პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე - ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, ვისაც როდის შეგიძლიათ, მობრძანდით პარლამენტთან

15.04.24 10:00


„ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისა და პროტესტისკენ მოუწოდებს.

 

როგორც დეკანოიძემ პარლამენტში ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს არა მხოლოდ კანონის განხილვა წყდება, არამედ საქართველო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშეა.

 

„მინდა ვთხოვო ყველას და მოვუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ძვირფასო მეგობრებო, შვილებო, დებო, ძმებო - ყველას, ვისაც ნამდვილად აღელვებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. დღეს წყდება არა მხოლოდ კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში, არამედ დღეს ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშეა. ამიტომ, ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ - ვისაც როდის შეგიძლიათ, მობრძანდით საქართველოს პარლამენტთან, ვინაიდან ჩვენი ხმა -საქართველოს მოქალაქეების, თქვენი ხმა, ახალგაზრდების, სტუდენტების, ვისაც ნამდვილად აინტერესებს, სად იქნება საქართველო რამდენიმე წელში, მობრძანდით, გააპროტესტეთ და გააგონეთ თქვენი ხმა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის პარტიას“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

ცნობისთვის, პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს.

 

ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

 

მასთან ერთად განიხილავენ ორი ალტერნატიულ პროექტს - ერთია, "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი და თანმდევი "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე - "გრანტების შესახებ" კანონსა და "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებები.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები