ანალიტიკა

საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?

19.04.24 12:20


საფრანგეთი, ყოფილ აფრიკულ კოლონიებთან აშკარა პრობლემების მიუხედავად, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ თავი დააღწიონ პარიზის მეურვეობას, აგრძელებს ნეოკოლონიალურ იმპერიალისტურ პოლიტიკას. დღეს კი საფრანგეთი აქტიურად „იჭრება პოსტსაბჭოთა სივრცეში“, სარგებლობს რა მცირედი შანსებითაც. ცოტა ხნის წინ, უკრაინაში გაჩნდა ასეთი "შანსი",  თანაც "შემთხვევით".

 

ორწლიანი ომის შემდეგ უკრაინისთვის სულ უფრო რთული ხდება რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასავლეთის სამხედრო დახმარების შემცირების გამო, პირველ რიგში  - ამერიკულისა. საფრანგეთიც ეხმარება უკრაინას, თუმცა საკმაოდ მოკრძალებულად.

 

ეხლა კი, როდესაც აშშ-ში კიდევ ერთხელ "ჩავარდა" უკრაინის დახმარების შესახებ კანონის საკითხი, საფრანგეთმა უფრო დიდი აქტიურობა დაიწყო უკრაინის მიმართულებით. პირველ რიგში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას და გამოთქვა მზადყოფნა გაეგზავნა ფრანგული ჯარები და არა სადმე, არამედ ოდესაში, შავი ზღვის სანაპიროზე „ფრანგული ბაზის“ შესაქმნელად.

 

ფრანგული ჯარები უკრაინაში ძალიან სწრაფად გამოჩნდნენ, თუმცა არა ოდესაში, არამედ ჯერჯერობით დონბასში. ცნობილი გახდა, რომ ფრანგული უცხოური ლეგიონის პირველი ქვედანაყოფი ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა. მე-3 ქვეითი პოლკის ჯარისკაცები უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე მექანიზებული ბრიგადის შემადგენლობაში შევიდნენ.

 

საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ქვედანაყოფების შემოყვანა ფაქტობრივად დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ამას ირიბად მოწმობს ის ფაქტი, რომ 2023 წლის ზაფხულიდან საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ხელმძღვანელი არის უკრაინული წარმოშობის "ფრანგი სამხედრო ვეტერანი". თუმცა მას საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს - 66 წლის კირილ იუშჩენკო.

 

ჩნდება კითხვა: უკრაინის სამხედრო დახმარების შემცირება „შეთანხმებული“ ხომ არ იყო ვაშინგტონის მიერ პარიზთან? რისთვის? იმისათვის, რომ უკრაინამ, რუსეთის მხრიდან ყველა ფრონტზე მკაცრი სამხედრო ზეწოლის პირობებში, აღიქვას ქვეყანაში საფრანგეთის სამხედრო ყოფნა „ხსნად“.

 

ნათელია, რომ უკრაინაში ფრანგული უცხოური ლეგიონის ყოფნა შავ ზღვაზე ოდესაში ფრანგული სამხედრო ბაზის მოპოვების პერსპექტივით ვერ მოეწონება თურქეთს, ქვეყანას, რომელიც უკრაინას საფრანგეთზე მეტად ეხმარება.

 

ამასობაში, „უცნაური დამთხვევით“ უკრაინას სწორედ თურქეთთან აქვს ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა, როგორც შუამავალთან რუსეთთან ურთიერთობაში. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა და უკრაინამ თურქეთის შუამავლობით თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას შავ ზღვაში კომერციული გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შეთანხმების ტექსტზეც კი შეჯერდნენ. Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით კი, "ბოლო მომენტში" უკრაინა მოულოდნელად გამოვიდა შეთანხმებიდან და გარიგება "ჩაიშალა". უფრო მეტიც, ეს „მოულოდნელობა“ რატომღაც დაემთხვა საფრანგეთის უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი დამთხვევები "სრულიად შემთხვევით" ხდებოდეს.

 

საფრანგეთი ბევრად უფრო აქტიური და თავხედია სამხრეთ კავკასიაში შეჭრის მცდელობაში. უფრო მეტიც, ფრანგებმა, როგორც ჩანს, შექმნეს სომხეთის რესპუბლიკის სახით "ფორპოსტი".

 

ამ დროისთვის სომხეთი ფორმალურად არის კუხო-ს წევრი, ანუ რუსეთის მოკავშირე. ამჟამად რუსეთ-სომხური ურთიერთობები სწრაფად უარესდება და უკვე დგება საკითხი სომხეთიდან რუსი მესაზღვრეების და გიუმრის სამხედრო ბაზის გაყვანის შესახებ. სამაგიეროდ სომხეთის რესპუბლიკამ აქტიურად დაიწყო იარაღის ყიდვა საფრანგეთიდან, ნატოს წევრისგან. მიმდინარე წლის თებერვალში ისტორიაში პირველად ერევანში ჩავიდა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი და მასთან ერთად ფრანგი თავდაცვის კონტრაქტორი წარმომადგენლები. სომხეთმა უნდა მიიღოს ჯავშანტექნიკა, სარადარო დანადგარები, ღამის ხედვის მოწყობილობები, სნაიპერული შაშხანები და გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემები. სომეხი ოფიცრების მომზადებას კი საფრანგეთში აპირებენ.

 

ამავდროულად, საფრანგეთი დიდი ხანია ინარჩუნებს აგრესიულ ანტიაზერბაიჯანულ პოზიციას. მაშინაც კი, როცა ხანკენდში სეპარატისტები იყვნენ გამაგრებულნი, საფრანგეთის პარლამენტმა ყალბი სეპარატისტული „არცახი“ აღიარა. საფრანგეთმა მოაწყო ისტერიული შოუ „ლაჩინის დერეფნის ბლოკადის“ ირგვლივ და გაგზავნა „ჰუმანიტარული დესანტი“ რეგიონში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ან იდალგო, ნატალი ლუაზა და სომხეთის სხვა ლობისტები და „არცახის“ სეპარატისტები. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის სექტემბერში აზერბაიჯანის არმიამ საბოლოოდ გაანადგურა ე.წ. „არცახი“, პარიზში კვლავ ფუნქციონირებს ამ არარსებული სუბიექტის ე.წ. „წარმომადგენლობა“! 

 

„არცახის“ ლიკვიდაციის შემდეგ საფრანგეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ანტიაზერბაიჯანული კამპანია ევროკავშირსა და ევროპარლამენტში, ასევე ფრანგულ და მსოფლიო მედიაში. საფრანგეთმა "ტყავიდან გამოძვრა" გაეროს უშიშროების საბჭოში ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციების მისაღებად.

 

არც წვრილმან ანტიაზერბაიჯანულ ბინძურ ხრიკებს ერიდება. 2024 წლის დასაწყისში ვანდალური აქტი განხორციელდა მე-19 საუკუნის ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის, ხურშიდბანუ ნატავანის ძეგლის მიმართ, რომელიც პარიზში აზერბაიჯანის საელჩოს კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე უნდა გადატანილიყო. 

 

საფრანგეთი დივერსიულ აქტივობებს აზერბაიჯანშიც ახორციელებს. 2024 წლის მარტის ბოლოს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალი ნაგიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არა მხოლოდ აქტიურად აიარაღებს სომხეთს, უბიძგებს რა ახალი რევანშისტული ომისკენ ყარაბაღისთვის, არამედ აზერბაიჯანში ჯაშუშურ ქსელსაც ქმნის.

 

ცოტა ხნის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოდან თავისი ელჩი "კონსულტაციებისთვის" გაიწვია. ელჩის გამოწვევის საპასუხოდ, თავის განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ   რეგიონში საფრანგეთის დესტრუქციული აქტივობისა და ამ ქვეყანაში გამეფებული აზერბაიჯანოფობიური ატმოსფეროს შესახებ ისაუბრა.

 

„აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ განუცხადა საფრანგეთს, რომ ჩვენთან მუქარისა და ზეწოლის ენით საუბარი უშედეგოა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანი მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

აზერბაიჯანულ-საფრანგეთის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება ხდება იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთი არის საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი მხარე, ეს სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა შეიმუშავა და პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ეს კანონი მიზნად ისახავს შეზღუდოს საგარეო ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში. ის ითვალისწინებს ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების რეგისტრაციას, რომელთა მიერ მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

 

საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა არეულობაა. კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების წინააღმდეგ  პროდასავლური ოპოზიცია და წამყვანი დასავლური ქვეყნები, პირველ რიგში, საფრანგეთის საელჩოები გამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მოქალაქე, ამჟამად კი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი (საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი) საქართველოში უცხოური (მათ შორის ფრანგული) გავლენის ლობისტი გახდა და ოპოზიციას მხარი დაუჭირა.

 

საფრანგეთს სჭირდება საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაცია, რათა „დერეფანი გაარღვიოს“ საკუთარ „სამხედრო ფორპოსტამდე“ სომხეთში. გარდა ამისა, საფრანგეთი უკრაინის გავლით „შავ ზღვას ესწრაფვის“, რამაც შეიძლება სერიოზულად გაართულოს სიტუაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჰიპოთეტური „სამხედრო დერეფანი“ საფრანგეთი - უკრაინა - შავი ზღვა - საქართველო - სომხეთი ამ შემთხვევაში ხელს შეუშლის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობას და შუა დერეფნის გასწვრივ ტრანზიტის განვითარებას, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის.

 

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 802


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები