სეპარატიზმი და ტერიტორიების ნორმალური ეკონომიკური განვითარება და ზოგადად, ნორმალური ცხოვრება შეუთავსებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სოფლის მეურნეობას ეხება. ოკუპირებული სამაჩაბლო კი, სადაც დღეს სეპარატისტებმა მყარად მოიკიდეს ფეხი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ფორმატში, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ „შთანთქავს“ სეპარატიზმი ნორმალურ ცხოვრებას.n nიმ დროს, როდესაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შედიოდა საქართველოს სსრ-ში (დე იურე და რჩება საქართველოს შემადგენლობაში სამაჩაბლოს სახელით), მისი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სოფლებში ცხოვრობდა და სოფლის მეურნეობას მისდევდა. მთის სოფლებში ძირითადად მეცხოველეობით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო შიდა ქართლის ვაკეების მიმდებარე სოფლებში – მებაღეობით, მევენახეობით, მებოსტნეობით. რეგიონის მოსახლეობა თავადვე უზრუნველყოფდა საკუთარ თავს საკვებით. დღეს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.n nსეპარატისტულმა „დამოუკიდებლობამ“ ცხინვალის რეგიონის სოფლების მასობრივი გაუკაცრიელება გამოიწვია. რეგიონის მკვეთრად შემცირებული მოსახლეობა ძირითადად ცხინვალშია თავმოყრილი. სოფელ ჯავაში, სადაც დამპყრობელთა სამხედრო ბაზაა განთავსებული, რამდენიმე მოსახლე დარჩა. სეპარატისტული რეგიონის მთელი დარჩენილი ტერიტორია პრაქტიკულად დაცარიელებულია, რამდენიმე სოფელში, საუკეთესო შემთხვევაში, მოხუცები ცხოვრობენ, სოფლების უმეტესობა კი მიტოვებულია. ცხინვალის რეგიონში სოფლის მეურნეობა გაქრა, როგორც ფენომენი, ამაზე თავად სეპარატისტული რესურსები წერენ. აი, ერთ-ერთი სეპარატისტული ტელეგრამ-ჩანაწერი თვითგამოცხადებული „რესპუბლიკის“ ეგრეთ წოდებული „სასოფლო-სამეურნეო კომპლექსის“ შესახებ, უფრო სწორად, მის არარსებობის შესახებ:n n„სამხრეთ ოსეთი მიწვეული იყო საერთაშორისო გამოფენაზე „აგროპრომ ურალი“.n nსაინტერესოა, რა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარდგენა შეუძლია სამხრეთ ოსეთს გამოფენაზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ რესპუბლიკაში ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გარედან შემოდის.n nსამხრეთ ოსეთში დღეს არც მემცენარეობაა და არც მეცხოველეობა. რესპუბლიკის აგროინდუსტრიული კომპლექსი თითქმის მთლიანად განადგურდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში. შედეგად, სამხრეთ ოსეთი იძულებული ხდება საკვებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმეტესი ნაწილი შემოიტანოს.n nარსებული ვითარება ეჭვქვეშ აყენებს სამხრეთ ოსეთის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს Agroprom Ural-ის გამოფენაში სრულფასოვანი ექსპონენტის სახით. დიდი ალბათობით, რესპუბლიკის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ სიტყვით გამოვიდნენ ღონისძიებაზე, როგორც სტუმრები, სამაგიეროდ, სახელმწიფო მედია გაჰყვირის, რომ სამხრეთ ოსეთი უკვე მიწვეულია“.n nთავად სეპარატისტებიც აღიარებენ, რომ სოფლის მეურნეობა ბანალურად აღარ აქვთ. ამას მივყავართ იქამდე, რომ ცხინვალის რეგიონში ყველა საკვები უნდა იყოს შემოტანილი რუსეთის ფედერაციიდან და, ლოგისტიკური სირთულეების გამო, იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასები გაცილებით ძვირია, ვიდრე რუსეთში, ზოგჯერ – 1,5-2-ჯერ. იმავდროულად, თავად ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მასიური უმუშევრობაა, ხოლო მათი ხელფასი, ვისაც სამსახურის შოვნაში გაუმართლათ, გაცილებით დაბალია, ვიდრე რუსეთში და მისი მიღებაც გვიანდება. ეს ყველაფერი სამაჩაბლოში ცხოვრებას აუტანელს ხდის და თავად ოსები ტოვებენ ამ ტერიტორიას და გადადიან რუსეთის ფედერაციაში.n nსსრკ-ს წლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე განვითარდა მეცხვარეობა, ვინაიდან რეგიონში საზაფხულო საძოვრები საკმარისადაა. ზამთრისთვის ცხვრებს აჰყავდათ აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ზამთრის საძოვრებზე. მეცხოველეობის ამ დარგს წერტილი დაუსვა სეპარატისტულმა მოძრაობამ და დღეს ცხინვალის რეგიონის მთიანეთში საზაფხულო საძოვრები აღარ გამოიყენება.n nმიტოვებულია სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაღები, ფაქტობრივად, გორის რაიონის ბაღების „გაგრძელება“, რომლებიც საქართველოში ვაშლის, ატმის და სხვა ხილის წარმოების მნიშვნელოვან ნაწილს დღესაც უზრუნველყოფენ. ეს ყველაფერი ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის შემდეგ კვლავ გამოცოცხლდება.n nსამაჩაბლოს უბრალო რეინტეგრაცია დანარჩენ საქართველოსთან მიგვიყვანდა იქამდე, რომ ამ ტერიტორიაზე ცხოვრება მაშინვე გაადვილდებოდა ეხლანდელთან შედარებით. თუნდაც იმიტომ, რომ პროდუქციის შემოტანა არა როკის გვირაბით, არამედ შიდა ქართლის მიმდებარე ტერიტორიებიდან განხორციელდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლისთვის უფრო იაფი დაჯდებოდა.n nდეოკუპაციის შემდეგ, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის პროგრამები გავრცელდება ცხინვალის რეგიონის სოფლის მეურნეობაზე, მათ შორის ის შეღავათები და დოტაციები, რაც სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს აქვთ საქართველოს სხვადასხვა, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში. ამის შემდეგ შესაძლებელია ცხინვალის რეგიონის სოფლის მეურნეობის აღორძინება, საქართველოს ერთიანი აგროინდუსტრიული კომპლექსის ფარგლებში. ოსური სოფლებისთვის შეიძლება მოგვარდეს ფერმერების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის საკითხი. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სამაჩაბლოს სოფლებში ჩვეულებრივ „მუშა ტრაქტორის“ პოვნაც კი დღეს ძალზედ რთულია. აქ არ არის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სარემონტო ბაზა და პრობლემურია რუსეთის ფედერაციიდან როკის გვირაბით საჭირო ტექნიკის გატანა. იგივე ეხება სასუქებითა და მცენარეთა დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას. ამ საკითხების მოგვარების შემთხვევაში, თავად ოსები დაუბრუნდებიან სეპარატიზმისა და ოკუპაციის პირობებში მიტოვებულ სოფლებს.n nვარდენ წულუკიძეn