ანალიტიკა

აფხაზეთი, როგორც კრემლის „ნაალაფევი“. წერდი ღობეზე 'დაკავებულიაო'? ეხლა ელოდე მსგავს წარწერას შენს ღობეზე!

20.01.24 11:15


სასაცილო ამბით დავიწყოთ.

 

აფხაზურ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა "ღია წერილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს":

 

“ღრმად პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმირის ძევ!

 

ჩემი ქვეყანა აფსნი შეძრა 2023 წლის 27-28 დეკემბრის ღამეს აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ რუსეთის ფედერაციის ფედერალურ დაცვის სამსახურს გადასცემოდა განსაკუთრებით ღირებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც აქვს უზარმაზარი ისტორიული, ეკოლოგიური და კულტურული მნიშვნელობა ჩვენი მრავალნატანჯი ხალხისთვის. საუბარია სახელმწიფო აგარაკებზე ქალაქ ბიჭვინთაში, რომელიც მდებარეობს რელიქტური ფიჭვის კორომის ტერიტორიაზე. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება და დაძაბულობა გამოიწვია, რომელიც არ ცხრება.

 

ჩვენ არ გვჯერა, რომ გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კარგ და პარტნიორულ ურთიერთობებს, მიღებულია თქვენი თანხმობით. გვეჩვენება, რომ თქვენს ზურგს უკან გადაიდგა ნაბიჯები, რომლებმაც, სამწუხაროდ, შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენი ორი სახელმწიფოს ინტერესებს. დღეს აფხაზეთის ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად გადასცემს რუსულ მხარეს და გვარწმუნებს, რომ სწორედ რუსული მხარე მტკიცედ მოითხოვდა მის მიღებას.

 

ხელისუფლებასთან უთანხმოება მათ მიერ ბოროტად განიმარტება, როგორც „ანტირუსული განწყობები“, რომლებიც ფაქტობრივად არ არსებობს, აფხაზეთის ხელისუფლება კი ჯიუტად (ამ სიჯიუტის გამოყენება საუკეთესო მიზნებისთვის აჯობებდა) ცდილობს ამგვარი განწყობების ხელოვნურად დანერგვას ჩვენს საზოგადოებაში. აღსანიშნავია, რომ ბიჭვინთაში ამ ტერიტორიას დაახლოებით 180 ჰექტარი უჭირავს და იჯარით არის გაცემული რუსეთის მხრეზე 1995 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით. აფხაზეთში კი ამ სტატუსის შეცვლაზე პრეტენზია არავის აქვს.

 

აფხაზ ხალხს ყოველთვის ახსოვს, რა ფასდაუდებელი დახმარება და მხარდაჭერა გაუწია და აგრძელებს მათ რუსეთის სახელმწიფომ. რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები მაგალითია მთელი მსოფლიოსთვის. იგი ყველას უჩვენებს, რომ დიდ ძალას შეუძლია თავდაუზოგავად, სამართლიანობის გრძნობით, დაიცვას და დაეხმაროს პატარა სახელმწიფოს, რომელიც დაზარალდა სასტიკი ომისგან. უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით და ძალიან ვაფასებთ, რომ სწორედ თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი ასეთ ურთიერთობებს, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთნდობაზე, პატივისცემასა და პარტნიორობაზე.

 

ვიმედოვნებთ, რომ ისეთი გამოჩენილი მსოფლიო ლიდერი, როგორიც თქვენ ხართ, თანაუგრძნობს ჩვენს წუხილს და ტკივილს აფხაზეთის უზარმაზარი დაცული ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით. ჩვენ აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც მხოლოდ თქვენს ავტორიტეტულ სიტყვას შეუძლია შეაჩეროს მზარდი დაძაბულობა და სიტუაციის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება.

 

თანაგრძნობის იმედით

 

ციზა გუმბა

 

აფხაზეთის მოქალაქე

 

2024 წლის 12 იანვარი"

 

ამ წერილმა მწარე ღიმილი მოჰგვარა ბევრ მათგანს, ვისაც გააზრებული აქვს სიტუაცია აფხაზეთში. სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ხომ არაერთხელ უთხრა აფხაზეთის მოსახლეობას, რომ ბიჭვინთის გადაცემის მოთხოვნა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი მოთხოვნაა. და მის მარიონეტებს  არ აქვთ უფლება უგულვებელჰყონ მისი  "თხოვნა". წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უბრალოდ არ იარსებებებენ. აფხაზებს შორის ჯერ კიდევ არიან გულუბრყვილოები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ „პუტინს უჩივლონ და ბიჭვინთა დააბრუნონ“.

 

ამიერიდან ბიჭვინთის დაბრუნება აფხაზებისთვის მხოლოდ საქართველოს ძალუძს. ამგვარ უფლების მქონედ მსოფლიო საზოგადოებაც მხოლოდ საქართველოს აღიარებს, როგორც ქართველი და აფხაზი ხალხების სახელმწიფოს. საქართველომ უკვე გამოაცხადა აფხაზური ბიჭვინთის აფხაზი ხალხისთვის წართმევის დაუშვებლობა.

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი აფხაზი ციზა გუმბასთვის აფხაზური მიწა ძვირფასია, მისთვის საქართველოსა და მოძმე ქართველ ხალხთან ერთად უნდა იბრძოლოს. ეს მისი დაბრუნების ერთადერთი გზაა. თხოვნით მიმართო დამპყრობელთა ლიდერს, რომელმაც შენი სახლი ძალითა და მოტყუებით მიითვისა, რათა „ძალიან არ დაიჩაგრო“ და მის მიერ სანქცირებული „დაბალი დონის შემსრულებლებზე“ ჩივილი, უბრალოდ გულუბრყვილობაა.

 

მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ზოგადად, როგორც კრემლის, ისე რუსეთის ფედერაციის უმაღლესი რანგის და აფხაზეთში უკვე უმრავლესობად ქცეული ჰაი ჩამოსახლების მადა ბიჭვინთით არ შემოიფარგლება. აქ მთავარია დაწყება.

 

კრემლი აფხაზეთს განიხილავს, როგორც თავის "ნადავლს", როგორც "ომში ნაალაფევს". არ ვაპირებს მის დაბრუნებას ტკბილი სიტყვით. ამ დროს კი "ნაალაფევის, სახელად აფხაზეთი, გაყოფა" ახლახან დაიწყო.

 

ეს ზოგიერთ სეპარატისტულ ტელეგრამის არხსაც კი ესმის უკვე. მაგალითად, ABkhazia-CENTER ტელეგრამის არხზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა შემდეგი ინფორმაცია:

 

„ახალი აფეთქება აფხაზეთის პოლიტიკურ დანაღმულ ველზე

 

ხელისუფლების ოპონენტებმა აღმოაჩინეს უძრავი ქონების გაყიდვის ახალი ფაქტი - პანსიონატი სოხუმის რეგიონში, რომელიც რუსის საკუთრება აღმოჩნდა და ამ უკანასკნელმა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტი დაიწყო. რა შეიძლება აღინიშნოს აქ:

 

- პანსიონატი "შიწყვარა" - ხმამაღლა ნათქვამია, აბსოლუტურად დანგრეული საბჭოთა შენობა, ნგრევისთვის განწირული, მაგრამ მიწა უფრო ღირებულია;

 

- სანატორიუმი გადასცეს რუსეთის რკინიგზას (საჩუქრად, სხვა რა ექნათ, აგარაკებით და სანატორიუმებით უნდა გადაეხადათ) და ქონება კერძო მესაკუთრეს გადასცეს;

 

- წერდი ღობეზე "დაკავებულიაო"? ეხლა ელოდე მსგავს წარწერას შენს ღობეზე!...“

 

"დაკავებულია"-სთან დაკავშირებით. აფხაზების უმეტესობას მშვენივრად ესმის, რაზეა საუბარი. იმ დროს, როდესაც ბაგრამიანის ბატალიონის სეპარატისტები და ჰაი ბოევიკები კლავდნენ და აძევებდნენ ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას, მოკლული და განდევნილი ქართველების სახლებსა და ბინებზე წერდნენ „დაკავებულია“.

 

იმ დროს აფხაზებს, სამწუხაროდ, ჯერ არ ესმოდათ, რომ ეს წარწერები „დაკავებულია“ საბოლოოდ მთელ აფხაზეთს მოიცავდა. რომ მათი მიწები, მათი სახლები და ბინები ადრე თუ გვიან ასევე იქნებოდა „დაკავებული“ მათ მიერ, ვინც ძმათამკვლელი ომის პროვოცირებას ახდენდა აფხაზეთის ხელში ჩაგდების მიზნით.

 

ხოლო იმისათვის, რომ აფხაზებს ეჭვიც არ შეეპაროთ მათი მიწის ნამდვილი ბატონ-პატრონის ვინაობაში, რუსეთის ფედერაცია აშენებს ბაზას თავისი საზღვაო ძალებისთვის აფხაზეთში, ოჩამჩირეში, რომელიც 2024 წელს შეიძლება ამოქმედდეს. ამის შესახებ, კერძოდ, სეპარატისტული „უშიშროების საბჭოს“ მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. შამბას თქმით, რუსული ფლოტის განლაგების შესახებ შეთანხმების შესაბამისად: „აფხაზეთმაც აიღო გარკვეული ვალდებულებები და ასევე ასრულებს მათ“.

 

ოკუპანტებსა და მათ სამხედრო ობიექტებთან მიმართებაში აფხაზებს ერთადერთი ვალდებულება აქვთ - იყვნენ „ცოცხალი ფარი“ და მიიღონ დარტყმები, რაც თითქმის გარდაუვალი იქნება რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში. შემთხვევითი არ არის, რომ 2024 წლის 11 იანვარს უკრაინის საზღვაო ძალების სარდალმა ალექსეი ნეიჯაპამ ოჩამჩირეში რუსეთის ბაზასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის „ლეგიტიმური სამიზნე“ და რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „შეუძლიათ“ და აქვთ რუსულ გემებზე დარტყმის ყველა უფლება“, ისევე როგორც სანაპირო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის აფხაზეთში.

 

ხოლო აფხაზების დასაშინებლად, თუ მათ შორის არიან უკმაყოფილოები აფხაზური მიწების ოკუპაციისა და „დაკავების“ გამო, რუსეთი უკვე ატარებს საჩვენებელ „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ აფხაზეთში. ამრიგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცოტა ხნის წინ „ჩატარდა სწავლება იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოსაგერიებლად“. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აფხაზები განაგრძობენ აღშფოთებას იმის გამო, რომ ოკუპანტები აკონტროლებენ მათ მიწას და შეეცდებიან ორგანიზებულად გაუწიონ წინააღმდეგობა, ისინი უბრალოდ განადგურდებიან. „დივერსანტების“ ან „უცხოური აგენტების“ მსგავსად.

 

გიორგი კვინიტაძე

წაკითხულია : 1801


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები