ЭКОНОМИКА

აფხაზეთის ომის უცნობი დეტალები - რამ განაპირობა სოხუმის დაცემა

20.11.15 17:22




27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე... 13-თვიანი ბრძოლის საშინელი შედეგი - დაკარგული ტერიტორიები, უამრავი მსხვერპლი და დევნილი...

აფხაზეთის თემა მუდმივად არის მსჯელობის, დისკუსიის, დებატების, მწვავე პოლემიკის საგანი. ომის გამომწვევი მიზეზები და ქართველების მარცხის საფუძველი, მრავალი საეჭვო და ბუნდოვანი გარემოებიდან გამომდინარე, ბევრისთვის დღემდე რთული გასაგებია... რა შეცდომები დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რამ განაპირობა სოხუმის დაცემა- ამ და სხვა უცნობ დეტალებზე sazogadoeba.ge-ს ახაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, აფხაზეთის ომის მონაწილე, გენერალი ლევან კიკნაძეესაუბრება.
- ბატონო ლევან, როგორც ცნობილია აფხაზური მხარე შევარდნაძის ხელისუფლებას ომის დაწყებაშიადანაშაულებს, ბევრი ექსპერტი იზიარებს ამ მოსაზრებას, საინტერესოა, თქვენ როგორ ფიქრობთ... დასაერთოდ, იყო თუ არა აფხაზეთში ჯარების შეყვანისაუცილებლობა?
-1992 წლის 14 აგვისტო ერთ -ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.სწორედ ამ დღეს დაიწყო ძმათამკვლელი ომი, რომლის თავიდან აცილება ალბათ შესაძლებელი იქნებოდა, რომელიმე მხარეს მის მძიმე, დამანგრეველ შედეგებზე ოდნავი წარმოდგენა რომ ჰქონოდა. მართალია არძინბამ არ დაგვიტოვა შანსი და ყველაფერს აკეთებდა, რათა აფხაზეთი გამოეყვანა საქართველოს იურიდიული სივრციდან, მაგრამ არანაკლები დანაშაულის ტოლფასი შეცდომა დაუშვა სახელმწიფო საბჭომ, როცა უკიდურესად ფეთქებადსაშიშ ვითარებაში გადაწყვიტა ასეთი მეთოდით აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე წესრიგის აღდგენა. მხოლოდ ის არგუმენტი, რომ იმ დროს ხსენებულ მონაკვეთზე შექმნილი ვითარება მოითხოვდა წესრიგის ძალისმიერი მეთოდებით დამყარებას და ამიტომ იქნა შეყვანილი საჯარისო ფორმირებები აფხაზეთში, საკმაოდ უსუსურად გამოიყურება.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ რკინიგზაზე შექმნილ მძიმე კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მიერ (ყოფილი აფხაზეთის უშიშროება) შემუშავებული იქნა რკინიგზის მაგისტრალის აფხაზეთის მონაკვეთის დაცვის კომპლექსური გეგმა, რომელშიც, გარდა უშიშროებისა, მონაწილეობას მიიღებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ღონისძიებას ადგილებზე კოორდინაციას გაუწევდნენ რაიონების უშიშროების დანაყოფები, ხოლო საერთო ხელმძღვანელობას განახორციელებდა უშიშროების საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახური. გეგმაში ორგანიზაციული საკითხების გარდა, დეტალურად იყო წარმოდგენილი ყველა სარკინიგზო გადასარბენი, ხიდი და გვირაბი, რომლებიც დაცვას უნდა დაქვემდებარებოდა. გათვლილი იყო საჭირო ცოცხალი ძალა და შეიარაღება. შექმნილ ვითარებაში, ყველასათვის აუცილებელი ღონისძიების ჩატარება მხოლოდ ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედებით იქნებოდა შესაძლებელი. თუ ამ საქმეში თბილისი დაგვეხმარებოდა, მხოლოდ გონივრულად და გეგმით გათვალისწინებულ ფარგლებში, არც თუ ისე დიდი დანახარჯებით – აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა კრიმინოგენური ვითარება, აღიკვეთებოდა რკინიგზაზე ელ.სადენებისა და სატვირთო ვაგონების ძარცვა. ხსენებული გეგმა აფხაზეთის უშიშროების მაშინდელმა ხელმძღვანელმა ა.იოსელიანმა გააცნო ვლ.არძინბას, რომელმაც მოიწონა და სათანადო რეზოლუციაც დაადო, მაგრამ მას შესრულება არ ეწერა, რადგანაც წესრიგის დამყარება ვ.არძინბას ხელს არ აძლევდა. უშიშროების ძალისხმევა ამ მიმართულებით უშედეგოდ დამთავრდა. მიუხედავად ამისა ა.იოსელიანი მცდელობას მაინც არ აკლებდა და თბილისშიც არაერთხელ ჩამოვიდა ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ, თბილისიდან მორიგი დაბრუნებისას ასეც კი მითხრა: "ლევან, თბილისს ჩვენთვის არ სცალია. ჩვენ თუ არ მივხედეთ აფხაზეთს, ყველაფერი გაცილებით უარესად დამთავრდება, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. დიდი და პატარა ჩართული არიან პოლიტიკურ ინტრიგებში და ქვეყნისათვის ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების მოგვარებისთვის, როგორიც კრიმინალთა თარეშის აღკვეთა და სარკინიგზო გადაზიდვების დაცვა არის – არავის არ სცალია“. ის კი არა, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა, თბილისშიც და სოხუმშიც მიღებულიყო გადამჭრელი ზომები რკინიგზის დასაცავად, უდროოდ და ახირებადაც კი აღიქმებოდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე კრიმინოგენური ვითარების გამოსწორება გარკვეულ ძალებს არც თბილისში აწყობდათ.
ასე რომ, ქვეყნის ხელისუფლება ვალდებული იყო გაეანალიზებინა თუ რა გართულებები შეიძლება მოყოლოდა ჯარების შეყვანას აფხაზეთში, მითუმეტეს, როცა ჩვენგან მიწოდებული წერილობითი თუ ზეპირი ოპერატიული ინფორმაციები ნათლად მეტყველებდნენ, რომ არძინბა საბაბს ეძებდა ძმათამკვლელი ომის გასაჩაღებლად. ამასთან, სამხედრო საქმის განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდებოდა იმის გათვლასაც, რომ დასახული მიზანი ვერ მიიღწეოდა გაუწვრთნელი, სახელდახელოდ შეკრებილი მოხალისეებისაგან შექმნილი შეიარაღებული ფორმირებებით, რომელთა მეთაურების უმრავლესობას, რომ აღარაფერი ვთქვათ რიგით მებრძოლებზე, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ რას ისახავდა მიზნად მათი აფხაზეთში შესვლა. ამასთან, რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მთავარი იყო პროვოკაციაზე წამოეგო ქართული მხარე და მისი შეიარაღებული ფორმირებები აფხაზეთში შემოეტყუებინა, თორემ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მათი მხრიდან აღარ უნდოდა დიდი დაგეგმვა და ტვინის ჭყლეტვა. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთში ქართული ფორმირებების შესვლა საეჭვოდ დაემთხვა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვისთვის ახალციხის რუსეთის სამხედრო ბაზიდან ჯავშანტექნტექნიკის გადმოცემას. არძინბამაც არ დააყოვნა და ქართული შეიარაღებული ფორმირებები ძმათამკვლელ ომში ჩაითრია. ამიტომ, ე. შევარდნაძე აუცილებლად უნდა ჩამოსულიყო აფხაზეთში, ადგილზე გაცნობოდა ვითარებას, შეხვედროდა არძინბას და გადაწყვეტილებაც ისე მიეღო.
- ბატონო ლევან, იქნებ ქართული საჯარისო ფორმირებების შეყვანა აფხაზეთში არა მარტო რკინიგზაზეწესრიგის დამყარებას ისახავდა მიზნად, არამედ სეპარატისტების და აფხაზეთში გამოქცეული ზვიადგამსახურდიას მომხრეების დასაშოშმინებლათაც დაიგეგმა?
- ასეთი ეჭვი ჩვენც გაგვიჩნდა, მით უმეტეს, რომ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების წინ შექმნილი უაღრესად რთული საზოგადოებტივ-პოლიტიკურ ვითარება, რომელსაც ამძიმებდა საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან გამოდევნილი და ადგილობრივი ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერების შეურიგებელი დაპირისპირება შევარდნაძის მომხრეებთან ამის საბაბს იძლეოდა. მეორეს მხრივ, აფხაზ და რუსულენოვან მოსახლეობაში ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ რუსეთის სპეცსამსახურები. თავისი ანტიქართული განწყობით გამოირჩეოდნენ და ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ აფხაზური "აიდგილარა", სომხური და რუსული ორგანიზაციები "კრუნკი" და "სლავიანსკი დომი", რომლებიც "აიდგილარა"-ს მსგავსად შექმნილი იყვნენ და იმართებოდნენ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ (ადრე, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელობა მოსახლეობაში სეპარატიზმის გაღვივებისთვის უშიშროების მიერ აყვანილი იყვნენ ოპერატიულ აღრიცხვაზე).
სახელმწიფო გადატრიალების ტალღაზე მოყვანილი ე.შევარდნაძე კარგად ხედავდა, რომ ზ.გამსახურდიას დამამხობელი ძალების და მათი ზოგიერთი ავანტიურისტი ლიდერის მძევალი იყო და ამიტომაც ბევრი გადაწყვეტილება პოპულიზმისთვის და აჟიტირებული საზოგადოების გულის მოგებისთვის უფრო მიიღებოდა, ვიდრე ამას სახელმწიფო ინტერესები მოითხოვდა. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება აფხაზეთში ჯარების შეყვანა იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას სრული უფლება ჰქონდა თვითონ გადაეწყვიტა საჯარისო ფორმირებების გადაადგილება თავის ტერიტორიაზე, როგორც ზემოთ ავღნიშნე იმ მომენტისთვის ასეთი ნაბიჯის გადადგმა დიდ რისკს შეიცავდა. თითქმის სეპარატისტების მხარდამჭერად გამოცხადდა აფხაზეთის უშიშროების იმდროინდელი თავმჯდომარე, ავთანდილ იოსელიანი როდესაც იგი ჯარის შეყვანის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა სამხედრო საბჭოს იმ სხდომაზე, როდესაც აფხაზეთში შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა გადაწყდა. მართალია მოტივი აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე წესრიგის დამყარება იყო, მაგრამ რა იხარშებოდა კიტოვანის თავში და ვის დავალებებს ასრულებდნენ ის და მისი ფარული თუ ღია მხარდამჭერები, იმ დროისთვის ჩვენთვის უცნობი იყო.
- აფხაზეთის ომის თემა ამოუწურავია. ომის გაუხმაურებელ დეტალებზე თქვენ ბევრი გაქვთ დაწერილი, ესთემა პუბლიკაციათა სერიაშიც გაქვთ ასახული, ალბათ გარკვეული ანალიზიც გაქვთ გაკეთებული თუ რაძალების მიერ იყო პროვოცირებული ის ომი...
თქვენ სწორად აღნიშნეთ, მართლაც ბევრი იწერება. ბუნებრივია პუბლიცისტურ, გინდაც მემუარულ ნაწერებში, ძირითადად, ცალკეულ უბნებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ამსახველი ეპიზოდებია აღწერილი. რა თქმა უნდა მკითხველისთვის ყველაფერი ეს საინტერესოა. ამასთან ერთად არის ანალიტიკური პუბლიკაციებიც, რომლებშიც ავტორები ცდილობენ მოვლენების ინტერპრეტირება მათთვის სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი ინფორმაციების საფუძველზე მოახდინონ. ამდაგვარი პუბლიკაციები იმდენად მრავლფეროვანია, რომ თქვენი არ იყოს, მართლაც ძნელია გაარკვიო, სად არის სიმართლე, მით უმეტეს, რომ 20 წელი გავიდა ომის დამთავრებიდან და დღეემდე არ არის პროფესიონალურ დონეზე შესწავლილი და გამოძიებული ომში ჩვენი დამარცხების მიზეზები. ეს აუცილებელი იყო არა მარტო დამნაშავეების გამოსავლენად, არამედ პირველ რიგში იმისთვისაც, რომ მსგავსი შეცდომები აღარ განმეორებულიყო. ამის მაგივრად, იმ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, როგორიც იყო შექმნილი ომის შემდგომ საქართველოში, ცუდ ტონად ითვლებოდა ჩვენ შეცდომებზე საუბარიც კი. თორემ სად გაგონილა,დამარცხებული მხარე საბრძოლო მოქმედებებში განსაკუთრებული მიღწევებისთვის ორდენებს და მედლებსარიგებდეს. აქ საუბარი არ არის ომში დაღუპულ იმ ვაჟკაცებზე , რომელთა გმირობის შესახებ ან გვიან გახდა ცნობილი, ან თავის დროზე გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა მათი დაჯილდოება. ამასთან, არავინ არ კამათობს იმაზე, რომ შესაბამისი პატივი არ უნდა მიეგოს ომში დაღუპულ თუ დაინვადებულ მებრძოლებს, მათთვის და მათი ოჯახებისთვის რაც კეთდება ზღვაში წვეთია. აუცილებელი იყო ეს მეთქვა, რადგანაც დღესაც თითქმის ანალოგიურ სიტუაციას ვაწყდებით. ბევრისთვის დღემდე ბურუსითაა მოცული 2008 წლის ზაფხულში დაწყებული ომის გამომწვევი და მასში ქართული ჯარის ელვისებური სისწრაფით დამარცხების მიზეზები.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში შექმნილი უაღრესად რთული ვითარება - ორ მტრულ ბანაკად გაყოფილი ქართული საზოგადოება და და ორივესთან შეურიგებელი აფხაზი სეპარატისტები, კრემლმა თავისი მზაკვრული გეგმის განსახორციელებლად გამოიყენა. ერთის მხრივ აფხაზეთში ქართული შეიარაღებული ფორმირებების შესვლით, ძმათამკვლელ ომშიც ჩაგვითრია და მეორეს მხრივ ლოთი ქობალიას მიერ ქართული საჯარისო ფორმირებების აფხაზეთში შესვლის შემდეგ, ენგურის ხიდის გადაკეტვით და მასზე კონტროლის დაწესებით, მწვანე შუქი აუნთო დასავლეთ საქართველოში კონცენტრირებულ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა რადიკალურ შეიარაღებულ ლოთი ქობალიას დაჯგუფებას შეიარაღებული ძალების გარეშე დარჩენილი ე. შევარდნაძის ხელისუფლების დამხობის მომზადებისთვის, რომლის პირველი ეტაპი დასავლეთ საქართველოზე სრული კონტროლის დაწესება იყო, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც.
ამას გარდა, იმ დროისათვის ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ მოგვიანებით ლოთი ქობალიას შეიარაღებული ფორმირებები შეუღწევად ზღუდედ აღიმართებოდნენ მდ. ენგურის ზოლზე და ენგურის ხიდის გადაკეტვით ფაქტიურად, გუმისთის, შრომის და ტყვარჩელის მიმართულებების ფრონტის ხაზებთან ერთად, ალყაში მოაქცევდნენ ქართულ საჯარისო ფორმირებებს, რაც საბოლოო ჯამში ომის ბედის გადაწყვეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. ასეთი შორსგამიზნული გეგმის მოფიქრება ცხადია ლოთი ქობალიას გონებრივ შესაძლებლობებს აღემატებოდა, მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზი სეპარატისტები ყველაზე ლამაზ სიზმრებშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ მოვლენების მათ სასარგებლოდ ისე განვითარებას, როგორც ეს სინამდვილეში მოხდა. ამ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა, ასეთ საქმეებში დახელოვნებულ რუსეთის სპეცსამსახურების ანალიტიკურ ცენტრების შესაძლებლობებსაც კი აღემატებოდა. დიახ, ეჭვგარეშეა, რომ კრემლის დიდი ხნის სურვილი აფხაზეთის ქართული სივრციდან მოწყვეტა იყო, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისი ამ გეგმის ნაწილობრივი ხორცშესხმა გახლდათ (ყოველ შემთხვევაში ამ მიზნის მისაღწევად წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი) ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა, რასაც შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომი მოყვა. ამ ფონზე ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება მოსკოვისთვის უკვე დიდ სიძნელეს აღარ წარმოადგენდა, რაც განახორციელა კიდეც. მაგრამ ფაქტი ერთია, კიტოვანი, ქობალია და კიდევ ბევრი სხვა, ნებსით თუ უნებლიეთ ამ გეგმის ზედმიწევნით კარგი შემსრულებლები აღმოჩნდნენ.
აფხაზეთის ომი, რომ პროვოცირებული იყო და ქართული მხარის მხრიდან ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე დაიწყო, ეს მისი მსვლელობისას, ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა. ომის დაწყებას არც აფხაზური საზოგადოება ელოდა, თუ არ ჩავთვლით არძინბას და მის თანამზრახველებს, რომლებიც მოსკოვიდან იმართებოდნენ და ადგილობრივი ქართველების შეიარაღებულ დაპირისპირებისთვის მზადება კარგა ხნით ადრე ჰქონდათ დაწყებული. იმდროისთვის გაგრის, გუდაუთის, სოხუმის და სხვ. დასასვენებელი სახლები დაკავებული ჰქონდათ ჩრდილო კავკასიელ "კონფედერანტებს". ეშერის სპორტულ ბაზაზე ასევე განლაგებული იყვნენ და წვრთნებს გადიოდნენ ჩეჩენი ბოევიკები. გუდაუთის "ბომბორის" აეროდრომზე შემოყვანილი იქნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის 50-ე სპეციალური სადესანტო-მოიერიშე დივიზია. „განსაკუთრებული პერიოდის“ შესაბამისად სრულ მზადყოფნაში იყვნენ მოყვანილი შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროზე განლაგებული რუსეთის უშიშროების სასაზღვრო ძალების მცურავი საშუალებები და პირადი შემადგენლობა, სოხუმში განლაგებული, ჯერ კიდევ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დასასვენებელი სახლები "МВО", "ПВО", და სპეციალური დანიშნულების ობიექტები შუქურა", "ეშერის ლაბორატორია", "ტურისტული ბაზა" დამატებითი თავდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობის საბაბით, რესპუბლიკაში შექმნილი განსაკუთრებული ვითარების გამო, გაძლიერებული იქნენ ჯავშანტექნიკით, საბრძოლო იარაღით და ცოცხალი ძალით, რომელთა შემადგენლობაში მრავლად იყვნენ ГРУ-ს და ФСБ-ს განსაკუთრებული დანიშნულების განყოფილების ოფიცრები.
- დღეს სოხუმის დაცემის დღე - 27 სექტემბერია, რას გვეტყვით ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებულმოვლენებზე, შეიძლებოდა თუ არა სოხუმის და საბოლოო ჯამში აფხაზეთის დაცვა?
- 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა, არ იყო მხოლოდ შედეგი ჩვენი შეიარაღებული ფორმირებების მარცხისა, რომლებიც სოხუმის დაცვისთვის წარმოებულ ლოკალურ ბრძოლებში განიცადეს. ეს დამარცხება ადრე თუ გვიან მოსალოდნელი იყო მიუხედავად ჩვენი მებრძოლების თავგანწირული ბრძოლებისა, რომლებსაც წელიწადზე მეტს აწარმოებდნენ. შევეცდები ავხსნა ჩვენი დამარცხების მიზეზები იმ ღონისძიებების ერთობლიობის ანალიზის საფუძველზე, რომლებიც განხორციელდა აფხაზი სეპარატისტების, მათი მხარდამჭერი ხილული თუ უხილავი ძალებისა და რუსეთის სპეცსამნსახურების ერთიანი გეგმის საფუძველზე.
როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ქართულმა საჯარისო ფორმირებებმა დაამყარეს კონტროლი ნაწილობრივ ოჩამჩირის რაიონზე, გაგრის ზონაზე, გულრიფშის რაიონზე, სოხუმის რაიონზე და ქ.სოხუმზე, ხოლო სეპარატისტები აკონტროლებდნენ ზემო და ქვემო ეშერას, გუდაუთის რაიონს, ნაწილობრივ ოჩამჩირის რაიონს და ქ.ტყვარჩელს, ქართულმა მხარემ შეტევითი საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა და დაემორჩილა გაეროს ეგიდით და რუსეთის ხელშეწყობით 1992 წლის 3 სექტემბერს ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. (მხედველობაში არ მაქვს ცალკეული ლოკალური ხასიათის ბრძოლები, რომლებიც თან სდევს ხანგრძლივ საომარ მდგომარეობაში მყოფ დაპირისპირებულ მხარეებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც აფხაზეთის ომი ყოფილა). როგორც ცნობილია, აფხაზური მხარისთვის შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ტაქტიკურად მისაღები და ხელსაყრელი იყო, რადგანაც რუსეთის დახმარებით ეძლეოდა დრო და საშუალება გადამწყვეტი ბრძოლებისთვის მომზადებულიყო. ასეც ხდებოდა. როდესაც კი სეპარატისტები რუსეთის დახმარებით ცოცხალი ძალით და შეიარაღებით გაძლიერდებოდნენ, არად დაგიდევდნენ გაეროს რეზოლუციებს, არღვევდნენ მიღწეულ შეთანხმებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იწყებდნენ ფართომასშტაბიან შემოტევებს.
პირველი ასეთი შემოტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების, კაზაკების და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების დახმარებით სეპარატისტებმა განახორციელეს, ცეცხლის შეწყვეტისა და საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულების მიღებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 3-5 ოქტომბერს და დამთავრდა გაგრის აღებით. გაგრის ზონაზე კონტროლის დამყარებას სეპარატისტებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც ალყაში მოქცეულ გუდაუთის აფხაზურ დაჯგუფებას გზა გაეხსნა რუსეთის საზღვრისაკენ, რამაც გაცილებით გაუდვილა კრემლს სეპარატისტების დახმარება ცოცხალი ძალით, შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით. ამას მოყვა ისევ რეზოლუციები და შეთანხმებები, რომლებიც ასევე დაირღვა სეპარატისტების მიერ და 1993 წლის მარტს რიგით მეორე ფართომასშტაბიანი შემოტევა განახორციელეს, ამჟამად უკვე სოხუმზე, რომლის აღებაში გადამწყვეტი როლი, გეგმით ისევ რუსეთის რეგულარულ სამხედრო ძალებს ეთმობოდა. შემოტევა სოხუმზე 15 მარტს დაიწყო და სეპარატისტებმა ორ დღეში სასტიკი მარცხი იწვნიეს. მინდა მკითხველს შევახსენო, რომ იმ დროს, როდესაც კონფლიქტის მოგვარებაში ჩართული რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები ყველა დონეზე ამტკიცებდნენ, რომ ნეიტრალიტეტს იცავდნენ და გაეროს მანდატით აღჭურვილები, მომრიგებლის ფუნქციას ასრულებდნენ, სინამდვილეში 15-16 მარტის ბრძოლებმა კიდევ ერთხელ გამოაშკარავეს რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა სეპარატისტული რეჟიმისადმი. რაც, დასტურდებოდა, სადაზვერვო ინფორმაციებით, ბრძოლების მსვლელობისას რადიოგადაჭერებით და ასევე თავის აღიარებით ჩვენებაში დაადასტურა, ბრძოლების შემდეგ კერძოდ, 31 მარტს სოხუმში, ჩვენს მიერ შპიონაჟის ბრალდებით დაკავებულმა ГРУ-ს ოფიცერმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე სიტნიკოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი, მარტის საომარ კამპანიაში განცდილმა მწარე მარცხმა სერიოზულად დააფიქრა და იძულებული გახადა სოხუმის აღების მორიგ გეგმაში თვისობრივად ახალი კორექტივები შეეტანა. შემტევი საბრძოლო ოპერაციების წარმოება, რომლებშიც აფხაზი სეპარატისტების გარდა ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების და კაზაკების გაერთიანებული ძალების მონაწილეობა იყო გათვალისწინებული, გუდაუთაში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზის შტაბს დაევალა. ხსენებული ოპერაცია 1993 წლის ივლისის დასაწყისში ოჩამჩირის რაიონის ზღვისპირა სოფელ ტამიშში, აფხაზების და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების საზღვაო დესანტის გადასხმით დაიწყო, რომელიც უნდა შეერთებოდა ტყვარჩელის დაჯგუფებას და გაერთიანებული ძალებით გადაეკეტათ ოჩამჩირე-სოხუმის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი. ამით პრაქტიკულად ალყაში ექცეოდა სოხუმი, რომლის აღების მოსამზადებელი ბრძოლები ტამიშის ბრძოლების პარალელურად მიმდინარეობდა და კომანის, ახალშენისა და ცუგუროვკის სტრატეგიული სიმაღლეების დაკარგვით და მათზე სეპარატისტების კონტროლის დამყარებით დასრულდა. ბრძოლები ტამიშთან ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა და მტრის მრავალრიცხოვანი დესანტის მთლიანი განადგურებით დამთავრდა. ამით სოხუმის აღების მორიგი გეგმაც ჩაიშალა, მაგრამ საფრთხე არ მოხსნილა, რადგანაც სოხუმის მიმდებარე სიმაღლეებს უკვე სეპარატისტები აკონტროლებდნენ.
ტამიშთან წარმოებულმა ბრძოლებმა, რომლებშიც აქტიური მონაწილეობა ლოთი ქობალიას შეარაღებულმა ფორმირებებმაც მიიღეს, ნათლად აჩვენეს, რომ ერთიანი ძალისხმევისა და სულისკვეთების შემთხვევაში, სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოვადგენდით და შეიძლებოდა ბევრი რამ ჩვენ სასარგებლოდ შემობრუნებულიყო. პირველ რიგში, უნდა გაგრძელებულიყო ბრძოლები უკვე ტყვარჩელის მიმართულებით და კონტროლი დაგვეწესებინა მასზე. ასევე ერთიანი ძალებით და ორგანიზებულად აღგვედგინა კონტროლი სოხუმის მიმდებარე სიმაღლეებზე, რომლებიც ამ დროისთვის უკვე დაკავებული ჰქონდათ სეპარატისტებს. ამის სანაცვლოდ, 1993 წლის ივლისის ბოლოს, ლოთი ქობალიამ თავისი ფორმირებები შეატრიალა აღმოსავლეთით და აიღო ხობი და სენაკი.
მეოთხე და ბოლო ფართომასშტაბიანი შემოტევის გეგმის შესრულება, რომელიც ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მიერ იყო შემუშავებული, ფაქტიურად 1993 წლის ზაფხულში დაიწყო. განსხვავება ის იყო, რომ კრემლმა, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ სეპარატისტები, მიუხედავად კონფედერატებისა და კაზაკობის დახმარებისა ქართველებთან წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში წარმატებებს ვერ აღწევდნენ, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალები ღიად ვერ ერეოდნენ საომარ მოქმედებებში, მორიგ გეგმაში მის ხელთ არსებული ყველა რესურსი აამოქმედა. პირველი და, რაც მთავარია ხელი შეუწყო მოვლენების ისეთ განვითარებას, რომელმაც აიძულა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება ხელი მოეწერა აშკარად წამგებიან დოკუმენტზე - 1993 წლის 27 ივლისის ცნობილ შეთანხმებაზე. ხსენებული დოკუმენტის ზერელე ანალიზიდანაც კი აშკარად ჩანს, რომ ხელშეკრულების მთელი რიგი პუნქტები, განსაკუთრებით, ჩრდილო კავკასიელი ბოევიკების აფხაზეთის ტერიტორიიდან გაყვანა, ქართულ შინაგან ჯარში აფხაზური შინაგანი პოლკის გაერთიანება, გუდაუთაში მოქმედი ხელისუფლების აფხაზური ნაწილის სოხუმში დაბრუნება და ქართულ მხარესთან ერთობლივი საქმიანობის აღდგენა, იმ დროისათვის იმდენად წარმოუდგენელი და არარეალისტური იყო, რომ ამ ხელშეკრულებას, ისევე, როგორც 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმებას შესრულება არ ეწერა.
ამ აზრს გვიძლიერებდა სხვადასხვა წყაროებისგან, მათ შორის გუდაუთიდან, მოსკოვიდან, გროზნოდან მიღებული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მიუხედავად არძინბაზე აფხაზი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ზეწოლისა, რომლებიც ხედავდნენ რა ომის გამანადგურებელ შედეგებს, მოითხოვდნენ მის შეჩერებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, იგი არავითარ კომპრომისზე რეალურად წამსვლელი არ იყო. პირიქით, სოჭის ხელშეკრულება კიდევ ერთი საშუალება იყო დროის მოგებისა, რათა რუსეთის დახმარებით უფრო კარგად მომზადებულიყვნენ სოხუმის ასაღებად. მით უმეტეს, რომ ამ დროისთვის სოხუმის შემოგარენ სიმაღლეებს, შრომის მიმართულებით უკვე აკონტროლებდნენ.რუსეთი კი მიუხედავად აღებული ვალდებულებისა, რომელიც ითვალისწინებდა უცხო ქვეყნების შეიარაღებული ფორმირებების განიარაღების და აფხაზეთიდან გაყვანის პროცესის ხელშეწყობასა და კონტროლს, პირიქით გეგმავდა სეპარატისტების ცოცხალი ძალითა და სამხედრო შეიარღებით მომარაგების აქტიურ ფაზაში გადაყვანას.
ასე, რომ შექმნილ უაღრესად რთულ სიტუაციაში, როდესაც პრაქტიკულად ყველანაირი რესურსი ამოწურული იყო, ქართულ მხარეს არჩევანიც კი არ ჰქონდა. ამასთან, დღევანდელი გადასახედიდანაც ძალიან ძნელია ცალსახა შეფასება მიეცეს ზემოთხსენებული დოკუმენტის ხელმოწერაზე დათანხმებას. მაგრამ სამწუხარო ფაქტია, რომ უფრო მეტი გარანტიები და რეალური კონტროლის მექანიზმები უნდა მოგვეთხოვა შეთანხმების პუნქტების შესრულებაზე და ბრმად არ უნდა ვნდობოდით რუსულ დაპირებებს.
სოხუმში, გაეროს ეგიდით მიმდინარე ერთ-ერთი ოთხმხრივი მოლაპარაკების დროს, რომელზეც "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების" პუნქტები განიხილებოდა, გაეროს წარმომადგენელმა დასვა კითხვა: თუ რომელიმე მხარე დაარღვევდა შეთანხმებას და განაახლებდა საომარ მოქმედებებს, ვინ აღკვეთავდა დარღვევას. რუსულ დელეგაციიდან გენერალმა შოიგუმ, ისე, რომ არ ჩათვალა საჭიროდ მის გვერდით მჯდომ პასტუხოვთან შეეთანხმებინა, დაუფიქრებლად უპასუხა: ყველა დარღვევას, რომელი მხარიდანაც არ უნდა მოდიოდეს ავღკვეთავთ, მათ შორის საცეცხლე წერტილებსაც გავანადგურებთ ჩვენ, რუსები".
ეს პასუხი ქართული დელეგაციის ზოგიერთ წევრს არ მოეწონა და დაიწყეს შოიგუსთან კამათი. გაკვირვებული გაეროს წარმომადგენლები კამათში არ ერეოდნენ. აფხაზებიც გასუსულები ადევნებდნენ თვალს-ყურს. ამ დროს პასტუხოვი ადგა და თავის წარმომადგენლებთან სათათბიროდ, შესვენება ითხოვა. როდესაც ქართველი კომისიის წევრები ბ-ნ ჟიული შარტავას კაბინეტში გავიდნენ სათათბიროდ, მე გამოვიხმე ბ-ნი ჟიული და ვთხოვე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაერწმუნებინა კომისიის წევრები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო, მისი აღკვეთა რუსეთის მხარისთვის დაევალებინათ, რასაც გაეროც დაუჭერდა მხარს. ბ-ნმა ჟიულიმ კომისიის წევრების დაყოლიება ვერ მოახერხა. მოლაპარაკების განახლების შემდეგ პასტუხოვმა განგებ აარიდა თავი წამოჭრილ თემას და მორიგი საკითხის განხილვაზე გადავიდა. ზემოთხსენებულ მეტად მნიშვნელოვან საკითხს არც სხვები, მათ შორის ქართველებიც არ შეხებიან.
როგორც ცნობილია 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმება და დაიწყო მასირებული შემოტევები გუმისთის, შრომის და ტყვარჩელის ფრონტების ხაზებზე. 10 დღიანი უთანასწორო ბრძოლა, 27 სექტემბერს სოხუმის, ხოლო 30 სექტემბერს აფხაზეთის დაცემით დამთავრდა.

ერთის მხრივ, ეს იყო კრემლის სპეცსამსახურების მიერ წინასწარ ჩაფიქრებული, მისივე შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ შემუშავებული, მზაკვრული მოღალატეობრივი გეგმის ლოგიკური დასასრული, რომელიც ერთობლივად განახორციელეს სეპარატისტების, რუსეთის რეგულარული ჯარების, კაზაკების და ჩრდილოკავკასიელი "კონფედერატების" გაერთიანებულმა ძალებმა.
მეორეს მხრივ, ხსენებულ გეგმაში, თავისი მნიშვნელობით, განსაკუთრებული როლი აუცილებლად ექნებოდა დათმობილი დასავლეთ საქართველოში "დროულად" განვითარებულ მოვლენებს, რომლებზეც ვერავითარი პოზიტიური გავლენა ვერ მოახდინა ზვიად გამსახურდიას მოწოდებამ, რომლითაც მან სოხუმის დაცემამდე 2 დღით ადრე 25 სექტემბერს წალენჯიხის მიტინგის მონაწილეებს მიმართა: „აფხაზეთში ჩვენ მეომრებს უნდა უნდა მოვეხმაროთ, ჩვენი ფრონტი უნდა გავაძლიეროთ, უნდა ვიხსნათ აფხაზეთის ქართული მოსახლეობა, უნდა დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ აფხაზეთი და გადავარჩინოთ ჩვენი ქართველობა, აფხაზეთის ქართველობა.“ სამწუხაროდ არც ამ მოწოდებას და არც სოხუმის დაცემის შემდეგ გალის მიტინგზე გაკეთებულ თითქმის ანალოგიური შინაარსის მიმართვის შესრულებას ლოთი ქობალია და მისი თანამზრახველები არც ფიქრობდნენ. მათ მხოლოდ შევარდნაძის დამხობა აინტერესებდათ და ზვიად გამსახურდია ამიტომაც მოტყუებით ჩამოიყვანეს გროზნოდან. თან ეს პერიოდი ძალიან საჭვოდ ემთხვევა იმ დროს, როდესაც სოხუმში საომარი მოქმედებები განახლებული იყო. ამ დროს, როდესაც განსაკუთრებით გვჭირდრბოდა ყველა ძალების კონსოლიდაცია, ხდებოდა პირიქით, დასავლეთ საქართველოში გახსნილ მეორე ფრონტს ემატებოდნენ სოხუმის და მისი შემოგარენის საბრძოლო პოზიციებიდან მოხსნილი მებრძოლები, რაც ფაქტიურად შეიარაღებული ძალები შუაზე გახლეჩვას ნიშნავდა.. ხოლო მოწოდებებს, რომ აფაზეთში მებრძოლი ქართული საჯარისო ფორმირებები უნდა დამორჩილებოდნენ ლოთი ქობალიას, ისედაც შეთხელებულ და დიციპლინას მოკლებულ სამხედროებში დიდი გაუგებრობა და არეულობა შექონდა.
არ გვინდოდა ძველი იარების გახსენება, მაგრამ რადგან ელექტრონულ თუ ბეჭდვით მედიაში დიდიადგილი ეთმობა იმ ომთან დაკავშირებულ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს, თავი მოვალედ ჩავთვალე,უტყუარ ფაქტებზე დაყრდნობით შევხებოდი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში ლოთიქობალიას მიერ გახსნილ ფრონტს, რომელმაც ფაქტიურად სეპარატისტების მოკავშირის ფუნქცია შეასრულა.
ქვემოთ მომყავს ერთი, რადიოგადაჭერის შედეგად მიღებული დიალოგი ზუგდიდსა (სახმისი "ოდიში") დააფხაზების რადიოსადგურს (სახმისი "ალფა–10) შორის 4230 კგც სიხშირეზე 1993 წლის 2 ოქტომბერს,აფხაზეთის დაცემის მეორე დღეს.

ოდიში:
– ალფა-10 მე ოდიში ვარ.
ალფა-10:
– მიღებაზე ალფა-10 ვარ.
ოდიში:
– გილოცავთ თქვენი ამოცანის შესრულებას, სოხუმისა და ოჩამჩირეს აღებას.
ალფა-10:
– გმადლობთ, გმადლობთ თქვენც ასევე გისურვებთ წარმატებებს, რას აპირებთ შემდგომ?
ოდიში:
– ვემზადებით ქუთაისზე შეტევისთვის.
ალფა-10:
– თბილისი, თბილისი?
ოდიში:
– თბილისზე ჯერ ძალიან ძნელია, იცით რა? თქვენ ძალიან ბევრ მშვიდობიან მაცხოვრებელს ხოცავთ, მათ შორის ჩვენ მომხრეებსაც. და საერთოდ, გალის აღება არ იყო შეთანხმებული.
ალფა-10:
– გავიგე, მაგრამ გესმის აქ რა ხდება, ჩვენი მებრძოლების შეჩერება ვერ შევძელით, ძალიან ძნელი იყო, "ენგურზე უნდა გავიდეთო" ამბობდნენ ისინი. აი ასე იყო თქმული. როგორ გაიგე?
ოდიში:
– კი, კი გავიგე. გააჩერეთ თქვენი მებრძოლები, თორემ დევნილები მოდიან აქეთ, ითხოვენ, რომ დარჩნენ გალში. ამიტომ იძულებულები ვართ მივეხმაროთ მათ. ეს ხელს გვიშლის შევასრულოთ ჩვენი ამოცანები.
ალფა-10:
– ქუთაისი? სწორად გავიგე?
ოდიში:
– დიახ, დიახ ქუთაისი. ჩვენებიდან ბევრმა არ იცის, რა მოლაპარაკებაც იყო , ამიტომ დააწყნარეთ თქვენი ბოევიკები.
ალფა-10:
– კარგი, გავიგე. ისინი ეტყობა არ ემორჩილებიან. ხო, უთხარი ქობალია გამოვიდეს კავშირზე აქ ჩვენი "მეორე" ითხოვს. როგორ გამიგე?
ოდიში:
– ვინ, ვინ?
ალფა-10:
– მე გეუბნები: "მეორე", "მეორე".
ოდიში:
– ა, გავიგე. კარგი გადავცემ. სად არის "გედი"?
ალფა-10:
– აქ არის, აქ.
ოდიში:
– უთხარით, რომ აქ დაბრუნდეს.
ალფა-10:
– კარგი გადავცემ. როდის გამოხვალ კავშირზე?
ოდიში:
– მეტყვიან. იყავით მიღებაზე, მიღებაზე.
ალფა-10:
– კარგი, კავშირის დამთავრება.
ოდიში:
– კარგი, ყოველივე კარგს გისურვებ ძამიკო. კავშირის დამთავრება.
ყოველივე ამის შემდეგ, ადვილად ასახსნელია, რომ სამოქალაქო ომში ჩათრეული საქართველოს ხელისუფლება დიდხანს ვერ გაუძლებდა რამოდენიმე ფრონტზე ერთდროულად საომარი მოქმედებების წარმოებას, თანაც არავითარი გზები არ ჩანდა ომიდან ღირსეული გამოსვლისა. ყველაფერი ისეთნაირად დამთავრდა, როგორსაც ომის დასაწყისში ვერ ინატრებდნენ აფხაზი სეპარატისტები. რუსეთის დახმარებით და ქართველებისვე ხელშეწყობით აუსრულდათ სანუკვარი ოცნება - თითქმის მთელი ქართველობა გამოდევნეს აფხაზეთიდან.

Прочитано : 10


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента