ЭКОНОМИКА

სომხეთი და აზერბაიჯანი „შემთხვევითი ომის“ ზღვარზე (ნაწილი I)

21.11.15 15:32




ომი ლაპარაკის ნაცვლად

1994 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით დასრულდა. მთიანი ყარაბაღი თავისი მიმდებარე ტერიტორიებით ადგილობრივი სომხური ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მას შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არაერთხელ დაირღვა, პერიოდული სროლები და შეტაკებები მიმდინარეობს, როგორც ყარაბაღის ე.წ. „გამყოფი ხაზის" და ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე.



ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამა წლის იანვარში, სომხური ჯარის და ყარაბაღის შეიარაღებული ძალების მხრიდან 10 სამხედრო პირია დაღუპული. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე აზერბაიჯანელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებაც, თუმცა ოფიციალური ბაქო ამ მონაცემებს არ ადასტურებს.

დისკუსია გახსნა რიჩარდ გირაგოსიანმა, რომელმაც განმარტა, თუ რატომ არის საყურადღებო ამჟამინდელი დაძაბულობის ტალღა.

„სამხედრო დაპირისპირების თვალსაზრისით, ამგვარ ესკალაციებში, თავისთავად ახალი არაფერია. ის რაც ნამდვილად ახალია, არის საომარი მოქმედებების მასშტაბი. გეოგრაფიული თვალსაზრისით, შეტაკებების არეალი გაიზარდა და მოიცვა სომხურ-აზერბაიჯანული საზღვრის მთლიანი პერიმეტრის გარკვეული ნაწილები. ასევე, გაიზარდა შეტაკებების ინტენსიურობაც", – განაცხადა მან. „ჩვენ მიჩვეულები ვიყავით იმას, რომ ზავის დარღვევის შემთხვევებს გასროლების რაოდენობის მიხედვით ვზომავდით. სამწუხაროდ, ახლა ესკალაცია იმდენად სერიოზულია, რომ მისი მასშტაბის შეფასება დაღუპული ადამიანების რაოდენობის მიხედვით გვიწევს".

შაჰინ რზაევმა 2014 წლის ზაფხულში მიმდინარე შეტაკებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები ადრეც არაერთხელ მომხდარა, თუმცა მისი თქმით, მიმდინარე სიტუაცია გაცილებით უფრო საყურადღებოა.

„ყოველ წელს, დაძაბულობა ფრონტის ხაზზე ტრადიციულად იმატებს მარტში. მხოლოდ წელს დაიწყო ის უფრო ადრე", – განაცხადა მან. „თუმცა, რასაკვირველია, ინციდენტების რაოდენობა გაიზარდა და ვფიქრობ, რომ ეს ნამვილად არ არის კარგი ნიშანი".

კონფლიქტის დინამიკა და ლოგიკა

დისკუსიის მონაწილეები დაეთანხმნენ ერთმანეთს, რომ ძალადობის მზარდი ტენდენცია საგანგაშოა და არსებობს იმის რისკი, რომ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.

„სამხედრო ტერმინებით თუ ვილაპარაკებთ, ოფიციალური ომის დაწყების ალბათობა ჯერ კიდევ დაბალია. თუმცა, არსებობს შემთხვევითი ომის დაწყების რისკი, რომელიც არასწორი გათვლების მიზეზით შეიძლება მოხდეს", – განაცხადა გირაგოსიანმა.

ტევან პოღოსიანმა აღნიშნა, რომ ამა წლის იანვარში სიტუაციის გამწვავება არ ყოფილა სრული მოულოდნელობა. მისი თქმით, სომხური შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისიდან იმყოფებოდნენ მზადყოფნაში. ოფიცრებს მინიჭებული ჰქონდათ სრული ავტონომია და ისინი დამოუკიდებლად ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს, როდის ეპასუხათ მოწინააღმდეგის შემოტევებზე და როდის მიეღოთ პრევენციული ზომები.

პოღოსიანის აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლების აგრესიულ ტაქტიკაზე გადასვლა ორი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული – პირველი, ეს არის მისი უახლოესი მოკავშირის, თურქეთის მიმართ თანადგომის გამოხატვა სომხების გენოციდის მოახლოებულ ასიწლისთავთან დაკავშირებით და მეორე, საშინაო პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატა, რაც ნავთობზე ფასების ვარდნით არის გამოწვეული.

რზაევი თვლის, რომ არასწორია სიტუაციის წარმოჩენა ისე, თითქოს აზერბაიჯანი არის აგრესორი და სომხეთი – მსხვერპლი, რომელსაც ესკალაციის მიზეზი არ აქვს.

„ეკონომიკური სიტუაცია სომხეთში საკმაოდ რთულია, რუსეთთან ურთიერთობა დაიძაბა და არსებობს უკმაყოფილება ევრაზიული კავშირის ირგვლივ. სომხეთის ხელისუფლებასაც სჭირდება საბაბი საშინაო პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადასატანად," – განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, მსგავს ინციდენტებთან დაკავშირებით აზერბაიჯანისა და სომხეთის შეხედულებებში განსხვავება განპირობებულია იმით, რომ აზერბაიჯანი კონფლიქტს განხსხვავებული პერპსექტივიდან უყურებს.

„სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი თვლის, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა. და რადგანაც ომი გრძელდება, იღუპებიან ჯარისკაცებიც და სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოქალაქეებიც", – ამბობს ის. „მანამ, სანამ სომხური საჯარისო შენაერთები და სომეხი სამხედროები ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებიან, აუცილებლია მოქმედება. ის, რომ ჯარისკაცები იღუპებიან, არის მიმდინარე ოკუპაციის შედეგი. ასეთი მოსაზრება აქვთ აზერბაიჯანში".

სტეფან გრიგორიანის განცხადებით, როდესაც სახელმწიფო საზღვრისა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ თავს იჩენს დაძაბულობა, მისი ინიციატორი ყოველთვის აზერბაიჯანია და მისთვის გასაგებია, რატომაც.

„აზერბაიჯანს სურს შეახსენოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყარაბაღის საკითხი არ არის მოგვარებული და მისი დავიწყება არ შეიძლება, რომ კონფლიქტი არ არის „გაყინული" და დაძაბულობა კვლავაც საკმაოდ დიდია. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს გასაგებია. მსოფლიოს ყურადღება ახლა უკრაინისა და სირიისკენ არის მიმართული და ასეთ ფონზე, ბუნებრივია, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყარაბაღის პრობლემა არ წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს", – აღნიშნა მან.

თუმცა, ექსპერტმა აქვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მსგავსი ინციდენტები კონფლიქტის ზონას ძალიან ძვირი უჯდება.

„სომხეთში, როგორც მინიმუმ, ქრება სიტუაციის დარეგულირების ყოველგვარი ოპტიმიზმი. იზრდება ორმხრივი უნდობლობა და ჩვენც, კონფლიქტის შესაძლო მოგვარების თვალსაზრისით, სულ უფრო ვშორდებით ერთმანეთს", – განაცხადა მან. „ეს არის ამის ფასი. შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ ამ პოლიტიკას, მაგრამ თქვენ და თქვენმა საზოგადოებამ [აზერბაიჯანში] უნდა იცოდეთ ამის ფასი".

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента