ქართული კულტურის „ქურდები“ და ისტორიის გამყალბებელნი

03.10.23 0:05


ნაწილი №2

 

სომეხთა მიერ ქართული ტერიტორიების სათავისოდ გადაქცევის ერთ-ერთი საშუალება იყო გრიგორიანული ეკლესიების მშენებლობა თბილისში და მის შემოგარენში, ან უკვე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების გადაკეთება გრიგორიანულ ეკლესიებად როგორც თბილისთან ახლოს, ასევე მთლიანად ქართლში. ეს უკადრისი საქმე სომეხი ნაციონალისტების მიმთვისებლური აქტივობის ერთ-ერთ მთავარ ფორმას წარმოადგენდა.

 

იმდენად, რამდენადაც გარეგნული არქიტექტურული ფორმებით ქართული და სომხური ეკლესიები პრაქტიკულად ერთნაირია (მცირე განსხვავებები მხოლოდ გეომეტრიულ პროპორციებსა და ეკლესიების ინტერიერშია), ამიტომ ძალიან მარტივი იყო ისტორიული ბედუკუღმართობით გაუკაცრიელებულ ქართულ ეკლესიებში ქართული კვალის წაშლა და სომეხთა მიერ მათი დაპატრონება. ეს საქმე მარტივად ,,გვარდებოდა“ ქართული წარწერების მოსპობით ან სულაც ეკლესიათა კედლებში ჩატანებული ქართულწარწერიანი ქვების განადგურებით. მაგალითები უამრავია და მათ აქ, ცხადია, ვერ განვიხილავთ. ქართველ და უცხოელ მეცნიერ-ისტორიკოსებს და მკვლევარებს უამრავი ნაშრომი აქვთ ხსენებულ თემებზე გამოქვეყნებული. მსგავსი პროცესები კი, განსაკუთრებით ინტენსიურად სწორედ ქვემო ქართლსა და ტაო-კლარჯეთში მიმდინარეობდა ადრეც და მიმდინარეობს ახლაც.

 

სომეხი სასულიერო პირების ,,შემოსევას“ საქართველოს მოსახლეობის გრიგორიანულ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის მასობრივი, მეთოდური და გეგმაზომიერი ხასიათი ჰქონდა. ჩვენთვის საინტერესო ისტორიული ქვემო ქართლის ეთნო-კულტურული და რელიგიურ-სულიერი მემკვიდრეობის შესახებ ცნობებს, 1918 წლის 9 ნოემბრის გაზეთი ,,საქართველო” იძლევა, რომელიც რეგიონის ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობას ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირებს:

 

,,ეს კუთხე ოდითგანვე დასახლებული იყო მარტო ქართველის ტომით და 400-ზე მეტი სოფელი ითვლებოდა. ადგილ-მდებარეობაც ქართველ თავად-აზნაურებისა იყო. ამას ჰმოწმობს ისიც, რომ მე-5 საუკუნეში, ვახტანგ გორგასლანმა აქ რამდენიმე დიდი ეკლესია-მონასტერი ააგო და მასთან სამი საეპისკოპოსო კათედრა: ახტალის ვრცელი ტაძარი, გააკეთა ვახტანგ გორგასლანმა და დასვა აქ ეპისკოპოსი და ამის ხელთ იქმნა 120 სოფელი. სიონი ბოლნისისა, ესევე საეპისკოპოსო ტაძარი, რომელთა ეპისკოპოს ბოლნელს ებარა 100- ზე მეტი სოფელი და მისი სამღვდელოება.

 

მანგლისის ვრცელი ტაძარი, საეპისკოპოსო, რომელსაც ეწოდებოდა მანგლელი, რომელსც ებარა 15-ზე მეტი ქართველი სოფლების სამღვდელოება. ახპატის ეკლესია, ვრცელი, გუმბათიანი, აღაშენა ვახტანგ გორგასლანმა. დღეს იგი სომეხთ უპყრიათ. სანაინის ტაძარი, აღშენებული ვახტანგ გორგასლანის შვილისაგან, დღეს უპყრიათ სომხებს“.

 

სტატიაში ნახსენები სანაინისა და ახპატის ეკლესიების სომეხთა მიერ ,,პყრობა”, არა ამ ეკლესიების სომხური სახელმწიფოს ტერიტორიებზე მდებარეობას აღნიშნავს 1918 წლისათვის, არამედ ამ ქართული, მართლმადიდებლური ეკლესიების მონოფიზიტურ ტაძრებად გადაკეთებას და საქართველოს ტერიტორიებზე მცხოვრები სომეხი მრევლის მიერ მათ დასაკუთრებას აღნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ. საინტერესოა, რომ ამ ეკლესიათა ნაწილზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ქართული წარწერები. ნაწილი ქართული წარწერებისა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის მიერ ჩამოფხეკილია, წარწერიანი ქვები კი, მოპარული.

 

ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, არაერთია და ისინი საყოველთაოდაა ცნობილი. იგივე თემის შესახებ, იგივე გაზეთის 217-ე ნომერში კი, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე და გამომცემელი, ისტორიის მკვლევარი-პოპულარიზატორი და ლიტერატორი, ზაქარია ჭიჭინაძე თავის სტატიაში ,,ქართული ნაშთები ბორჩალოს მაზრაში“, წერდა:

 

,,ბორჩალოს მაზრა რომ ძველთაგანვე განუყრელი კუთხე იყო საქართველოსი - ამას ამტკიცებს მრავალი ისტორიული საბუთები. ამ კუთხეში ქართველის მკლავით არის გაკეთებული ძველი ნაშთები... წუღრუღაშენის ტაძარი, მონასტრები, უგუნბათო, მშვენივრად ნაშენი, კეთილ ადგილას, თაღებით. დღეს ხავს-მოდებულია.

 

დმანისის ტაძარი, კათედრა ტაშირისა, მშვენივრად ნაშენი, უგუნბათო. აქ იჯდა ეპისკოპოსი და იწოდებოდა დმანელად. ეს ტაძარი მაშავრის მდინარეზე ძევს, ორბელიანთ მამულში. ვახ. ორბელიანი მიუძღნის მას შემდეგ სტრიქონებს: ,,გაჰქრი დმანისო და დაინთქე უფსკრულსა მიწა, ჩემს სატანჯავად რომ არ იდგე ჩემ თვალთა წინა“-ო. დღეს ეს ტაძარი და მისი მიდამოები ერთი მდიდარი სომხის საკუთრებაა.

 

წალკის ტაძარი, ტურფად ნაშენი, ძველად იჯდა ეპისკოპოსი, რომელიც განაგებდა ტაშირისა და თრიალეთის ქართულ სოფლებს ჯავახეთამდე. ვარდის უბნის მონასტერი, უგუნბათო, კეთილ ადგილას ნაშენი. პირღებულა მონასტერი, კლდეში გამოკაფული, დიდი შენობებით შემკული. ვახუშტის დროს, 1740 წელს, აქ ქართველი არქიმანდრიტი მჯდარა. XII საუკუნეში იგი თამარ მეფემ განაახლა. ქციის ხეობაში ორი ტაძარი, ერთი გუნბათიანი, აღაშენა მეფე მირდატმა. შემუსრა ლანგ თემურმა. მეორე მცირე მონასტერი, რომელიც ვახუშტის დროს, 1740 წელს, იყო ,,ხუცის ამარ“. ქობერის მონასტერი, შესანიშნავი ტაძარი. დღეს ეს სომეხთა საკუთრებაა.

 

ძელი ჭეშმარიტის მონასტერი, ქართველთაგან ნაშენი. ქართველი მეფეები ძელი ჭეშმარიტის ჯვარზე აფიცებდნენ ერეკლეს სამეფოს ერთგულებაზე. დღეს იგი სომეხთა ხელშია. რუსთავის მცირე ეკლესია, რუსთველებისგან აშენებული, ალგეთის ხეობაზედ, სოფელ არაშენდას ახლოს, დღემდე სდგას ქართული წარწერებით. ფიტარეთის ტაძარი, შესანიშნავი თავის ხუროთმოძღვრებით, მხატვრობითა და ადგილმდებარეობით..

 

ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი საინტერესო ძეგლია კირანცის (ქორინჯის) სამონასტრო კომპლექსი. იგი მდებარეობს თავუშის პროვინციაში, სოფელ კირანციდან სამხრეთდასავლეთით 12 კმ-ში. დაარსებულია XIII საუკუნეში. შემადგენელი ნაწილებია 3 ეკლესია, რამდენიმე პორტიკი, სატრაპეზო, სენაკები და დამხმარე შენობები. მონასტერს გარს ერტყა აწ უკვე ნანგრევებად ქცეული დამცავი კედელი, რომლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც მოთავსებულია თაღოვანი კარიბჭე. ნაგებობების უმეტესობა ნაშენებია აგურითა (რაც იშვიათობაა სომხეთში) და სუფთად თლილი ქვით.

 

კირანცის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ეკლესია XIII საუკუნით თარიღდება. იგი წარმოადგენს მართკუთხა ფორმის გუმბათოვან დარბაზს. საკურთხევლის ორივე მხარეს არის ორორი პილონი და თითო გვერდითი კაპელა. ეკლესიას თავზე ადგას რვაკუთხა გუმბათი, რომლის ყელიც გაფორმებულია ექვსქიმიანი ვარსკვლავისა და რომბის ფორმის მოჭიქული ფილებით. ეკლესიის ორი შესასვლელით მომლოცველი შედის კარიბჭის მინაშენში. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მთავარ ეკლესიას ორი ცალნავიანი ტაძარი აქვს მიშენებული. სატრაპეზო, რომელიც აგებულია დაუმუშავებული ქვიშაქვითა და რიყის ქვით, მთავარი ეკლესიისგან ჩრდილოეთით მდებარეობს. იგი წარმოადგენს სამ თაღზე აგებულ კამაროვან დარბაზს. კირანცის მონასტრის სატრაპეზო თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე არსებული შუა საუკუნეების არასასულიერო ხუროთმოძღვრების ძეგლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მთავარი ტაძარი და სატრაპეზო შიგნიდან ფრესკებით ყოფილა დაფარული, რაც სომხური სამონასტრო ხუროთმოძღვრებისათვის არ არის დამახასიათებელი. ამაღლების სცენები გუმბათის ქვედა ნაწილშია დაწერილი, ოთხი მახარებელი კი, აფრებზეა გამოსახული. ფრესკების ფრაგმენტებზე შემონახულია ქართული და ბერძნული წარწერები. ეს ცხადყოფს, რომ მონასტერი ქალკედონურ-მართლმადიდებლური იყო.

 

ეკლესიის შიდა და გარე დეკორაციები აერთიანებს ქართულ და სომხურ ხუროთმოძღვრულ ტრადიციებს. ბერების სადგომებისა და დამხმარე სტრუქტურების ნაშთების გარდა, კომპლექსის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი სასაფლაოც. ნამონასტრალს დღესდღეობით ეს სახელი იმ სოფლის გამო ეწოდება, რომელთანაც იგი მდებარეობს.

 

ქობაირის (ქობერის) მონასტერი - კიდევ ერთი ქართული ტაძარია დღევანდელ სომხეთში. მონასტერი ადრეულ შუა საუკუნეებში ჩანს დაარსებული. ერთი პერიოდი ის ლორეს კვირიკიანთა სამეფო კარის წარმომადგენლების ხელში უნდა ყოფილიყო. XIII საუკუნის შუა ხანებისთვის დედათა მცირე სავანე შანშე მხარგრძელის მეუღლის ხელით სომეხთაგან კვლავ ქართველთა მფლობელობაში გადავიდა - სწორედ იმხანად იწყება ქობაირში აქტიური და ფართო სამშენებლო მოღვაწეობა, შენდება და ფრესკებით იმკობა დიდი ტაძარი, შანშეს სახლის წარმომადგენელთა დასაკრძალავი ეკვდერი, აგრეთვე სამრეკლო, სატრაპეზო, სხვა ნაგებობები.

 

ქობაირში მრავლადაა ვრცელი ქართული საქტიტორო წარწერები, ისევე როგორც ქართულწარწერიანი საფლავები, რომლებიც მხარგრძელთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე აქ მოღვაწე პირებს ეკუთვნის (აქვეა ძალზე საინტერესო ეპიტაფია ლექსად). ქობაირის სამონასტრო კომპლექსს თავის დროზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ხეობიდან ის, ფაქტობრივად, შეუმჩნეველია, ხოლო თავად მონასტრიდან მთელი ხეობის გაკონტროლება შეიძლებოდა.

 

დღეისათვის მონასტერი მნიშვნელოვნად არის შელახული, კომპლექსი დღითიდღე იშლება, ამაზე ირგვლივ გაფანტული ლოდებიც მოწმობს, რომლითაც ოდესღაც ძეგლი იყო აგებული. მონასტრამდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი ნახევრად მიტოვებულ სომხურ სოფელზე გადის. აქა-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილია მონასტრამდე მისასვლელი ქვის კიბის ნაშთები. თავად ძეგლი ზღვა ისტორიულ მასალას რომ იტევს, ეს თვალის ერთი გადავლებითაც შეიმჩნევა. ძლივს შემორჩენილი კედლის ნაშთები, ისევე როგორც ფრესკები, მაინც დიდებული და შთამბეჭდავია. ჩამოქცეულ კედლებზე ჯერ კიდევ კარგად არის შენახული ქართული ასომთავრული წარწერები.

 

სომხები კი, აქ თურქეთიდან მოვიდნენ XIX საუკუნის პირველ ნახევარში და ისინი ამ რეგიონის აბორიგენ მოსახლეობას არ წარმოადგენენ”.

 

ამ რეგიონის შესახებ, გენერალი ილია ოდიშელიძე, თავის ისტორიულ ნაშრომში, ,,საქართველოს საზღვრები“, წერდა: რაც შეეხება ახალქალაქის მაზრას, ან, ქართულად ჯავახეთს, ეს პროვინცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ათასწლეულებში საქართველოს ეკუთვნოდა და არასდროს წარმოადგენდა სომხეთის ნაწილს, თუ არ ჩავთვლით ჩვენი ისტორიის ძალინ მოკლე პერიოდებს, როცა სომეხი თავადები სარგებლობდნენ შექმნილი ხელსაყრელი გარემოებებით და თავიანთი ბანდებით შემოიჭრებოდნენ ჯავახეთში.

 

ჯავახეთში არ არის არც ერთი სომხური ძეგლი, ეკლესია და ა.შ. ეს პროვინცია, ისევე როგორც დღევანდელი ახალქალაქის მაზრა (ქართულად სამცხე ან მესხეთი), ბათუმის ოლქი (ქართულად შავშეთი და აჭარა), ისპირის (სპერის) პროვინცია და ლაზისტანი, თურქებმა XVI და XVII საუკუნეებში დაიპყრეს. ეს პროვინციები ყოველთვის საქართველოს შემადგენობაში იყო, მათი საერთო დასახელება იყო ,,სამცხე-საათაბაგო“ და იგი ერთი პირის მიერ იმართებოდა, რომლის ადგილსამყოფელი ახალციხეში იყო. თურქებმაც ეს პროვინციები ერთ საფაშოდ გააერთიანეს, რომელიც ნახევრადდამოუკიდებელი იყო, მისი მმართველები ჯაყელთა თავადურ ჩამომავლობით გვარს ეკუთვნოდნენ და მათი საგარეო პოლიტიკაც დამოუკიდებელი იყო. ეს მმართველები ქართველები იყვნენ, ხოლო მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რიზა-ფაშა ჯაყელი, ეხლაც ცოცხალია და იგი თურქეთის სენატის წევრია...

 

აზერბაიჯანელი მეცნიერი, აზერბაიჯანის პედაგოგიური უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ამრალი ისმაილოვი აღნიშნავს, რომ სომხები ალბათ მსოფლიოში ერთადერთი ერია, რომელთაც უკვე საუკუნეებია შთააგონებენ შემდეგ იდეებს:

 

ა) კაცობრიობის დანარჩენ ნაწილზე უპირატესობას;

 

ბ) თურქული მოდგმის ხალხების განადგურებას;

 

გ) ევროპის, მცირე აზიის, აგრეთვე თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ჩრდილოეთ კავკასიის, რუსეთის სამხრეთი რაიონების, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიების დიდი ნაწილის დასაკუთრებას;

 

დ) ყველა საშუალებებით სხვა ხალხთა ისტორიული კულტურის მითვისებას;

 

ე) სომეხთა ისტორიის ,,დაძველებას“ და ფალსიფიკაციას;

 

საქმე იქამდეც კი, მივიდა, რომ სომეხი ავტორი, სურენ აივაზიანი წერს, რომ თურმე ,,ღმერთი და სომხები ერთად მოვიდნენ“. ამ მოსაზრებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ სომხები დედამიწის უპირველეს პატრონებად გამოაცხადონ.

 

სტრაბონის დროსაც, პირველი საუკუნის დასასრულს (ქ. წ.) და პირველი საუკუნის დამდეგს (ქ. შ.) ეს კუთხე ჯერ კიდევ სომეხთა ხელში ყოფილა. მაგრამ უკვე 35 წ-ითგან ქ. შ. მოყოლებული, როდესაც ტაციტის სიტყვით იბერიის მეფეები იმდენად ძლიერნი იყვნენ, რომ სომხეთში შემოჭრილ სპარსელებს ებრძოდნენ, და როცა თვით სომხეთშიც კი, ქართველი უფლისწული გამეფდა, ცხადია, მდგომარეობა თვალსაჩინოდ უნდა შეცვლილიყო... პლინიუსის სიტყვებითაც მტკიცდება, რომ თეზი და თრიალეთი მაინც, რომელიც აგრეთვე ფართოდ ნაგულისხმევი გუგარეთის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა, პირველ საუკუნეში ქ. შ. უკვე იბერთ ჰკუთვნებიათ (Natur, his. Cap. VI. §26, ქართველი ერის ისტორია, ტომი I, 60).. (გვ. 112)

 

დავით აღმაშენებლის (1089-1125წ.წ.) მეფობითგან მოყოლებული, საქართველო იმდენად ძლიერ სახელმწიფოდ იქცა, რომ მისი ზრდა შეუჩერებლივ წინ მიდიოდა XIII საუკუნის პირველ მეოთხედამდის. ვითარცა ერთადერთი ძლევამოსილი საქრისტიანო სახელმწიფო მცირე აზიაში, საქართველო მაჰმადიანთა მონობაში მყოფი სხვადასხვა ქრისტიანული ერების მფარველად და მხსნელად იყო.

 

ამავე პერიოდს უკავშირდება სომხების გორსა და შიდა ქართლში ჩამოსახლება ქართული სამეფო კარის მიერ იყო ორგანიზებული. ჩამოსახლების მიზეზები გასაგებია - აღებმიცემობით, ვაჭრობით, ხელოსნობითა და მეწვრილმანეობით მათ საქალაქო ცხოვრების გამოცოცხლებაში უნდა შეეტანათ გარკვეული წვლილი. ეს იყო სომეხთა საქართველოში ჩამოსახლების მეორე დიდი ტალღა.

 

 1118 წლიდან დაწყებული, სომხები ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიებს უკვე აღარასოდეს აღარ ფლობდნენ და შემდგომი რვაასი წლის განმავლობაში, ე.ი. 1918 წლამდე, სომხები უწყვეტად იმყოფებოდნენ თურქი-სელჩუკების, მონღოლების, შუააზიური თურქმანული ტომების, შემდეგ ოსმალების, სპარსელებისა და რუსების ბატონობის ქვეშ და მათ მიერ შექმნილი იმპერიების შემადგენლობაში. უკეთეს შემთხვევაში - სრულ ვასალურ დაქვემდებარებაში. მთელი ამ რვაასწლიანი პერიოდის განმავლობაში ამიერკავკასიაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ სომხებს ეროვნული, რელიგიური, სოციალური და კულტურული კეთილდღეობის ერთი საუკუნე. მაშინ, როცა ისინი მეფე დავით აღმაშენებლის დიდი ძალისხმევით XI საუკუნეში თურქ-სელჩუკთა ბატონობის უღლისაგან განთავისუფლდნენ, ხოლო თამარის ეპოქაში მათ სრულ კულტურულ და სულიერ აღმავლობას მიაღწიეს.

 

დიახ, ,,სწორედ ამ დროს, დავით აღმაშენებლის, დიმიტრი პირველის, გიორგი მესამის და თამარის მეფობაში, როდესაც საქართველომ მცირე აზიაში არზრუმის სულთანს მოახრევინა ქედი, ხოლო სპარსეთში ქ. ყაზვინამდე და გურგანამდე მოაღწია, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე იყო გადაჭიმული, სომხებმა თავისუფლად ამოისუნთქეს. მათ ძლიერი მფარველი ჰყავდათ. შემთხვევითი მოვლენა არ არის, რომ ქალაქ ანისის კულტურული და მოქალაქეობრივი უაღრესი აყვავების ხანა სწორედ ქართველთა პოლიტიკური ბატონობის დროს იყო“.

 

აღნიშნულ საკითხთან კონტექსტში გაზეთ ,,საქართველოს“ 1918 წლის 20 დეკემბრის ნომერში დაბეჭდილ მოწინავე სტატიაში, სათაურით ,,საშინელი ანგარიში“, ბატონი გიორგი გვაზავა წერდა: ,,მას აქეთ, რაც დაინგრა სომხეთის სახელმწიფო და დამარცხებული ერი იძულებული გახდა თითქმის სულ მიეტოვებინა თავისი მიწა-წყალი, საქართველო იყო ერთადერთი მისი თავშესაფარი. მუსულმანობამ დაიპყრო მთელი მცირე აზია, იქ დარჩა მხოლოდ ორი ფრაგმენტი ქრისტიანული კულტურისა - საქართველო და სომხეთი. ამ კულტურულმა სიახლოვემ შვა ზნეობრივი სიახლოვეც და სომეხი მოდიოდა საქართველოში თითქმის როგორც თავის ქვეყანაში. საქართველოს კარი მუდამ ღია იყო მათთვის, ქართველი ერი ძმურად და მეგობრულად ხვდებოდა მათ. სომეხს ხშირად ეჭირა უპირველესი ადგილი სახელმწიფოში. შორს რომ არ წავიდეთ, საკმარისია მოვიგონოთ, რომ ირაკლი მეფემ მისცა სომხებს ზოგიერთი უპირატესობა სამოქალაქო ცხოვრებაში, დაურიგა მიწა-წყალი, დაუთმო ჩვენი ეკლესიები“.

 

 

არჩილ ჩაჩხიანის წიგნიდან „სომხეთ-საქართველოს“ ომი

გაგრძელება იქნება

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები