ЭКОНОМИКА

რუსები და აფსუები (აფხაზი თუ აფსუა?) (ნაწილი 4 )

20.11.15 20:08




რუსებმა, როგორც ჩანს კარგად იცოდნენ აფსუა-აფხაზების ვინაობა. შემთხვევითი არ არის, რომ XVIII-XIX საუკუნეებში რუსული წყაროები აფხაზებს აბაზინების სახელით მოიხსენიებენ. მხოლოდ მოგვიანებით, ქართულის გავლენით მკვიდრდება ტერმინი აფხაზი1. 1820 წელს, კავკასიის მთავარსარდალი გენერალი ერმოლოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გრაფ ნესელროდესადმი გაგზავნილ წერილში აფსუააფხაზებს ასევე "აბაზინელების" სახელით მოიხსენიებს2.

იმავე საუკუნის ცნობილი რუსი კავკასიისმცოდნე ა. დიაჩკოვტარასოვი სამურზაყანოს შესახებ წერდა: "აფხაზები ყოველთვს არ ცხოვრობდნენ აქ... მათი გადმოცემები და მრავალი ისტორიული ცნობები, აგრეთვე, მათი ადათწესები მიუთითებენ იმაზე, რომ ისინი ჩრდილოეთიდან მოვიდნენ, შეავიწროვეს ქართველური ტომები, შეჩერდნენ ენგურზე, აქ მოხდა აღრევა ორი ერთმანეთისათვის უცხო ტომისა _ მეგრელთა და აფხაზთა, რომელმაც მოგვცა სამურზაყანოს შერეული მოსახლეობა და რომელიც მოქცეული იყო კოდორსა და ენგურს შორის3.



მოგვიანებითაც რუსეთის ხელისუფლებას სწორი ინფორმაცია ჰქონდა აფსუების (ვითომ აფხაზების) წარმომავლობის შესახებ, რაც ხშირად, უნებურად გაიელვებდა ხოლმე რუსული საქმის წარმოებაში. მაგალითად, 1916 წელს შედგენილ სოხუმის ოლქის მმართველის პატაკში აღნიშნულია, რომ "კოდორის უბანი დასახლებულია თითქმის მხოლოდ აფხაზებით, რომლებიც არიან კავკასიელი მთიელები"4. როგორც ჩანს, აფხაზეთის ტერიტორიაზე XIX საუკუნის 60-70-იან წლებში 80 ათასამდე აფსუა ცხოვრობდა. რუსული ადმინისტრაციის პოლიტიკის წყალობით, 70-იანი წლების ბოლოს აფხაზეთიდან გაასახლეს დაახლოებით მოსახლეობის ნახევარი (40000-მდე კაცი).

საერთოდ, ცნობილია აფხაზეთიდან გადასახლების ხუთი "ტალღა": 1840-1841 წწ. _ გენერალ მურავიოვის დამსჯელი ექსპედიცი ის შემდეგ, 1853-1856 წწ. _ ყირიმის ომის, აფხაზეთის სამთავროს გაუქმების (1864 წ) შემდეგ. მაგრამ გადასახლებამ ყველაზე სერიოზული ხასიათი მიიღო 1866 წელს, ლიხნის აჯანყების პერიოდში და განსაკუთრებით კი 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს5.

ომის პერიოდში აფხაზები მოღალატეებად გამოაცხადეს. მათ უკრძალავდნენ სოხუმის მახლობლად 20 კილომეტრის რადიუსში დასახლებულიყვნენ, როგორც არასაიმედო ელემენტები. აბჟუაში (აღმოსავლეთ აფხაზეთში) შეეძლოთ ყოფნა მხოლოდ მდინარე კოდორის გამოღმა; ხოლო ბზიფში (დასავლეთ აფხაზეთში) მდინარე აცწყალის იქით, გაგრამდე6. ზღვისპირა ზონაში აფხაზებს საერთოდ აეკრძალათ ცხოვრება. მთლიანად გაქრა აფხაზური მოსახლეობა წებელდაში, დალში, გუმისთის რაიონში.

მუჰაჯირობის შედეგად, ოსმალეთის იმპერიაში გადასახლებული და არაბულ ქვეყნებში განსახლებული "აფხაზები" იწოდებოდნენ და დღესაც იწოდებიან, როგორც აბაზა. სირიასა და ეგვიპტეში ამ ეთნიკურმა ტერმინმა ჯერ ნისბის (წარმომავლობის სახელი) და შემდეგ ჩვენს დროში კი გვარის ფუნქციაც მიიღო. მაგალითად, ცნობილი ეგვიპტელი დრამატურგი და პოეტი აზიზ აბაზა, კინომსახიობი რუშდი აბაზა და სხვ.

როგორც ჩანს მუჰაჯირები "აფხაზი" ტერმინით მხოლოდ საქართველოში მოიხსენიებიან, ემიგრაციაში კი, იმ სახელით იწოდებიან, რომელი ეთნიკური გარემოდანაც არიან წარმოშობით7.

აფხაზეთში განთავისუფელბული მიწები დაურიგდათ რუსის მოხელეებს და შემდეგში ამ რაიონებში დაასახლეს უცხო ტომის კოლონისტები8. მდინარე ფსოუს მარცხენა სანაპიროზე, ზედ ნაპირთან დასახლდა კოლონისტთა ჯგუფი. მათ დასახლებას დაერქვა ერმოლოვსკი. ამ პუნქტის სამხრეთაღმოსავლეთით 6 კილომეტრზე, მდინარე მახადირის ნაპირზე, გაჩნდა მეორე დასახლება, რომელსაც დაერქვა პილენკოვო. ამ რაიონში წარმოქმნილმა ხუტორებმა და მცირე დასახლებებმა ასეთი სახელწოდებები მიიღეს: კოველევსკოე, ტროიცკოე, ხრისტოფოროვო, როგოჟინო, ტურინოვკა, ბარანოვო, კაზარმა და ა. შ.9

თურქეთიდან გადმოსახლებული პირველი ბერძენი კოლონისტები 1869 წლის თებერვალ-მაისში აფხაზეთის სამ სოფელში _ ალექსანდროვსკოე, გეორგიევსკოე, ოლგინსკოე _ ჩაასახლეს. იმავე წლის ივნისში სოხუმში ჩამოვიდა XIX საუკუნის დასაწყისიდან ტირასპოლის გუბერნიაში მცხოვრები ბულგარელების 62 ოჯახი, რომლებიც ანასტასიევსკოესა და ნიკოლაევსკოეში ჩაასახლეს10.

1892 წელს რუსი მოხელე აფხაზეთში რუსების ჩასახლებაზე აღნიშნავდა: "...ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანები მოითხოვენ, რომ ეს მხარე არა მარტო სახელით მხოლოდ, არამედ მართლაც იქცეს მალე რუსულ მხარედ, რომ აქ მხარდაჭერილი, გაძლიერებული და დაიმედებული იყოს რუსი კაცი. ვისურვოთ ბატონებო, რომ ეს მოხდეს ჩქარა, რომ მძლავრ რუსულ მუცელში მალე მოიხარშოს მთელი აქაური სხვადასხვა ტომობრივი და სხვადასხვა ეროვანი ნარევი და რომ ეს ცა და ეს ზღვა ნამდვილად რუსული იყოს" (ხაზგასმა ჩემია ა. ს.)11.

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ცარიზმი უკვე აშკარად მოქმედებდა, ცდილობდა საქართველოსათვის მოეწყვიტა აფხაზეთი. სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც კი ამ საქმეში უშლიდა ხელს12.

სწორედ, XIX საუკუნიდანვე იღებს სათავეს იმ აზრის პროპაგანდა და დამკვიდრება, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო, შემდეგ _ რომ აფხაზეთი რუსეთია, შემდეგ _ რომ აფხაზეთში შეუძლია დასახლდეს რუსი, კაზაკი, სომეხი და სხვ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქართველი. 1918 წელს დენიკინი ამბობდა იმავეს _ აფხაზეთი საქართველო არაა13.

აფხაზეთის რუსული საერო ხელისუფლება და ეკლესია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ აფხაზეთის ქართველობა ჩქარა გაერუსებინა ან განედევნათ აფხაზეთიდან. ამისათვის არა მხოლოდ რუსულ წირვალოცვას, საქმის წარმოებას და დაწყებით სწავლებას იყენებდნენ, არამედ ადგილზე დარჩენილი აფსუების ნაძირალა პირებსაც, რომლებიც რუსული პოლიტიკის ფეხდაფეხ უკიჟინებდნენ ქართველებს, რომ მათ დაეტოვებინათ თავიანთი სამკვიდრო სახლკარი და გაქცეულიყვნენ აფხაზეთიდან14.

რუსეთიდან აფხაზეთში გადმოსახლებულ მართლმადიდებლებისათვის ხელისუფლება, პირველ რიგში, რუსულ ეკლესიას აშენებდა, რომელიც რეგიონში რუსული კოლონიური პოლიტიკის გატარების ცენტრი ხდებოდა. ასევე, სინოდი ცდილობდა შეემცირებინა საეკლესიოსამრევლო სასწავლებლების რიცხვი და, რაც მთავარია, ქართული ენა გამოედევნა იქიდან. ქართულ ენას დევნიდნენ არა მარტო აფხაზეთიდან, არამედ სამეგრელოდან, სვანეთიდან და სამაჩაბლოდან15.

ქართულ ენას არამარტო გუდაუთაში ავიწროებდნენ ყოველმხრივ, არამედ მთლიანად ქართველებით (მეგრელებით) დასახლებულ გალშიც კი. ქართველმა მოსახლეობამ იმას მიაღწია, რომ საეგზარქოსომ მათ ნება დართო გალის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში სწავლა ქართულად წარმოებულიყო. მაგრამ ეს უფლებაც ფორმალური გამოდგა, რადგან ქართული ენის სწავლება, მხოლოდ ბოლო, მეექვსე გაკვეთილზე დაუშვეს და მალე პროგრამიდან საერთოდ ამოიღეს16.

ხაზგასასმელია, რომ 1810 წელს, როდესაც აფხაზეთის სამთავრო რუსეთის მფარველობაში შევიდა დოკუმენტი დაიწერა ქართულ ენაზე და საერთოდ, აფხაზეთის ხელისუფლების კანცელარიაში მთელი XIX საუკუნის განმავლობაშიც კი საქმისწარმოება მხოლოდ ქართულად ხდებოდა. ასევე, კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიას "აფხაზები" ქართულად მიმართავდნენ.

XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, არცერთი ნაწარმოები, რომელიც დაწერილი იქნებოდა "აფსუა-აფხაზურ" ენაზე17.

ორივე პერიოდის იმპერიული რუსეთი _ ცარიზმი და ბოლშევიკური _ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ენობრივ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებული იყო ქართულ-აფხაზური ლინგვისტიკური კონფლიქტის პროვოცირებაზე. აი, რას ამბობდა ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკის აპოლოგეტი ე. ვეიდენბაუმი: "აფხაზური ენა, რომელსაც არ გააჩნია დამწერლობა და ლიტერატურა, ახლო მომავალში განწირულია გაქრობისათვის. საკითხის არსი იმაში მდგომარეობს, თუ, რომელი ენა შეცვლის მას? ნათელია, რომ მოსახლეობის კულტურული იდეებისა და გაგების როლი უნდა გამოხატოს რუსულმა და არა ქართულმა ენამ. მე მგონია, რომ აფხაზური დამწერლობის დამკვიდრება თვითმიზანი კი არ უნდა იყვეს, არამედ საშუალება, რომელიც შეასუსტებს ეკლესიისა და სკოლის გავლენით ქართულ ენაზე მოთხოვნას და თანდათანობით შიეცვლება რუსული ენით".

"აფხაზური ანბანის" შექმნის კომისიის თავმჯდომარე, მეცნიერი და გენერალი პ. უსლარი მიიჩნევდა, რომ კავკასიის მთის ხალხებს არ შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი დამწერლობა და ლიტერატურა". გენერალი ამტკიცებდა: ტუზემცების წერა-კითხვის ცოდნა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ იმას, რომ მათ გაუადვილდეთ რუსული ენის შესწავლა"17.

როგორც ცნობილია რუსები კავკასიის მოსახლეობას "ტუზემცებს" უწოდებდნენ. მათი აზრით "ტუზემცი" იყო ბუნების მიერ შეცდომით გაჩენილი ბიოლოგიური არსება, რომელსაც არც წარსული ჰქონდა, არც აწმყო და, ბუნებრივია, რომ არც მომავალი ექნებოდა18.

ყოველივე ამას, როგორც წესი სეპარატისტები დუმილით ხვდებიან. სამაგიეროდ, როდესაც საუბარია ენობრივ პოლიტიკაზე, ისინი უაპელაციოდ ადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლებას ლათინიზირებული აფხაზური ანბანის ქართულით შეცვლასთან დაკავშირებით.

გავიხსენოთ, რომ პირველი "აფხაზური" ანბანი შეიქმნა 1862 წელს აფხაზური ენისათვის სრულიად უცხო კირილიცას _ შრიფტით. 1926 წელს აფხაზეთის ასსრ მთავრობამ გააუქმა რუსული გრაფიკის საფუძველზე შემუშავებული "აფხაზური" ანბანი და მის ნაცვლად შემოიღო აკადემიკოს ნ. მარის მიერ შედგენილი ლათინიზებული ანბანი. შემდეგ 1929 წელს შემოღებულ იქნა ანბანი, შემუშავებული ასევე ლათინურის საფუძველზე ნ. იაკოვლევის მიერ. 1938 წელს აფხაზეთში მიიღეს ახალი აფხაზური ანბანი, რომსლაც საფუძვლად ედო ქართული გრაფიკა. ამ ანბანის პროექტის ავტორი იყო აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლი დ. გულია, რომელთანაც ერთად მის შემუშავებაში მონაწილეობდნენ აგრეთვე ქართველი მეცნიერები ს. ჯანაშია და ა. შანიძე. 1954 წელს კი მიღებულ იქნა ახალი (ამჟამინდელი) "აფხაზური" ანბანი რუსულ გრაფიკულ საფუძველზე19.

ჯერ კიდევ 1919-1920 წლებში აფხაზეთის მოსალეობის დიდი ნაწილი რუსულად ლაპარაკობდა. და ეს ხდებოდა არა მხოლოდ საკუთრივ აფხაზეთში, არამედ სამურზაყანოშიც, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მეგრელები შეადგენდნენ20.

როგორც ცნობილია, აფხაზეთის კონსტიტუციის საფუძველზე 1925 წლიდან საქმის წარმოება მხოლოდ რუსულ ენაზე ხდებოდა, არ იქნა გათვალისწინებული რესპუბლიკის ეროვნული შემადგენლობა, დაამცირეს როლი და მნიშვნელობა როგორც "აფხაზური", ასევე ქართული ეროვნული ენებისა21. მხოლოდ 1926 წლის 27 თებერვლის სამთავრობო გადაწყვეტილებით, სახელმწიფო დაწესებულებებში რუსულს უფლებრივად გაუთანაბრეს "აფხაზური" და ქართული22.

———————————————–

1 გ. ანჩაბაძე, ქართულაფხაზური ურთიერთობის საკითხები, თბ., 2006, გვ. 12.

2 იქვე, გვ. 14.

3 ზ. პაპასქირი, ზოგი რამ აფხაზეთის წარსულზე და ქართულაფხაზურ ურთიერთობაზე, "საბჭოთა აფხაზეთი", 1990, 11 მაისი.

4 გ. შენგელია, ქართველი დემოკრატიული ინტელიგენცია რევოლუციურგანმათავისუფლებელ მოძრაობაში (1907-1917 ნწწ.), თბ., 1991, გვ. 98.

5 გ. კოპეშავიძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 4.

6 თ. სახოკია, მოგზაურობანი, ბათუმი, 1985, გვ. 381.

7 ს. ბახიაოქრუაშვილი, აფხაზური გვარსახელები, "ანალები", 2005, #2, გვ. 46.

8 ს. ჯანაშია, შრომები, ტ. VI, გვ. 220.

9 გ. ფიფია, აფხაზეთის ტოპონიმიკის საკითხისათვის, "სახალხო განათლება", 1990, 26 თებერვალი.

10 ბ. ხორავა, დასახ. ნაშრომი, გვ. 78.

11 ბ. ხორავა, დასახ. ნაშრომი, გვ. 85.

12 ს. ცაიშვილი, ლიტერატურული ეტიუდები, თბ, 1984, გვ. 85.

13 ა. სილაგაძე, საქართველო 92, თბ., 1993, გვ. 41.

14 თ. გასვიანი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფსუათა აგრესიული სეპარატიზმის სათავეები, თბ., 2003, გვ. 285.

15 კ. ტოლიაშვილი, რელიგიური მდგომარეობა აფხაზეთში XIX საუკუნის მიწურულს, "კლიო", #14, 2002, გვ. 83.

16 იქვე, გვ. 85.

17 გ. ჟორჟოლიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 1920, სქოლიო 20.

18 იქვე, გვ. 3435.

19 რ. ჯალაღნია, ნ. გოგუა, დ. ქობალია, საქართველო რუსული იმპერიალიზმის სამიზნე, თბ., 2007, გვ. 14.

19 ქართულაფხაზური ურთიერთობის დამახინჯების გამო, თბ., 1991, გვ. 51-52.

20 А. Ментешашвили, Из истории взаимоотношений гузинского, абхазского и остенитского народа, Тб, 1990, с. 102.

21 Б. Е. Сагария, Национаольногосударственное строительство в Абхазии (1921-1931 гг.), Сухуми, 1970, с. 102.

22 იქვე, გვ. 104.

(ავთანდილ სონღულაშვილი)

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента