ЭКОНОМИКА

დიპლომატიური სკანდალი საქართველოსა და სომხეთს შორის

21.11.15 19:42




სომხეთის პარლამენტის სპიკერმა რამდენიმე დღის წინ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლა და ამ შეხვედრაზე "ორ ქვეყანას შორის" ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ამ ინფორმაციას და მასპინძლობის ამსახველ ფოტო მასალას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ინტერნეტგვერდი ავრცელებს, სადაც წერია, რომ "პარლამენტის თავმჯდომარე" ანატოლი ბიბილოვი სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის გალუსტ სააკიანის მიწვევით სამუშაო ვიზიტით მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა. დემონსტრაციულად არამეგობრული ჟესტი და ქართული დიპლომატიის სისუსტე, ასევე მინიშნება იმაზე, რომ ერევანში აღარ აწუხებთ, რა ეწყინება ან რა გაუხარდება თბილისს - ასე აფასებენ ქართველი პოლიტოლოგები ამ ფაქტს.



რა სტატუსით შეხვდა სომხეთის პარლამენტის სპიკერი სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელს და იყო თუ არა ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებული? - "მთელი კვირა" ეცადა, ეს საკითხი გაერკვია, მაგრამ უშედეგოდ.

არასამუშაო დღეების გამო თბილისში არსებულ სომხეთის საელჩოსთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა, გიორგი საგანელიძემ კი კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, მას რაიმე განცხადების გაკეთების უფლებამოსილება არ აქვს, ეს თავად საგარეო უწყებამ ან ელჩმა უნდა გააკეთოს.

ელჩთან დაკავშირება "მთელმა კვირამ" ვერ შეძლო. ხოლო როგორც საგარეო უწყების პრეს-სამსახურის უფროსმა მარიამ ნარჩემაშვილმა განგვიცხადა, ვერც ის დაუკავშირდა ელჩს, სამინისტროში კი ამ ფაქტზე არაფერი იციან და არც კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარის გაკეთება არ ისურვეს არც სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიაშიც, სადაც გვითხრეს, რომ სომხეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ეს არის მთავარი პრინციპი, თავად ეს ფაქტი მათ არ იციან და ამდენად კომენტარს ვერ გააკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ 1-ლ მაისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრისას ანატოლი ბიბილოვმა და მასპინძელმა ორმხრივი ურთიერთობის განვითარებს საკითხი განიხილეს და "ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს გაესვა ხაზი".

მოლაპარაკებისას საუბარი შეეხო ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომეხი ხალხის მასობრივი გაჟლეტის თემასაც და როგორც ბიბილოვი აღნიშნავს, "ოსი ხალხი, რომელიც თავად გახდა საქართველოს მხრიდან გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი, იზიარებს სომეხი ხალხის ამ ტკივილს და დიდ ტრაგედიას".

ბიბილოვი ამბობს, რომ სომხურ-ოსური ურთიერთობები საუკუნეებიდან მოდის. განვითარების ახალი იმპულსი კი მთიანი ყარაბაღის "დამოუკიდებლობის" მხარდაჭერისა და მთიან ყარაბაღსა და სამხრეთ ოსეთ შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ მიიღეს.

უფრო მეტიც, ბიბილოვის განცხადებით, სომხები საუკუნეებია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ისინი "რესპუბლიკის" მოსახლეობის მნიშვნელოვან პროცენტს შეადგენენ, ხოლო "ქართული აგრესიის წლებში ისინი (სომხები) ოსებთან ერთად ომობდნენ სამხრეთ ოსეთის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის".

"ანატოლი ბიბილოვი და გალუსტ სააკიანი შეთანხმდნენ განაგრძონ მუშაობა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის," - წერია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ვებ-გვერდზე.

ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების დამკვირვებლად მონაწილეობას მთიან ყარაბაღში გამართულ დე ფაქტო ნაციონალური საბჭოს არჩევნებზეც.

დიპლომატიური აკადემიის რექტორის სოსო ცინცაძის თქმით, ამ ფაქტს დიპლომატიურ ენაზე არამეგობრული ჟესტი ჰქვია და ეს ქართული დიპლომატიის დიდი სისუსტეა.

სოსო ცინცაძე: "სომხეთს ასეთი პოლიტიკა აქვს - სომხეთი ცალკეა და სტეპანაკერტი - ცალკე. მათი თქმით, მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამიტომ ერევანი პასუხს არ აგებს, რა ხდება სტეპანაკერტში. თუმცა, ის, რომ ახლა უკვე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე იწვევს ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეს და ხვდება, ეს ქართული დიპლომატიის დიდი სისუსტეა და აღმაშფოთებელია.

"ქართულ დიპლომატიას ცხინვალზე ხელი არ მიუწვდება, მაგრამ ერევანზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს. აღშფოთების ადრესატი კი ჩვენი ქალბატონი მინისტრი უნდა იყოს. ქართული დიპლომატია ვერ ახერხებს ნორმალური ურთერთობის დამყარებას თავის უახლოეს მეზობლებთანაც კი. რუსეთს თავი დავანებოთ და ვერ ახერხებს ნორმალურ ურთიერთობას ვერ ერევანთან და ვერც ბაქოსთან.

"თუნდაც ის რატომ არ გვიკვირს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი პატიჟებს ძებნილ სააკაშვილს და მეგობრულ ვითარებაში ღებულობს?! ეს არის კიდევ ერთი მინიშნება, თუ რა დღეში იმყოფება დღეს ქართული დიპლომატია.

"ეს არამეგობრული ჟესტია, ისევე, როგორც ოფიციალური ბაქოს ქმედება იყო არამეგობრული ჟესტი. ერევანშიც და ბაქოშიც ელჩები გვყავს და ისინი ხელფასს იმაში იღებენ, რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს და სომხეთის ხელისუფლების ოფიციალური პირი მეგობრობის დემონსტრაციას არ აწყობდეს საქართველოს სეპარატისტულ რეჟიმთან. ელჩის მოვალეობა ესაა. თუმცა, ელჩს რას ვერჩით, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი არაფერს აკეთებენ და აგერ სახლობანას თამაშს არიან გადაყოლილი", - ამბობს ცინცაძე.

მისი თქმით, ოფიციალურ ვიზიტსა და სამუშაო შეხვედრას შორის ფორმალურად განსხვავება არის, თუმცა, რეალურად - არა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ფაქტი სომხების მხრიდან დემონსტრაციული ნაბიჯია, რაც იმას მიანიშნებს, რომ ერევანში, ისევე როგორც ბაქოში, აღარ აწუხებთ, თუ რა ეწყინება თბილისს.

"დიპლომატების ენაზე "სამუშაო შეხვედრა" ურთიერთობის უფრო დაბალ დონეს ნიშნავს, "ოფიციალურ შეხვედრაზე" მიღება კი - უფრო სხვა, მაღალ დონეს. თუმცა, რეალურად არაფერი განსხვავება არ არის", - ამბობს ცინცაძე.

მისივე აზრით, ოფიციალური ერევანი 22-24 აპრილს გენოციდის 100-წლისთავზე სომხეთში საქართველოდან დაბალი რანგის დელეგაციის ჩასვლის გამოც უკმაყოფილოა და შესაძლოა ეს შეხვედრა ამის გამოძახილი იყოს.

"ერევანი საქართველოდან გენოციდის ოფიციალურად აღიარებას მოითხოვს. ამას საქართველო ვერ გააკეთებს, იმიტომ, რომ ამაზე ბაქოში მყისიერი და ჩვენთვის არასასიამოვნო რეაქცია იქნება. სეპარატისტულ ხელისუფლებასთან ეს დემონსტრაციულად შეხვედრაც ამ უკმაყოფილების ჯაჭვის გაგრძელებაა. სომხები თვლიან, რომ კარგი, გენოციდს არ აღიარებთ, მაგრამ უფრო მაღალი რანგის დელეგაცია უნდა ყოფილიყო ერევანშიო. ამის შესახებ სომხური პრესა ღიად წერდა", - აღნიშნავს ცინცაძე.

თსუ-ს ასოცირებული პროფესორის, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ერევანში მშვენივრად იციან, თუ რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ამაზე საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას. ამიტომ ეს საქართველოს მიმართ კეთილ ჟესტად არ ჩაითვლება.

კორნელი კაკაჩია: "წინა წლებში არ მახსენდება, რომ მსგავსი შეხვედრა მომხდარიყო. მთიანი ყარაბაღის ადგილობრივი ლიდერები აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობენ, მაგრამ ოფიციალურ დონეზე, ისე, რომ სომხეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი შეხვედროდეს, არ მახსენდება.

"ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ კეთილმეგობრობის ნიშანი და ზოგადად, ქართულ-სომხური ურთიერთობების გასამტკიცებლად გადადგმული ნაბიჯი არ არის. გასაგებია, ერევანს ყარაბაღთან დაკავშირებით საკუთარი ინტერესები აქვს და ეს შეხვედრა ყარაბაღთან იყო კავშირში, მაგრამ ოფიციალური წარმომადგენლის მიერ სეპარატისტული ხელისუფლების ასე ოფიციალურად მიღება ქართულ-სომხურ ურთიერთობებს არ წაადგება და ამაზე საქართველოს ხელისუფლებას რეაქცია ექნება.

"ნოტის დონეზე არა, მაგრამ რაღაც საუბარი უნდა შედგეს, თუნდაც ის, რომ სომხეთის ელჩი დაიბარონ. მთლიანობაში მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ჰქონდეს და ეს მეორე მხარეს ეცნობოს".

კაკაჩიას განცხადებით, ძალიან საინტერესო იქნება როგორც საქართველოს საგარეო უწყების, ასევე სომხეთის საელჩოს პოზიცია, თუ რითი ხსნიან ამ ფაქტს.

Прочитано : 1


Напишите комментарии

(В своих комментариях читатели должны избегать выражения религиозной, расовой и национальной дискриминации, не использовать оскорбительных и унижающих выражений, а также призывов, противоречащих законодательству .)

Публиковать
Вы можете ввести 512 символов

Новостная Лента