ЭКОНОМИКА

აფხაზეთის ისტორიული ფესვების წრმომავლობა ნაწილი (მეორე)

20.11.15 19:58



შემდგომ წლებში ვითარება ქვეყანაში შეიცვალა. თურქეთისა და ირანის მიერ გაყოფილი საქართველოს გაერთიანება ვერ მოხერხდა, გამწვავდა ძირითადად გარედან ინსპირირებული შიდაომები. სამეგრელოს ძვირად დაუჯდა რუსი ელჩების მიღება, აგრეთვე თურქების წინააღმდეგ მებრძოლი რუსი კაზაკებისთვის დახმარების აღმოჩენა. ცდილობდა რა სამეგრელოს იზოლირებას რუსეთისაგან, თურქეთმა გააქტიურა მასზე თავისი მოკავშირე მთიელების თავდასხმები. დადიანებთან დაპირისპირებაში შერვაშიძეებიც მთიელებს ეყრდნობოდნენ.

XVII ს. 80-იანი წლების დასაწყისში სამეგრელოს სამთავრო ტახტისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ჩართულმა თავადმა აფხაზეთიდან სავარეხ (სორექ) შარვაშიძემ სწორედ მთიელთა დახმარებით მიაღწია წარმატებას და მდ. ენგურამდე ტერიტორიას დაეუფლა და მას სამეგრელოს მთავრის ტიტულით მართავდა. ვინაიდან მან ვერ შეძლო დანარჩენი სამეგრელოს დაკავება, მდ. ენგურამდე მდებარე მიწები მალე აფხაზეთის ნაწილად გამოცხადდა. დაპყრობილი ტერიტორიის ახლადმოვლენილმა მფლობელებმა, უპირველს ყოვლისა, ქართული თავადაზნაურობისა და სამღვდელოების წარმომადგენლები გაანადგურეს, სასტიკად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლის დიდი ნაწილი მონებად და დევნილებად აქციეს ან ტყვედ გაყიდეს; დაკავებულ ტერიტორიაზე აბაზები, ყაბარდოელები და სხვა მთიელები ჩამოასახლეს: დაანგრიეს ან ფუნქციონირება შეწყვიტეს საუკუნეების განმავლობაში შექმნილმა ქართულმა ეკლესია-მონასტრებმა, მათ შორის ზოგადქართული მნიშვნელობის კულტურულმა ცენტრებმა _ ბიჭვინთის საკათალიკოსო კათედრამ, დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსო კათედრებმა, აგრეთვე ქართული წარწერებით შემკულმა ლიხნის, ანუხვის, ანაკოფიის, წებელის, ქიაჩის, ჭალას (ჭლოუ) და სხვა ეკლესიებმა; ჯერ გაძარცვეს და მერე საერთოდ მოშალეს ბიჭვინთის საკათოლიკოსოს კუთვნილი მეურნეობები. მხოლოდ მდინარეების ენგურ-ღალიძგის მონაკვეთზე, რომელიც XVIII საუკუნის დასაწყისში კვლავ დადიანების გამგებლობაში დაბრუნდა, მოხერხდა ბედიისა და ილორის მოქმედი ტაძრების შენარჩუნება.

აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე კავკასიელი მთიელების გვიან ჩამოსახლების ფაქტი, სეპარატისტული ისტორიოგრაფიის მტკიცების საპირისპიროდ, დაფიქსირებულია XVIII-XIX საუკუნეებისა და უფრო გვიანდელი პერიოდის ქართველ (ვახუშტი ბაგრატიონი, დ. ბაქრაძე, ა. ხახანაშვილი და სხვ.), რუს (ვ.ნ. ტატიშჩევი, ა.ნ. დიაჩკოვ-ტარასოვი და სხვ.) და ევროპელ (პ. – ს. პალასი, ი. კლაპროტი, ფრ. დიუბუა დე მონპერე, ე. სპენსერი და სხვა) ავტორთა შრომებში. აღნიშნული მოვლენის (მთიელთა ჩამოსახლების) თითქმის თანამედროვე, გამოჩენილი რუსი ისტორიკოსი ვ.ნ. ტატიშჩევი (1686-1750წწ.), რომლის შრომებს რუსული ისტორიოგრაფია წყაროს მნიშვნელობას ანიჭებს, წერდა, რომ აფხაზეთი (ავხეთი), მისი აზრით, არის ~სამეგრელოს ჩრდილოეთი ნაწილი, რომელსაც თურქები და ყაბარდოელები ავხაზოსს ეძახდნენ, ჩვენი წინაპრები კი ობეზებს უწოდებდნენ. ამჟამად მისი უმეტესი ნაწილი ყუბანელებითაა დასახლებული.~ ვ.ნ. ტატიშჩევის განმარტებით, ობეზები ჩრდილოეთ სამეგრელოს (აფხაზეთის) უძველესი მაცხოვრებლები ანუ ქართველები არიან. "ივერიელი – იგივე ობეზია", - ამბობს რუსული მატიანე. ყუბანელები კი, რომლებიც აფხაზეთში გვიან შუა საუკუნეებში ჩამოსახლდნენ, რუსული მატიანეების მიხედვით, ჩერქეზულ-ადიღური ტომების წარმომადგენლები არიან. ისინი ნამდვილად ცხოვრობდნენ ყუნაბისპირეთში. ჯერ კიდევ XVI საუკუნის I მეოთხედში ს. გერბერშტეინი თავის სახელგანთქმულ "ჩანაწერებში მოსკოვიის შესახებ" წერდა, რომ აზოვის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ყუბანის გასწვრივ, რომელიც ჭაობს (აზოვის ზღვას – ავტ.) ერთვის, ცხოვრობს აფგაზი ხალხი". იმავე ნაშრომში ვკითხულობთ, რომ "მდ. ყუბანს იქით სამეგრელო მდებარეობს". 1561წ. შედგენილ ჯაკოპო გასტალდის რუკაზე მდ. ყუბანის შუა წელში ნამდვილად არის აღნიშნული Aბცვას რეგი ქალაქით Aცუა (ცხუმის აფსუურ-აფხაზური სახელი). სრუალიად აშკარაა, რომ სწორედ ეს ყუბანელები, როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ვ.ნ. ტატიშჩევი, დასახლდნენ ჩრდილოეთ სამეგრელოში და თან ჩამოიტანეს თავიანთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის სახელიც - Aცუა. კიდევ ერთი ცნობილი რუსი ისტორიკოსი ა.ნ. დიაჩკოვ-ტარასოვი 1905 წელს წერდა: "აფხაზები ყოველთვის როდი მოსახლეობდნენ აქ. მათი გადმოცემები, წეს-ჩვეულებები და მრავალი ისტორიული მონაცემი ადასტურებს, რომ ისინი ჩრდილოეთიდან მოვიდნენ და შეავიწროეს ქართული ტომები, სანამ ენგურთან არ შეჩერდნენ". აფსუა-აფხაზების ჩრდილოეთიდან ჩამოსახლების შესახებ ა.ნ. დიაჩკოვ-ტარასოვი 1903 წელსაც წერდა (აგრეთვე 1909-1910 წლებშიც), თანაც აღნიშნავდა, რომ ეს ჩამოსახლება "მოხდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შესაძლოა, XVI-XVII საუკუნეებში". სავსებით სწორი მოსაზრებაა.

ბევრად უფრო ადრე ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა აკადემიკოსი ფრ. დიუბუა დე მონპერე, რომელიც 1833 წ. აფხაზეთში იმყოფებოდა. ის წერდა იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდებოდა დადიანების სამფლობელო "ზღვის სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით ჯიქეთამდე (ზიხიამდე-ავტ.), როგორ აწამებდნენ მას (სამეგრელოს – ავტ.) მტერთა მუდმივი თავდასხმები და ამ მშვენიერი სანაპიროების გასწვრივ, ერთის მხრივ, ჩერქეზთა, მეორეს მხრივ, თურქთა სისხლიანი ხელი დასეირნობდა. თავადმა დადიანებმა, რომლებიც ორი საუკუნის წინ იძულებული გახდნენ თავიანთი საზღვრები ანაკოფიაში გადაეტანათ, ახლა მდინარე ღალიძგამდე დაიხიეს და აფხაზეთი, ეს ბედკრული ქვეყანა, ისეთივე ველური გახდა, როგორც ამერიკის ტყეები: ყველაფერი ნანგრევებად იქცა, ყველა ეკლესია ჩამოიქცა, ცივილიზაციის ყველა კვალი წაიშალა". ფრ. დიუბუა დე მონპერეს დასკვნას ადასტურებს ის უცილობელი ფაქტი, რომ აფსუა-აფხაზები, სეპარატისტთა მტკიცების მიუხედავად, არიან ქართველთა მიერ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე საუკუნეების მანძილზე შექმნილი ქრისტიანული ცივილიზაციის არა შემოქმედნი, არამედ გამანადგურებლები. აფსუა-აფხაზები ამ ცივილიზაციის შემქმნელები რომ არ არიან, მტკიცდება მათ ენაში ქრისტიანული ტერმინოლოგიის (მათ შორის ისეთი ძირითადი ტერმინების, როგორიცაა ქრისტე, ქრისტიანი, ეკლესია, მღვდელი, ჯვარი, შობა, აღდგომა, ნათლობა და ა.შ.) არარსებობითაც. აფხაზურ ენაში მთელი ქრისტიანული ტერმინოლოგია ლიტერატურული ქართულიდან ან მისი მეგრული დიალექტიდანაა ნასესხები.

ინგლისელი ედმუნდ სპენსერი, რომელიც აფხაზებს რუსეთის შეურიგებელ მტრებს უწოდებს, 1851 წ. აღნიშნავდა: "ისინი ნაწილობრივ ყირიმისა (ყაბარდოს – ავტ.) და ყუბანის ხანებისა და სულთნების ჩამომავალები არიან, რომლებიც თავის ტომებთან ერთად დასახლდნენ ამ ადგილებში". ამრიგად, გვიან შუა საუკუნეებში მდ. ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე სუფთა ქართულ ტერიტორიაზე კავკასიელი მთიელების ჩამოსახლების ფართოდ აღიარებული ფაქტი, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებებით, საბჭოთა ისტორიკოსების ნაწილმა XX ს. 50-იანი წლების ბოლოდან "დაივიწყა", იმდენად აშკარაა, რომ არავითარ ეჭვს არ იწვევს.

XVI საუკუნის მე-2 ნახევრიდან ამჟამინდელი გუდაუთის რ-ნის ფარგლებში, ხოლო XVII ს. ბოლოდან თანამედროვე აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე ადგილობრივი ქრისტიანი ქართველებისა და გაბატონებულ მდგომარეობაში მყოფი ჩამოსახლებული წარმართი თუ მაჰმადიანი მთიელების შერწყმის გზით მიმდინარეობდა დღევანდელი აფხაზი (აფსუა) ერის ფორმირების ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი. ძირითადად იგი XIX საუკუნეში დასრულდა. სხვადასხვა ეთნოსებისა და რელიგიების შერწყმამ თავისებური გავლენა მოახდინა ხალხის რელიგიურ მდგომარეობაზე (ქრისტიანობის, მაჰმადიანობისა და წარმართობის ნაზავი), ზნე-ჩვეულებებზე (დიდწილად საერთოა ქართველებთან). რადიკალური დემოგრაფიული ცვლილებების მიუხედავად, აფხაზეთის მფლობელებად და მმართველებად დარჩნენ ქართველი თავადები შარვაშიძეთა გვარიდან. ისინი არასდროს გამიჯნულან ქართული სამყაროსგან, უარი არ უთქვამთ ქართული ენისთვის, რომელიც იმ ახალ აფხაზეთშიც საქმისწარმოებისა და ღვთისმსახურების ერთად-ერთ ენას წარმოადგენდა. თავის მხრივ, იმერეთის მეფეები აფხაზეთს მუდამ თავიანთ პროვინციად თვლიდნენ, თუმცა მათი ძალაუფლება შარვაშიძეებზე ნომინალური იყო. ქუთაისში შედგენილ და მეფე ალექსანდრე V-ს მიერ 1738 წ. პეტერბურგში გაგზავნილი იმერეთის სამეფოს რუკის (გადაეცა იმპერატრიცა ანა იოანეს ასულს) მიხედვით, აფხაზეთი არის ამ სამეფოს შემადგენელი ნაწილი. იმერეთის მეფე სოლომონ I (1752-1784წწ) აფხაზ-იმერთა მეფის ტიტულს ატარებდა. 1776 წლის 26 აპრილით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში საკუთარ თავს იგი "აფხაზთა, იმერთა, გურიელთა და მთელი ქვემო ივერიის მფლობელად მოიხსენიებს". როგორც ცნობილია, "ქვემო ივერია" ქალაქ ცხუმსაც და მთელს აფხაზეთსაც მოიცავდა.

სამეგრელოს (ოდიშის) მთავრებს, რომლებმაც ასევე დაკარგეს რეალური კონტროლი აფხაზეთზე, არასოდეს უთქვამთ უარი თავიანთი ძირძველი მიწების დაბრუნებაზე. ისინი "ოდიშის – ლეჩხუმის – სვანებისა და აფხაზების მპყრობელად" იწოდებოდნენ. ასეთ ტიტულს ატარებდა, მაგალითად, კაცია II დადიანი (1758-1788წწ.), გრიგოლ დადიანი (1788-1804წწ.) და სხვები. XVIII ს. დასაწყისიდან მდ. ენგურსა და ღალიძგას შორის მდებარე ტერიტორია სამეგრელოს შემადგენლობაში დაბრუნდა და მალე მას სამურზაყანო ეწოდა.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента