ანალიტიკა

იქნება თუ არა კავკასიაში ფრანგული სამხედრო ბაზა თუ უბრალოდ ფრანგული პოლიგონი?

27.02.24 6:50


მოგეხსენებათ, საფრანგეთი იარაღის გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი და მოთამაშეა. საფრანგეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი პარიზს ნეოკოლონიალური იმპერიის შენარჩუნებაში „ვასალური“ რეჟიმებისა და ყველა სახის მარიონეტული პირების შეიარაღებით ეხმარება. თუმცა, ცნობილია, რომ იარაღი და სამხედრო სტრატეგიები უნდა გამოიცადოს, ასევე საბრძოლო პირობებში „უნდა გაიშვას“.

 

ფრანგები იარაღის გამოცდასთან დაკავშირებით სკანდალში ადრეც გახვეულან, კერძოდ, ბირთვული იარაღისა, რომლისთვისაც საფრანგეთმა მურუროას ატოლი წყნარ ოკეანეში მოაწყო. 1966-1996 წლებში მურუროაში 181 ბირთვული გამოცდა ჩატარდა, რომელიც მთელს მსოფლიოში რეგულარულად პროტესტს იწვევდა. წყნარი ოკეანის ახლომდებარე არქიპელაგის მოსახლეობა აღშფოთებული იყო. წყნარი ოკეანის კუნძულების მკვიდრ მოსახლეობას არ სურდა, რომ რეგიონის ერთ-ერთი კუნძული საცდელ ადგილად გამოეყენებინათ. უფრო მეტიც, საფრანგეთის ბირთვული გამოცდისას საგანგებო სიტუაციებიც იქმნებოდა.

 

ასე მაგალითად, 1979 წლის 25 ივლისს მიწისქვეშა ბირთვული გამოცდები მურუროას ატოლზე ჩვეულებრივ სიღრმეზე ჩატარდა, რადგან მოწყობილობა 800 მეტრიან შახტში ჩაშვებისას გაიჭედა. შედეგად, ათოლის წყალქვეშა ნაწილში 40 სმ სიგანისა და რამდენიმე კილომეტრის სიგრძის ბზარი წარმოიქმნა. ოკეანეში რადიოაქტიური ნივთიერებების მოხვედრის საშიშროება გაჩნდა. საფრანგეთს ამ ინციდენტის შედეგად გამოწვეული რადიოაქტიური დაბინძურების შესახებ მონაცემები ჯერაც არ  გამოუქვეყნებია.

 

როგორც ჩანს, ფრანგებმა იპოვეს ქვეყანა, რომელიც წყნარი ოკეანის კუნძულების მაცხოვრებლებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ არ გააპროტესტებს ფრანგული სამხედრო საცდელი ადგილის ახლომახლო არსებობას, არამედ, პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთელი თავისი ტერიტორია დიდ ფრანგულ სამხედრო პოლიგონად აქციოს. ერთგვარ „მურუროას მიწის ატოლად“. საუბარია სომხეთის რესპუბლიკაზე. მისი მურროას ატოლთან შედარება მით უფრო მიზანშეწონილია, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეისათვის, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე საშიში ბირთვული ობიექტი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობდეს - მოძველებული და ავარიულ-საშიში მეწამორის ატომური ელექტროსადგური.

სომეხი ნაციონალისტები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიაწვდის სომხეთს ყველა საჭირო სამხედრო აღჭურვილობას. ამ განცხადების შემდეგ, საფრანგეთის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნიუს ხელმძღვანელობით მალევე ეწვია დედაქალაქს იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკების მიზნით.

 

სებასტიან ლეკორნიუმ თავის სომეხ კოლეგასთან სურენ პაპიკიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ერევანში თავდაცვის იარაღი გაგზავნა: „უახლოეს მომავალში „ბასტიონის“ ტიპის ჯავშანტექნიკასაც მიეწოდება. საჭიროების შემთხვევაში, მოკლე, საშუალო და შორ მანძილზე სასროლ რაკეტებსაც გადავცემთ“. პაპიკიანმა აღნიშნა, რომ საფრანგეთ-სომხეთის სამხედრო თანამშრომლობა გრძელვადიანია.

 

უკვე ცნობილია, რომ საფრანგეთი სომხეთს შეუქმნის სრულყოფილ საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც სრულად თავსებადია ნატოს სტანდარტებთან. პროგრამა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე ერევანი მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემას „Mistral-ს“ მიიღებს. შემდეგ კი საჰაერო თავდაცვის სისტემებს Crotale-სა და Roland-ს. დასკვნითი ეტაპი სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის SAMP/T შორ მანძილზე საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას გულისხმობს. პარიზი სომხეთს ასევე  სამი GM ​​200 საჰაერო სივრცის კონტროლის რადარს პირველ ეტაპზე მიაწვდის და კიდევ ექვსს მომავალში. 

 

საფრანგეთი ცდილობს სომხეთს იარაღი მიაწოდოს შავი ზღვის ან ირანის ტერიტორიის გავლით. ფრანგული მხარის განზრახვა კი - მიაწოდოს იარაღი ერევანს შავი ზღვის გავლით - აუცილებლად გულისხმობს საქართველოს ჩათრევას სომხების სამხედრო ავანტიურაში. ეს კი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც სომხური ლობის გამო ისედაც აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა - საქართველო შეიძლება იქცეს დიდი რეგიონული სამხედრო დაპირისპირების ასპარეზად.

 

დღეს გარკვეული გარანტია იმისა არსებობს, რომ სომხეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაციაზე პასუხის შემთხვევაში, სომხეთის სახელმწიფო არ აღიგვება პირისაგან მიწისა და ეს გარანტია არის რუსული ჯარების არსებობა მის ტერიტორიაზე. ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას კი სწორედ მათგან სურს თავის დაღწევა.

 

სომხეთმა აშკარად აიღო კურსი თანამეგობრობიდან გასვლისკენ, ზღუდავს ოფიცერთა მომზადებას რუსეთში, და მთელი გუსლიყური დასავლეთისკენ მიმართა. საფრანგეთი იქნება ნატოს წევრი პირველი ქვეყანა, რომელიც სომეხი ოფიცრებისა და სერჟანტების, ასევე სომეხი ტექნიკური სპეციალისტების მომზადებას დაიწყებს სამხედრო სკოლებში სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მოვლაში. 2024 წლის ბოლოსთვის ერევანმა შესაძლოა გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის დახურვის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და იქ ფრანგული სამხედრო ბაზის განთავსებაზე, იგივე ბედი ელის სომხეთში რუს მესაზღვრეებს.

 

ყველაფერი კი ყველაზე ველური რუსოფობიის ფონზე ვითარდება, როცა სომხური სახელმწიფოებრიობის შემქმნელი რუსები ფაქტობრივად გამოცხადდნენ სომეხი ხალხის ყველა უბედურების სათავედ, „თურქებზე უარესებად“, როცა ერევანი მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას თურქეთთან და აზერბაიჯანთან არ ჩქარობს, პირიქით, არავინ მალავს, რომ ფრანგული იარაღის მიწოდება სწორედ ამ ქვეყნების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

 

გამოდის, რომ ოფიციალური ერევანი მეზობლებთან მშვიდობის დამყარებას არ ეთანხმება. ის ფუნდამენტურად იარაღდება მათ წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს არღვევს ალიანსს იმ ძალასთან, რომლის წყალობითაც ქვეყნად არსებობს სომხეთის სახელმწიფო. კატასტროფის გარდა, თანაც ბევრად უფრო დიდი მასშტაბით, ვიდრე მარცხი 44-დღიან ომში, ამას სხვა დასასრული ვერ ექნება. თანაც,  ამჯერად ბრძოლის ველი არა სომხეთის მიერ ოკუპირებული უცხო ტერიტორიები, არამედ თავად სომხური მიწები იქნება.

 

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გარკვევით ისაუბრა სომხეთის იმედებზე საფრანგეთთან მიმართებაში და რუსეთის ფედერაციასთან და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან მისი ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ: „ისინი ხომ მუდმივად იქ, საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან არიან. ამას მოჰყვა განცხადებები: საფრანგეთი დაეხმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებით, სამხედრო სფეროში და ეკონომიკაში. საერთოდ ერევანს ზურგზე შეისვამს და ისე ატარებს. არავინ არავის არ ატარებს. ხომ ხედავთ, რა ხდება საფრანგეთში. ამიტომ, ერევანში პოლიტიკოსები გონს უნდა მოეგონ და, როგორც ხალხი ამბობს, არ დაკარგონ ის, რაც აქვთ“.

 

საფრანგეთს მართლაც კავკასიაში შეძრომა სურს. ამავდროულად ცდილობს „ძალა მოსინჯოს“ და „იარაღი გამოსცადოს“ რეგიონულ კონფლიქტში, სადაც მარიონეტი სომხებისთვის უკვე განსაზღვრა ნაცნობი მსხვერპლის როლი. სომხეთს უბრალოდ „გამოიყენებენ“. თავად სომხეთის სახელმწიფოს გაქრობა პარიზს განსაკუთრებულ პრობლემებს არ მოუტანს. თუ არ ჩავთვლით ასი-ორასი ათასი სომეხი დევნილის განსახლების საკითხს, რომლებიც საფრანგეთში ჩააღწევენ და „გზად“ არ დასახლდებიან რუსეთში, რომელსაც ახლა ასე ვერ იტანენ სომეხი ნაციონალისტები.

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 1927


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები