:17




როგორ შეიცვალა გალელების ეკონომიკური მდგომარეობა. რუსების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონი არის ტერიტორია, სადაც ოკუპანტებს საკუთარი ცხოვრება უნდა მოჰპარო.

ვინ – მეტად, ვინ – ნაკლებად შესძლო წელში გამართვა და “თვითნებურად დაბრუნებულის” სტატუსის გამართლება. თუმცა, ეს მხოლოდ მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის…
ვინც გამოღმა ტერიტორიაზე ცხოვრობს და ოჯახი გალში ეგულება, დროებით დაბრუნების შესაძლებლობას მხოლოდ “სტუმრის” სტატუსი აძლევს. წლევანდელი შვებულების რამდენიმე დღე გალში დავყავი. ჩემმა სტატუსმა ორ კვირაზე მეტი ხნით დარჩენის საშუალება არ მომცა. თუმცა, ეს პერიოდიც საკმარისი აღმოჩნდა, დამეკმაყოფილებინა ჩემი ცნობისმოყვარეობა, მენახა დაბრუნებული ხალხის მდგომარეობა და ჩავდგომოდი დე-ფაქტო საზღვართან მდგარი ადამიანების რიგს…
სასაზღვრო ბარიკადა გალში
მთავარ ხიდზე ცხენშებმულ ურემს გადავყავარ. ამ მცირე მონაკვეთზე იგი ერთადერთი ტრანსპორტია, რომელიც გზას ხიდის თავიდან ბოლომდე გადის და მგზავრებით ყოველ 10 წუთში ივსება. მგზავრობის საფასური 1 ლარია, ამდენივეს ვიხდი სამგზავრო ჩანთაშიც და მცირე შეყოვნების შემდეგ ვაგრძელებ გზას.
მაშ ასე: გზა, რომელსაც გალში გადავყავართ, ე.წ. სასაზღვრო ზოლი სამ ნაწილად იყოფა. გზის მარჯვენა მხარე გალში მიმავალთათვისაა განკუთვნილი, მარცხენა – უკან მომავალთათვის, ხოლო შუა ნაწილი – სატრანსპორტო საშუალებებისთვისაა. პირველ ეტაპზე საბუთების შემოწმება აფხაზ მილიციელებს ეკუთვნის. მეორე, ყველაზე მკაცრ კონტროლს ხალხი რუს სამხედროებთან გადის, მესამე, ბოლო შემოწმებას ისევ აფხაზი მილიციელები ახდენენ და ამით ადმინისტრაციული ბარიერი მთავრდება, რა თქმა უნდა, დაბრუნებამდე!
აღმოჩნდა, რომ რიგში მდგომ ადამიანებს პრობლემა ხშირად აქვთ. უმეტესწილად, საბუთებთან დაკავშირებით. “მცირე გაუგებრობის” გამო, რომ ჩემი საბუთების შედგენისას გალის ადმინისტრაციულ ცენტრში შეცდომა გაეპარათ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა ზუსტად 1 საათით გამიხანგრძლივდა. ესეც აფხაზი მილიციელების დიდი დახმარებით, თორემ შეიძლებოდა ერთი დღითაც დავეყოვნებინეთ. ჩავთვალე, რომ გამიმართლა და იმედმოცემულმა გავაგრძელე გზა…
გალელების ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა
ვინც ბოლო პერიოდში ერთხელ მაინც შესულა გალში, დამეთანხმება, რომ მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ეს ქართველების ახალ სახლებს და საგულდაგულოდ მოწყობილ კოპწია ეზოებს ეტყობა. დაბრუნებულ ხალხზე პირველი შთაბეჭდილებაც ამით იქმნება.
“ჩემი სახლი ომის შემდეგ გადაწვეს, პირველივე წელს. ორ წელიწადში დავბრუნდით და ახალი ავაშენეთ. ძველ სახლს არაფრით ჰგავდა, პატარა იყო, ისეთი, რის შესაძლებლობაც მაშინ გვქონდა. გვეგონა, ამოვუსუნთქეთ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში სეპარატისტებმა ეს სახლიც გადაწვეს. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ოჯახი არ წაიქცა, ჩვენს ცხოვრებაში მესამედ მოგვიწია სახლის აშენებამ. ამისთვის ძალიან გავისარჯეთ, თხილის მოსავალი მთლიანად სახლს მოხმარდა, ცოტა ჭირნახულიც წაეშველა და დღემდე ასე მოვდივართ. ახლა თხილს კარგი ფასი აქვს და ხალხმაც ამოისუნთქა, გაჭირვებულ ოჯახს იშვიათად ნახავთ”, – მიამბობს პირველივე შემხვედრი, შუახნის ასაკს გადაცილებული ქალბატონი.
“თქვენ ალბათ სტუმრის სტატუსი გაქვთ?,” – მეკითხება მოხუცი მამაკაცი, რომელსაც ეტყობა, რომ “უცხოდ” მიმიჩნევს. დასტურის შემდეგ ვინაობას მიმხელს, ხარბად ვსვამ კითხვებს და ისიც გულახდილ საუბარს იწყებს.
“გალელი”, პირობითად მოვიხსენიებ ასე, მისივე უსაფრთხოების მიზნით. “ომის დროს შვილი გარდამეცვალა. საფლავი არ დავტოვე და ოჯახს შემოვრჩი. ხის ორსართულიანი სახლი გვედგა, გადაწვეს, მაგრამ რამდენიმე წელში ახალი ავაშენეთ. კარგად ვერ ვიქნებით, რადგან აქ მონებივით ვცხოვრობთ. ვისაც საბუთი არ აქვს, ტერიტორიიდან გასვლა ეკრძალება. პასპორტის გარეშე გალში ათასობით ადამიანია. თვენსავით, ვინც “მოწვევა” გააფორმა, აქ დიდი ხნით ვერ დარჩება, რომ მოინდომოთ, ვერც პასსპორტს აიღებთ ოდესმე, რადგან “სტუმრად” ხართ დაფიქსირებული. სამაგიეროდ, ხშირად შეძლებთ ჩამოსვლას, უბრალოდ, საბუთების თავიდან შედგენა მოგიწევთ”, – მეუბნება იგი და ამით ცდილობს ჩემი სტატუსის ავ-კარგის ახსნას.
ამბობს, რომ ხშირად უწევს აფხაზ ხალხთან ურთიერთობა. “ყველას ერთი გასაჭირი გვაქვს, რუსებმა დაგვიმონეს. არიან აფხაზები, რომლებიც ამჩნევენ ამას და გულახდილ საუბრებში არც მალავენ. ვიცნობ კაცს, რომელსაც მომაკვდავი შვილი გადაურჩინეს თბილისში და ქართველ ხალხზე აუგს ვერ შეკადრებ, იმდენად მადლიერია. სამწუხაროდ, ასე ძალიან ცოტა ფიქრობს, ბევრს მაინც მტრად მივაჩნივართ. აფხაზებსაც ძალიან უჭირთ, რა საქმეც არ უნდა წამოიწყონ, ყველგან რუსები უზიან წილში. თავის მხრივ, აფხაზები ქართველებზე ძალმომრეობენ, რუსები – ქართველზეც და აფხაზზეც და ყველაზე მეტად მაინც ჩვენ ვიჩაგრებით”, – ამბობს გალელი მამაკაცი.
ხალხი თავს, ძირითადად, წვრილი ვაჭრობით ირჩენს. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ნებისმიერი ასეთი საქმიანობიდან სარგებელი “პურის ფულს” ვერ გასცდა და წილში მინიმუმ 3 ადამიანი მაინც უზით. გალელების თქმით, რაიონი “რეკეტმა” წალეკა. “ადრეც იყო, მაგრამ რაც ახლა ხდება, გაუგონარია. რეკეტიორებს “მუქთა ფულის” შოვნის მადა იმდენად გაეხსნათ, რომ უკვე არაფერს და არავის ერიდებიან. საწვავის ბიზნესია, სიგარეტის, თხილის, სიმინდის თუ სხვა პროდუქტის, ყველგან ფული მიაქვთ. “რეკეტიორობს” ყველა, ვისაც მარიფათი აქვს და ხალხის გაყვლეფა არ ეზარება. საშინელ მდგომარეობაში ვართ. ადრე ერთი კლანი ბოგინობდა და მისი ვინაობა ყველამ იცოდა, ახლა ეს პატარა რაიონი კლანებმა დაიყვეს და კაცმა არ იცის, ვინ ვისი მოყვანილია და ვინ არის – ქურდი, მილიციელი თუ ჩინოვნიკი”, – ამბობს გალელი რ. გითოლენდია.
ვუსმენ მათ და მეჩვენება, რომ რატომღაც ბევრი მონათხრობი ჰგავს ერთმანეთს: ყველა თავიდან დაწყებულ ცხოვრებაზე საუბრობს. ამ ადამიანებმა წელში გამართვა შეძლეს, თითქმის ყოველ მეორე მოსახლეს ავტომობილი ჰყავს, ვხედავ ძვირადღირებულ ჯიპებს და საბჭოურ ჟიგულსაც, რომელიც გალში ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. ამბობენ, რომ ცუდი გზების გამო, თანაც, ფასიდან გამომდინარე, საბჭოურ ავტომობილებს აქ მეტი უპირატესობა აქვთ! რაც განსაკუთრებით თვალში მხვდება, აფხაზურ-რუსული წარწერებია. ასეა ყველგან, მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფები – ქალაქის ადმინისტრაციულ ცენტრში თუ რაიონის მიკარგულ სოფელში.
თითქმის ყველა სოფელში ახალი, თანამედროვე სტილის, უმეტესწილად, მომწვანო ფერის საცხოვრებელი კორპუსებია. ყველა მათგანი რუს სამხედროებს ეკუთვნით. ამ სახლების გარშემო ყველგან არის ვიდეოთვალი და დაცვა.
რუსული რუბლი – ძირითადი ვალუტა გალში
პირველად გალის სამომხმარებლო ბაზარში შევდივარ. ცხადია, პირველ რიგში, თვალს იპყრობს რუსულ-აფხაზური წარწერები, რომელიც მომცრო მაღაზიების აბრებია. სადაც არ უნდა გავიხედო და ფეხი შევდგა, ყველგან რუსული და აფხაზური მესმის, იშვიათად – მეგრული, ხოლო ქართული – არსად! მაღაზიის გამყიდველიც აფხაზი ქალბატონია, თავაზიანად მეგებება და ჩემ მიერ შერჩეულ ტკბილეულს ჩანთაში მილაგებს.
გალის სასურსათო მაღაზიებში პროდუქტი როგორც რუბლზე, ასევე ლარშიც იყიდება. ახლობელი მიხსნის, რომ ლარში პროდუქტი გაცილებით ძვირი ღირს. ვცდილობ, ქართული ფული რუსულში გადავცვალო, მაგრამ ახლომახლო სავალუტო ჯიხურს ვერსად ვპოულობ. როგორც შემდეგ ვიგებ, გალში ვალუტის გადამცვლელი სულ ერთადერთი ჯიხურია. ამიტომ ადგილობრივები რუსული რუბლის შესყიდვას თხილის გაყიდვით ახერხებენ. სამეურნეო პროდუქტი მთლიანად ქართულია, “ცეცხლის ფასად” იყიდება. ძვირი ღირს ჩვენებური ქარხნული ნაწარმიც, რაც გალში საკმაოდ მრავლადაა. თუმცა, ყველაზე კარგად რუსული პროდუქტი იყიდება, განსაკუთრებით რძის ნაწარმი და ტკბილეული.
რიგითი აფხაზის ტკივილი
დაბრუნების დღე შეუმჩნევლად დადგა. გასამგზავრებლად ტაქსის მომსახურება ვარჩიე. 30 – კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ჩემი სოფლიდან გალის რაიონულ ცენტრამდეა გასავლელი, 2000 რუბლი ღირს. ყველაზე მოულოდნელი ჩემთვის ტაქსის მძღოლთან შეხვედრა აღმოჩნდა. ეს არის ახალგაზრდა აფხაზი მამაკაცი არკადი, რომელიც საკმაოდ ენაწყლიანიცაა. საუბრობს ურთიერთობებზე, რაც დღეს ქართველებსა და აფხაზებს შორისაა. მეუბნება, რომ აფხაზებმა გალში პასპორტიზაციის პროცესი ეროვნულ უმცირესობაში მოხვედრის შიშით შეაჩერეს.
“გალში სამოცი ათასი ქართველია, ეს მოსახლეობის აღწერამ აჩვენა. როგორც კი ასეთი შედეგი დაფიქსირდა, ჩვენმა მთავრობამ პასპორტების გაცემა შეაჩერა, ზოგს გაუუქმეს კიდეც. ქართველები ძალიან მშრომელი ხალხია და ეს გარშემო ყველაფერს ეტყობა.
ხალხი ფეხზე დადგა, შრომამ გადაარჩინა, 20 წლის წინ ქართველებისგან დატოვებული სახლები განადგურების პირასაა, ახალი არაფერი შექმნილა. სადმე დიდ სახლებს თუ ნახავთ, რუსების მიერ არის აშენებული. აფხაზებს ყველა უფლება ჩამოგვართვეს. ვინც საღად აზროვნებს, ამ ყველაფერს ხედავს. ყველა ამჩნევს, მაგრამ აღიარება უჭირთ. სამი-ოთხი წლის წინ მთელი აფხაზეთი იმაზე საუბრობდა, როგორ განახლდა ანაკლია, მიყრუებული სოფელი საკურორტო ზონად იქცა, აქ კი საუკეთესო ადგილები ნადგურდება, რუსებს მხოლოდ ტერიტორია აინტერესებთ. ამ ყველაფერზე გული მწყდება, მაგრამ ბედს ვეგუებით”, – ამბობს აფხაზი მამაკაცი. იგი დასძენს, რომ აფხაზეთში აფხაზური ენა გადაშენების პირასაა და ახალგაზრდებს მისი სწავლა სპეციალურ კურსებზე უწევთ. “ოცდაათ წლამდე ვარ, ბავშვობიდან გალში ვიზრდები. ჩემმა თანატოლებმა აფხაზური ენა არ იციან. სამწუხაროდ, ჩემთვისაც “უცხოა” იგი. დროიმ მოიტანა, რომ მშობლიური ენის შემსწავლელი კურსები დაგვჭირვებოდა! სოხუმში ათამდე ასეთი დაწესებულებაა. უნივერსიტეტიც და სკოლებიც რუსულ ყაიდაზე მოაწყვეს. ჩვენ ან ნარკოტიკი მოგვიღებს ბოლოს ან სიღატაკე, რომელშიც აფხაზი მოსახლეობის უმრავლესობა აღმოჩნდა”, – დასძენს აფხაზი მძღოლი.
მასთან დამშვიდობების შემდეგ, ქართული პასპორტით ხელში, გაღმა მიმავალთა რიგში ვდგები. ვტოვებ მშობლიურ ტერიტორიას, რომელიც არაფრით ჰგავს ქართულს, მაგრამ ვერც აფხაზური გამხდარა და ვერც – რუსული… რიგში მდგომივე ვამჩნევ, როგორ ასწორებენ საათს ადამიანები, რომ ისარი ქართულ დროზე მომართონ. აფხაზეთის დროის ისარი ქართულისას 20 წლის წინათ ჩამორჩა. ახლა გალიც მოსკოვის დროით ცხოვრობს.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента